fbpx

თავშესაფარი ბარსელონას სახურავებზე


გააზიარე სტატია

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანო უკვე წლებია ესპანეთში ცხოვრობს. თანამშრომლობს რამდენიმე სააგენტოსთან როგორც მსახიობი, წერს ექსპერიმენტული თეატრისთვის ტექსტებს, ნოველებს, მეგობრებთან ერთად აკეთებს ინტერნეტპლატფორმა “რევიუს”. ამჯერად კი კატალონიის დედაქალაქში თვითიზოლაციაშია და თავისი ძალიან საინტერესო დღიური გამოგვიგზავნა.

 

კარანტინის 24-ე დღეს გოთიკურ კვარტალში, ფერანის ქუჩაზე, სწორედ იმ სახურავზე ვზივარ, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ და ვცდილობ თანმიმდევრულად აღვიდგინო გასული დღეების ამბები. მიჭირს, რადგან დროში გაბნეულივით ვარ და მხოლოდ ფრაგმენტები მიტრიალებს ფოტოსინთეზივით.

პირველი კვირა საინფორმაციო ისტერიკით დაიწყო – ახალი ამბების პორტალები, სტატიები, ინტერვიუები, შეთქმულების თეორიები, ანალიზები, სტატისტიკა, რომელიც ბოლო 24 საათში გარდაცვლილებსა და ინფიცირებულებს ითვლიდა… ვითვლიდი მეც, რადგან რამდენიმე ქართული ტელევიზიისთვის მომიწია მემუშავა და ინფორმაცია უნდა მქონოდა. პარალელურად ყოველდღიური ზარები აქვე, ესპანეთსა და ასევე იტალიაში (სადაც სტუდენტობა გავატარე და  7 წელი ვიცხოვრე, შესაბამისად, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს). ვნერვიულობ მათზე, განსაკუთრებით ახლა, როცა ყველაზე კრიტიკული დღეები უდგათ…

“გუშინ ბაბუ გარდაიცვალა..!” მეუბნება ლაურა მაფიძოლი, ჩემი ვენეციელი მეგობარი… რომელმაც ზუსტად ორ კვირაში   ჯერ ბაბუა დაკარგა, მერე ბიძა…

მარკოს ბებო გარდაეცვალა. ქალბატონი ფრანჩესკა მარტოსულობაში დაიღუპა, ბოქსირებულ ოთახში, შემდეგ კი ყოველგვარი ცერემონიალისა და გამომშვიდობების გარეშე დაწვეს. ასე ყოველდღიურად მიდიან ბებიები და ბაბუები, თაობები და თან მიაქვთ მეოცე საუკუნის რომანტიკული თუ ბოჰემური ისტორიები, რომელთაც  პირადად მე დიდი სიამოვნებით ვისმენდი…

სიკვდილზე ფიქრი ხშირად არ მაწუხებდა, თუმცა არაერთხელ მიფიქრია, რომ ყოველგვარი შიში საბოლოოდ სიკვდილის შიშია, დანარჩენი “ზიზილ-პიპილოები”, რასაც თავის შესაქცევად იგონებდნენ, საუკუნეების განმავლობაში მოწყენილობისგან გასაქცევად შეუქმნიათ; ჰოდა ახლა მეც, დანარჩენი მილიონებივით, სიკვდილის შიშით შეპყრობილი და მოწყენილი აღმოვჩნდი სახლში და ძალიან ცოტა რამ აღმომაჩნდა თავის გასართობი ამ ჩაკეტილ ოთხ კედელში.

