fbpx

ალმოდოვარის დღიური თვითიზოლაციიდან, მე-2 ნაწილი: უორენ ბიტი, მადონა და მე


გააზიარე სტატია


დღიურის მეორე ნაწილში ესპანელი რეჟისორი 17 დღის მანძილზე სახლის პირველად დატოვების განცდას აღწერს და მადონას, უორენ ბიტსა და “ოსკარების” ცერემონიას იხსენებს.

ორშაბათ საღამოს, როცა კარანტინის ზომები გამკაცრდა, კლაუსტროფობიის სიმპტომებმა პირველად  შემომიტიეს. როგორც ჩანს, დაიგვიანეს, რადგან კლაუსტროფობიითა და აგორაფობიით ყოველთვის ვიყავი შეპყრობილი. ვიცი, რომ ეს პათოლოგიები ურთიერთსაპირისპიროა, თუმცა პარადოქსულობა ჩემი სხეულის ერთ-ერთი მახასიათებელია, რაც ყოველთვის ასე იყო.

იმ ღამეს ვცოდი, რომ მეორე დღეს გარეთ აუცილებლად გავიდოდი. თავი ისე ვიგრძენი, თითქოს წინასწარგანზრახული დანაშაული უნდა ჩამედინა. თითქოს თავს აკრძალული სიამოვნებით ტკბობის უფლებას აძლევ და არაფერს აკეთებ ამის თავიდან ასაცილებლად. ეს ყველაფერი იაფფასიან ლიტერატურას ჰგავს, რაც არის კიდეც, მაგრამ მე ამაში შინაპატიმრობის მიერ გამოწვეულ ეფექტს ვადანაშაულებ.

ყველაფერი მინიმალურად დავგეგმე: წავიდოდი საკვების საყიდლად, მხოლოდ იმისთვის, რაც ნამდვილად მჭირდება, რადგან მარტო ვცხოვრობ. სამშაბათს დილით, როცა გასასვლელად ვემზადებოდი, ვიგრძენი, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი: ვიცვამდი! უკვე ჩვიდმეტი დღე იყო გასული, მას შემდეგ, რაც ეს არ გამიკეთებია, მე კი ამ პროცესს ყოველთვის ინტიმურად და განსაკუთრებულად მივიჩნევდი.

მახსენდება ჩაცმის სხვადასხვა შემთხვევები – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებიც ჩემს მეხსიერებაში ამ დრომდე შემორჩა. მაგალითად, 1980 წელი, როცა ლოპე დე რუედას ქუჩაზე კინოთეატრ Peñalver-ში  პეპი, ლუსი, ბომი და სხვა გოგონების”  პრემიერისთვის ვემზადებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კინოთეატრით მხოლოდ ფილმების განმეორებითი ჩვენებების მიზნით სარგებლობდნენ, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს პრემიერა ლოს-ანჯელესის კოდაკის თეატრში იმართებოდა. ეს იყო კომერციული ჩვენება და პირველი შემთხვევა, როცა ჩემი ფილმი მაყურებლებთან ერთად ნამდვილ კინოთეატრში ვნახე. გადაჭედილ დარბაზში ხალხი ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ წელიწად-ნახევრის განმავლობაში შექმნილ ნამუშევარს უყურებდა. ვინც დარბაზში ბოლომდე დარჩა, ბევრი იხალისა.  მახსოვს, მაშინ წითელი ატლასის ქურთუკი მეცვა, რომელიც ლონდონში, პორტობელოს ბაზარში მქონდა შეძენილი.

ჩაცმა ყოველთვის არაა წინასწარ ჩაფიქრებული გეგმის ნაწილი ან, უბრალოდ, ადამიანებს ეს არ ახსოვთ. მახსოვს, “პეპის” პრემიერიდან 2 წლის შემდეგ, La Movida-ს პერიოდში, განზრახ ჩავიცვი ნაცრისფერი კოსტიუმი მოკლე საყელოთი, რათა მალასანიას უბნის ბარში წავსულიყავი. ბარს ერთი ბიჭი მართავდა, რომელიც ძალიან მომწონდა. არასდროს მიყვარდა ასეთი საყელოები – ღაბაბის დაფარვის მიზნით, ყოველთვის მაღალსაყელოიან პერანგს ვიცვამდი.  იმ დღიდან ჩემი კოსტიუმი დამამახსოვრდა, რადგან ეს ბიჭი მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და დიდი კვალიც დატოვა მასზე.

მახსოვს, 1989 წელს ჩემთვის პირველ “ოსკარის” ცერემონიაზე ანტონიო ალავარდოს იისფერი აბრეშუმის კოსტიუმი და მეტალით გაფორმებული კოჭამდე ჩექმები (როგორებსაც ახლა ლაბუტინი ქმნის) მეცვა. მაშინ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ჩემი და კარმენ მაურას ურთიერთობა კი ნაწილებად დაიმსხვრა, თუმცა ლოს-ანჯელესში მოგზაურობა ჩემთვის მაინც სასიამოვნო მოგონებად დარჩა.

ცერემონიამდე 4-5 დღით ადრე ჯეინ ფონდას სახლში ვისადილეთ. იგი შეპყრობილი იყო ჩემი ფილმის,  “ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე”  რიმეიქის გადაღების იდეით. სადილზე ფონდამ რამდენიმე ადამიანი მოიწვია.  მათ შორის იყვნენ ანჟელიკა ჰიუსტონი და ჯეკ ნიკოლსონი  – ჯეინ ფონდას მაშინდელი პარტნიორი. შერი ისე ბუნებრივად გამოიყურებოდა, ვერ შეატყობდით, მაკიაჟი თუ ჰქონდა გაკეთებული. იგი იმაზე უფრო ლამაზი, საყვარელი და დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

იქ იყო მორგან ფეირჩაილდიც. დიახ! (ვფიქრობდი, შემდეგი სტუმარი სიუზან ზონტაგის მსგავსი ვინმე იქნებოდა) სასიამოვნოდ გავოცდი,  რადგან მეგონა, რომ ფეირჩაილდი დანარჩენებთან შედარებით უფრო “დაბალ ლიგას” წარმოადგენდა (თუმცა „ფლამინგოს გზასა“ და „ფალკონ კრესტში“ მონაწილეობა პატარა მიღწევა საერთოდ არ არის). ჯეინ ფონდამ, სავარაუდოდ, შენიშნა ჩემი გაოცება და მითხრა, რომ მორგან ფეირჩაილდი მასზე არანაკლები ფემინისტი იყო და მასთან ერთად დემონსტრაციებშიც კი მონაწილეობდა.



ჯეკისა და ქალი სტუმრების ენერგიის დამსახურებით არაჩვეულებრივი საღამო გავატარეთ. უამრავი ფოტო გადავიღეთ როგორც ერთად, ასევე  ჯეინის მამის, ჰენრი ფონდას ნახატებთანაც, რომლებიც კედლებზე იყო ჩამოკიდებული.

მეორე დილას სასტუმროში ტელეფონმა დამირეკა. ქალის ხმა იყო. ცდილობდა თავის ხმის ეფექტურობა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ მისი ხმა ჩემზე გავლენას მოახდენდა: გამარჯობა, მადონა ვარ. ფილმ “დიკ ტრეისიში
მიღებენ და მინდა გადასაღები მოედანი დაგათვალიერებინოთ. დღეს არ მაქვს გადაღება და შემიძლია, მთელი დრო თქვენთან ერთად გავატარო.

არსებობდა შანსი, რომ ეს მადონას ნაცვლად ვიღაც ფსიქოპათი ყოფილიყო, რომელსაც ჩემი დანაკუწება სწორედ ისეთ ადგილას სურდა, როგორსაც  ჯეიმს ელროი თავის რომანებში აღწერს.