ეს იყო დღეები, როდესაც სარისკო საათებს ვითვლიდი. ადგილობრივი ექიმი-ეპიდემიოლოგი, რომელთანაც ტელევიზიისთვის ინტერვიუ ჩავწერე, 5 დღეში პოზიტიური აღმოჩნდა. ერთდროულად ამტკივდა თავი, ყელი, დავიწყე ყოველ საათში სიცხის გაზომვა, ასე დაახლოებით 14 დღე უნდა მომეცადა, სანამ რამე სიმპტომი გამომივლინდებოდა, აღარ გავდიოდი არც ნაგვის გადასაყრელად და მით უმეტეს, არც სუპერმარკეტში…

შარშან დაწყებული წიგნის, “კაროლინას” წერა განვაახლე ერთი კვირის თავზე. ფსიქო-სექსუალური კრიზისი, რომელიც განქორწინების ზღვარზე მყოფ წყვილს ეხება, კარანტინში გადავიტანე. ზუსტად 2 დღეში კაროლინას, მის ქმარს, პაკოს და მალე მეც ისეთი ნერვიული აშლილობა დაგვეწყო, რომ გვეჩვენებოდა დილის 5 საათზე ტუალეტში მოსაშარდად შესული ზედა სართულის მეზობელი  შენობას ანგრევდა, ხოლო ქუჩების სადეზინფექციოდ გამოსული დასუფთავების მანქანები ცუნამს იწვევდნენ.

მერე გადავწყვიტე ხულიო კორტასარის “Queremos tanto a Glenda”  ესპანურად წამეკითხა, არც ამაზე მეყო ნერვები, ვერც ფროიდის ფსიქოანალიზთან და იუნგის ნევროზებთან დაბრუნებამ მიშველა და გავჩერდი… დარჩა სერიალები რომელთაც მათი დრამატიზმის მიხედვით ვირჩევდი, რათა ჩემი “აპოკალიფსური მოლოდინი” გადამეფარა. 

14 დღე გავიდა. არანაირი სიმპტომი არ აღმომაჩნდა. 

ახლა აღარ ვუყურებ კალენდარს, არ ვაყენებ მაღვიძარას, აღარც ფოსტას ვამოწმებ,  სადაც ძირითადად სხვადასხვა სააგენტოსგან კასტინგების განრიგი ან სამსახურის ვაკანსიები მომდიოდა; სამაგიეროდ, ვუყურებ ანტონიო პიეტრანჯელის, ერიკ რომერის, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებს, უკვე მერამდენედ, თავიდან, თითქოს ამ შენელებულ დროში მათი რიტმი ყველაზე კარგად ესადაგება მიმდინარე დღეების დინამიკას… 

ეს ღამით, როცა ვერ ვიძინებ. მძინავს დილის 6 საათიდან შუადღის 15 საათამდე. კილოგრამობით ვჭამ ბოსტნეულსა და ხილს ვიტამინებისთვის… ვერთვები ონლაინ ვარჯიშებში, მაგრამ ესეც რუტინაა.

სამაგიეროდ, დავიწყე მეზობლების თვალთვალი, როგორ გამოდიან აივნებზე, მღერიან, ერთმანეთს ეფერებიან, უკრავენ… ბოლო დღეებში, რაც ტემპერატურამ 20 გრადუსს მიაღწია, ჩემი თავშესაფარი გოთიკური კვარტლის ექვსსართულიანი შენობის სახურავები გახდა, რომლებიც თავისდაუნებურად გადაიქცნენ ტერასებად…

მზესთან ასე ახლოს, სხეული რომ გითბება, სიკვდილის შიში სადღაც ქრება და ბრუნდება განცდა, თუ რა მშვენიერია სიცოცხლე და რამდენად ღრმაა ადამიანად არყოფნის სევდა. მაგონდება ლაურას ბაბუა და მარკოს ბებია, ახალგაზრდობაში ალბათ როგორ ერთობოდნენ სახურავებზე, ჩვენ კი იძულებით ვაფარებთ თავს. ჩუმად ვემშვიდობები მათ მთავარი კათედრალის სამრეკლოს ზარებთან ერთად, რომელიც ახლა ყოველ საათში ისმის. 

ზემოდან ვუყურებთ ქალაქის ცარიელ ქუჩებს, ერთმანეთს ვუღიმით და იმედით სავსე თვალებით  შევცქერით, რომ მალე ისევ დავბრუნდებით იქ, ქვემოთ, რათა ეს აუტანელი სიჩუმე დავარღვიოთ.

გაბრიელ ნაპოლეონე

ბარსელონა, 2020 წლის კარანტინი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.