(“შავი ორქიდეა” თუ წაკითხული გაქვთ, მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ: ელროის დედა სწორედ ასე მოკლეს ხრიოკ ადგილას). ასევე შეგიძლიათ ჩემი საყვარელი ბრაიან დე პალმას “შავი ორქიდეის”  ეკრანიზაციაც ნახოთ სკარლეტ იოჰანსონისა და ჰილარი სვონკის მონაწილეობით. სიმართლე რომ გითხრათ, ფილმი ისეთი კარგი ვერ გამოვიდა. კარანტინის  დროს ცუდი არ იქნება, მაგრამ მე დე პალმას სხვა ფილმებს უფრო გირჩევდით: „დები“, „სამოთხის აჩრდილი“, „კარლიტოს გზა,მონაცვლე სხეული“ – ჩონჩხივით გამხდარი მელანი გრიფიტის მონაწილეობით, რომელიც მაშინ კარიერულ მწვერვალზე იდგა. გირჩევთ “ნაიარევი სახეს” ალ პაჩინოს მონაწილეობით. ნუ დაკარგავთ დროს “შავ ორქიდეაზე” და თქვენი სია ამ ფილმებით შეავსეთ. მერე მადლობას გადამიხდით.

დავუბრუნდეთ ისევ მადონას. სატელეფონო ზარი თავისუფლად შეიძლებოდა ვიღაცის ხუმრობა აღმოჩენილიყო, მაგრამ ჩემი თვითშეფასება, იმის მიუხედავად, რომ ოსკარზე ვერ გავიმარჯვე, საკმაოდ მაღალი იყო, იმისთვის, რომ მადონას  ზარის ავთენტურობაში ეჭვი არ შემეტანა. მადონას ხმამ სტუდიის მისამართი მიკარნახა, საითკენაც დიდი სიამოვნებით წავედი.



სიმართლე ისაა, რომ გადასაღებ მოედანზე უორენ ბიტით დაწყებული, ვიტორიო სტორაროთი დასრულებული – ჩემ მიმართ მთელმა გუნდმა კეთილგანწყობა გამოავლინა. ისე მეპყრობოდნენ, თითქოს ჯორჯ კიუკორი ვიყავი. ბიტიმ მაიძულა, “რეჟისორის სკამზე” დავმჯდარიყავი და ისე მედევნებინა თვალი სცენის გადაღებისთვის. მომინდა მეღიარებინა, რომ ჩემი სექსუალობა ბავშვობაში სწორედ მაშინ გავარკვიე, როდესაც ბიტი ფილმში „ბრწყინვალება ბალახში“ დავინახე (ფილმიდან „ტკივილი და დიდება“ კალატოზი ედუარდო გამოგონილი პერსონაჟია), თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გავაკეთე. ამ დროს ისინი იღებდნენ სცენას, რომელშიც სახეშეცვლილი ალ პაჩინო გაუჩერებლად ბუზღუნებს. მოგვიანებით იგი ნომინირებული იყო ოსკარზე, ფილმმა კი სამი ჯილდო მოიპოვა.


მადონამ გადასაღები მოედანი დამათვალიერებინა და სწორედ აქ შევხვდი ადამიანს, რომლითაც აღფრთოვანებული ვიყავი. ეს იყო კოსტიუმების მხატვარი მილენა კანონერო, რომელსაც იმ დროისთვის უკვე სამი „ოსკარი“ ჰქონდა ფილმებისთვის: „ცეცხლოვანი ეტლები“, „ბარი ლინდონი“ და „კოტონ კლუბი“. იზოლაციაში ყოფნისას ამ  სამივე ფილმს გირჩევთ. მათგან ყველაზე მეტად  კუბრიკის „ბარი ლინდონი” მომწონს.

მილენა კანონერო მეოთხე „ოსკარითაც“ დაჯილდოვდა, მაგრამ არ მახსოვს რომელი ფილმისთვის. ამ სტუმრობისას ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მისი სახელოსნო იყო. ეს იქნებოდა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჰოლივუდში ვიმუშავებდი: ობსესია დეტალების მიმართ.

„დიკ ტრეისის“ კომიქსის ერთ-ერთი პერსონაჟს ყვითელი შლაპა ახურავს. მილენას ძალიან უნდოდა, რომ კომიქსის გმირის ქუდის ფერი ფილმში ზუსტად იმავე ტონალობით წარმოედგინა. მან ორასამდე ქუდის ვარიანტი მაჩვენა, ამ ქუდებს შორის კი ფერის გრადაცია სულ ოდნავ იცვლებოდა. დეტალებით ამგვარ შეპყრობილობაში საკუთარი თავი ამოვიცანი. ფილმის გადაღებისას,  ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ასე ვიქცევი ხოლმე. არ ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა ვიმუშაო (მაგრამ ვიცი, თუ როგორ ვიმუშაო გაცილებით ნაკლები ფულით).

თუ მადონა დაგირეკავს და ისეთივე ყურადღებას მოგაქცევს, როგორც ამას განვლილი დღეების განმავლობაში აკეთებდა, იმის მიუხედავად, რომ ოსკარი ვერ მოიგე, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად ძალიან აინტერესებ. ჩვენს კვლავ შეხვედრას დიდი დრო არ დასჭირვებია – შემდეგ წელს იგი Blond Ambition ტურის  დროს ვნახე.

მადონას მადრიდში ყოფნისას მთელ დროს მასთან ერთად ვატარებდი. მისთვის მოვაწყე დიდი ფლამენკოს წვეულება ლა პოლაკასა და მის მეუღლე ელ პოლაკასთან ერთად სასტუმროში, სადაც ასევე იყვნენ ლოლეს ლეონი, ბიბიანა ფერნარდესი და როსი დე პალმა. მაგრამ მადონას უკვე ნათლად ჰქონდა ნათქვამი, რომ ჩემ გარდა  მხოლოდ ერთი სტუმრით იყო დაინტერესებული: ეს სტუმარი ანტონიო ბანდერასი იყო. მე მას დავპირდი, რომ ანტონიო ჩვენთან იქნებოდა, მაგრამ არ მითქვამს, რომ ვერ შევძელი  დაპატიჟება მისი მეუღლის, ანა ლესას გარეშე, რომელიც მადონას დიდი თაყვანისმცემელი იყო.

მადონამ თავად გადაწყვიტა, თუ როგორ დავსხდებოდით მაგიდასთან (იქ იყო რამდენიმე მრგვალი მაგიდა ჩვენი მეგობრებისა და მოცეკვავეებისათვის). ბუნებრივია, ის მთავარ მაგიდასთან დაჯდა. მარჯვნივ ვიჯექი მე, მის მარცხნივ კი ანტონიო.  ანა ლესა კი ყველაზე შორეულ მაგიდასთან გაუშვა.



ჩვენ ორისა და ზოგჯერ ღვთაებრივი ლა პოლაკას გარდა მადონა ყურადღებას არავის აქცევდა. მადონას გუნდის წევრს ძალიან კარგი ხარისხის კამერა ჰქონდა წამოღებული, რათა, როგორც მან თქვა, ეს ყველაფერი სამახსოვროდ ფირზე აღებეჭდილიყო. უცნაურად მეჩვენა, მაგრამ კარგი მასპინძელი მსგავს  დეტალებზე არ საუბრობს.

მადონას ვუთარგმნიდი შეკითხვებს, რომლებიც ანტონიოს უკავშირდებოდა. ამ დროისთვის ანტონიო დიდების ზენიტში იყო – აშშ-ში ახალი გამოსული იყო ფილმი “დამაბი.” კრიტიკოსებსა და ჰოლივუდს (და მადონას) უკვე უყვარდა ანტონიო, თუმცა იმ ღამით, 1990 წელს იგი ინგლისურად ერთ სიტყვასაც ვერ ამბობდა.

ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენე, რომ ერთი წლის შემდეგ ფილმი “საწოლში, მადონასთან” გამოვიდა. ფილმის უდიდესი ნაწილი ჩემს წვეულებაზე  იყო გადაღებული. ანტონიოს შევიწროება ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იყო და მან, რა თქმა უნდა, ამოჭრა ეპიზოდი, რომლის დროსაც ანა ლესა თავიდან ერთი წინადადებით მოიშორა. სადილის ბოლოს ანა მოუახლოვდა ჩვენს მაგიდას და მადონას სარკასტულად უთხრა: “ვხედავ რომ ჩემი ქმარი მოგწონს, მაგრამ ეს არ მაოცებს, რადგან იგი ყველას მოსწონს და არც მაინტერესებს, თანამედროვედ ვაზროვნებ”. ამაზე  კი მადონამ მიუგო: – “წადი, მომშორდი”.

ეს ყველაფერი ფუქსავატურად ჟღერს და ასეც არის.  ეს თითქოს პადი დიფუზას ჩანაწერები უფროა, ვიდრე იზოლაციის დღიურები. თუმცა  მეხსიერება ამბების ამორჩევის დროს აბსურდულია. არ ვღელავ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ქულების დაწერას ჰგავს: პირიქით რომ ყოფილიყო (გადამეღო მადონა თავის გუნდთან ერთად, მასალა ფილმში გამომეყენებინა, შემდეგ კი მსოფლიოში პრემიერები მომეწყო), დღემდე სამართლებრივი დავის საზღაურის გადახდაში ვიქნებოდი. მადონა ისე მოგვექცა, თითქოს სულელები ვიყავით. ეს ყველაფერი კი როდისმე აუცილებლად უნდა მეთქვა. მას ნებართვაც არ აუღია, რომ ჩვენი ამსახველი კადრები ფილმში გამოეყენებინა. ჩემი საუბარი გაახმოვანა კიდეც – ალბათ, ჩემი ინგლისური არც ისეთი დახვეწილი იყო.

დავუბრუნდეთ ჩემს ამბავს. სადილის დროს მადონამ მთხოვა ანტონიოსთვის მეკითხა, მოსწონდა თუ არა მას ქალების ცემა (გეფიცებით ასე იყო). ანტონიომ  ვერაფერი თქვა, თუმცა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს უნდა ეთქვა: “მე ესპანელი ჯენტლმენი ვარ და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც ქალი მთხოვს.” ჩემთვის ეს მრავლისმეტყველი დუმილი და ჟესტი იყო, თუმცა მადონასთვის ეს დამაკმაყოფილებელი არ იყო და მთხოვდა, რომ შეკითხვა გამემეორებინა. ანტონიოსგან პასუხად იმავე ჟესტს ვიღებდით, რაც ნიშნავდა, რომ მისთვის ყველაფერი ქალის სურვილზე იყო დამოკიდებული.

ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ სიმართლეა და თანაც  ეს ამ ღამის ყველაზე გასაოცარი მომენტი იყო. მადონამ კი არ მიიჩნია მიზანშეწონილად ეს ეპიზოდი ფილმში მოხვედრილიყო. თურმე პანდემია იმისთვის იყო საჭირო, რომ მსოფლიოს სცოდნოდა, როგორი იყო სინამდვილეში ეს სადილი.   

წელს, 11 იანვარს, ლოს-ანჯელესში ორ ცერემონიას უნდა დავსწრებოდი, რომლებიც თითქმის ერთდროულად იმართებოდა. ჩემმა ფილმმა (“ტკივილი და დიდება”) მაშინ  საუკეთესო უცხოური ფილმის სტატუსი მიიღო. მეცვა ჟივენშის შავი კოსტიუმი და მაღალყელიანი სვიტერი.

AARP-ის მიერ ორგანიზებული პირველი ცერემონია, 50 წლის და მეტი ასაკის ადამიანების უფლებებს იცავს. ესპანეთს არ ჰყავს ისეთი ჯგუფები, რომლებიც  მთავრობას გარკვეული კოლექტივების სასარგებლოდ კონკრეტული ზომების მიღებას აიძულებენ.

AARP-ის პრესტიჟული დაჯილდოება (Grownups Movies Awards) აქვს და ცერემონიალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიითაც შუქდება.  ისინი წლის საუკეთესო ფილმებს ასახელებენ.

ამ წელს ანეტ ბენინგმა მიიღო ჯილდო მთელი თავისი კარიერას აღსანიშნავად, “ირლანდიელი” საუკეთესო ფილმად, სკორსეზე კი საუკეთესო რეჟისორად  დასახელდა. რენე ზელვეგერიჯუდისთვის“, ადამ სენდლერი კი – „დაუმუშავებელ ძვირფას ქვებში“ შესრულებული როლისთვის დაჯილდოვდნენ. სენდლერი ჩემს მაგიდასთან იჯდა და იმდენად ელეგანტური იყო, რომ ბანდერასის “ოსკარზე” წარდგენა არც უხსენებია. იგი ვარაუდობდა, რომ ამ ნომინაციაზე მას, ან რობერტ დე ნიროს წარადგენდნენ. ამ დღეს ასევე დააჯილდოვეს ნოა ბუმბაჰი, “ქორწინების ისტორიის” შესანიშნავი სცენარისთვის. (ძალიან დავუახლოვდი ნოას და მის ცოლს, გრეტა გერვიგს. გადავწყვიტეთ, ყოველ ჯერზე, როცა ნიუ-იორკში მოვხვდებით, ერთმანეთს შევხვდეთ). „ტკივილი და დიდება“ კი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში დაჯილდოვდა.

ცერემონიის მიმდინარეობისას ჩემს მაგიდას ანეტ ბენინგი მოუახლოვდა. ანეტი მეუღლის, 83 წლის უორენ ბიტის გვერდით კაშკაშებდა. ჩვენ ერთმანეთს ჯილდოები მივულოცეთ. ვისაუბრეთ ლუსია ბერლინის მოთხრობებზე „სახელმძღვანელო დამლაგებელი ქალებისთვის“, რომელზედაც ეკრანიზაციის უფლება მქონდა მოპოვებული. ამ წიგნის წაკითხვას კარანტინის დროს გირჩევთ. როცა ლუსიას მოთხრობას კითხულობ, თითქოს დრო ჩერდება. ანეტს ვუთხარი, იდეალური იქნები ასაკში შესული პერსონაჟის როლისთვის-მეთქი. ამის თქმის უფლება მქონდა, რადგან გამარჯვებულები 50 წელს გადაცილებული ვიყავით.

მე პირველივე გამარჯვებულად დამასახელეს, რადგან ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ  ლოს-ანჯელესის კრიტიკოსთა დაჯილდოებაზე უნდა წავსულიყავი. გამოსვლაში უორენ ბიტი ვახსენე – სასწაული იყო, რომ არ ვთქვი ჩემი სექსუალური თვითგამორკვევის შესახებ, მაგრამ სიხარულით აღვნიშნე, როგორც იქნა, ჩემს ერთ ფილმში მაინც ვათამაშე-მეთქი (თუ გახსოვთ, ფილმში „ტკივილი და დიდება“ ალბერტოს მონოლოგის ფონზე ნატალი ვუდისა და უორენ ბიტის კადრები გადის).



იგივე კოსტიუმით და სურვილებით “ინტერკონტინენტალში” გავემართე, სადაც კრიტიკოსები ძალიან პრესტიჟულ დაჯილდოებას მართავდნენ და განიხილავდნენ, თუ რა უნდა მომხდარიყო წელს. საუკეთესო ფილმი – “პარაზიტი”. საუკეთესო მსახიობი – ანტონიო ბანდერასი. და საუკეთესო საერთაშორისო ფილმი – “ტკივილი და დიდება”.

მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარს. სრული 17-დღიანი იზოლაციის შემდეგ პირველად გამოვედი გარეთ და არ მინდოდა დამეკარგა ის ემოცია, რაც უბნის მაღაზიაში გასვლით განვიცადე. 

ეს იყო ძალიან უცნაური, მაგრამ სასიამოვნო სიმშვიდის და სიწყნარის განცდა. ამ დროს არ ვფიქრობდი ინფიცირებულებსა და გარდაცვლილებზე (სინამდვილეში, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე). მადრიდს გასაოცარ და ექსტრაორდინარულ  სიტუაციაში ვხედავდი. არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა აღვწერო. ეს ესკაპიზმის შორსმჭვრეტელური ფორმაა. თუ რეალობას თვალს არ გავუსწორებ, მოვკვდები. მე არ მინდა, ასე რომ მოხდეს.

 

ორიგინალი: https://www.bfi.org.uk/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.