fbpx

როგორ უმკლავდებიან სხვადასხვა ქვეყნები კინოინდუსტრიის კრიზისს? – 1991 Productions


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ხაზარაძე 

 

#1991Productions

სახელმწიფოების დახმარება კინოინდუსტრიას

ქართულ კინოინდუსტრიას არაერთი კრიზისი აქვს გამოვლილი. მას ფაქტობრივად ნულიდან მოუწია მრავალწლიანი სახელგანთქმული კინოს თავიდან ფეხზე დაყენება და 90-იანი წყლებიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიო რუკაზე მისი დაბრუნება. დღეს კი, როდესაც Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიო მოიცვა, დაიხურა თითქმის ყველა მიმდინარე ღონისძიება, ფროდაქშენი თუ კინოთეატრი. ისევ კრიზისია არა მხოლოდ საქართველოში და კინოინდუსტრიაში, არამედ მსოფლიოში. 

გამომცემლობა The Guardian იმედისმომცემ სტატიას აქვეყნებს: “ისტორიაში უამრავი გამოწვევა ყოფილა რომელსაც “მოუკლავს” კინოინდუსტრია: 1918 წლის ესპანური გრიპის ეპიდემია, მეორე მსოფლიო ომი, ტელევიზიის გამოგონება და ბევრი სხვა რამ… Მაგრამ, როგორც ფენიქსი, ის ყოველთვის ახერხებდა წამოდგომას ყველა ჯერზე უფრო ძლიერად, ვიდრე წინაზე. კინოინდუსტრიას თავისი პროდუქტის – კინოს  მიმართ დაუცხრომელი აპეტიტი აქვს, განსაკუთრებით – პოლიტიკური კრიზისის და გაურკვევლობის დროს. ადამიანებს უნდათ გაქცევა. მათ უნდათ გართობა.” ეს კრიზისიც დასრულდება და ქართული კინო ისევ აღდგება ახალი ძალებით. თუმცა მნიშნელოვანია სახელმწიფოს როლი ამ პროცესში, რათა მაქსიმალურად მსუბუქად შეძლოს კინოინდუსტრიამ კრიზისის გადატანა. 

 

სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გადაიდგა ნაბიჯები კონკრეტულად კინოინდუსტრიის დასახმარებლად. მოკლედ მოგიყვანთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითს: 

 

სამხრეთ კორეაში შექმნეს სპეციალური ფონდი წარმოებაში მყოფი ფილმების დასახმარებლად. მთავრობამ მარკეტინგული დახმარება აღმოუჩინა 20 ფილმს, რომლის პრემიერაც გაუქმდა და გადაიდო. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ასევე მხარი დაუჭირა პროფესიული გადამზადების პროგრამას, რომელიც დროებით უმეშევრად დარჩენილი კინოინდუსტრიის 400 წარმომადგენლისთვის შეიქმნება.

 

გერმანიის მთავრობამ 15 მილიონი ევრო გამოუყო პანდემიის შედეგად დაზარალებულ საპროდიუსერო კომპანიებს, დისტრიბუტორებს და კინოთეატრებს. კინოინდუსტრიის ინტერესების დამცველმა ორგანიზაცია SPIO-მ კი პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ შეექმნათ მულტიმილიონიანი სტაბილურობის ფონდი სექტორში მიმდინარე შენელების კომპენსაციისთვის. 

 

პოლონეთის კინოინსტიტუტმა ჩაატარა ონლაინ შეხვედრა კინოინდუსტრიის წამყვან წევრებთან, რომლებმაც შეაფასეს მიმდინარე მოვლენები და დაიწყეს სამოქმედო სტრატეგიაზე მუშაობა. ინსტიტუტმა ყველა მიმდინარე პროექტს მისცა საშუალება მოითხოვონ სუბსიდირება, რომელიც ჩვეული 50%-ის ნაცვლად, ბიუჯეტის 70%-ს დააფინანსებს. 

 

სკანდინავიის ქვეყნები: შვედეთში იმ პროექტებს და ღონისძიებებს, რომლებიც არ განხორციელებულა პანდემიის გამო, დროებით შეუჩერეს ვალდებულებების დაფარვა. Შესაძლებელი გახდა სუბსიდიების უფრო სწრაფი გადახდა მცირე კინოთეატრებისთვის. დანიის კინოინსტიტუტმა გამოყო 20 000 ევრო კონკრეტულად სცენარის განვითარებისთვის. ინსტიტუტი ასევე განიხილავს მარკეტინგული აქტივობების ხარჯის საკუთარ თავზე აღებას იმ ფილმებისთვის, რომლებსაც პრემიერა ექნებათ ონლაინ. ნორვეგიის კულტურის სამინისტრომ გამოყო 23.8 მილიონი ევროს “კომპენსაციის სქემა: კულტურული ინდუსტრიების ზარალის შესამცირებლად. 

 

დიდ ბრიტანეთში შეიქმნა გადაუდებელი დახმარების ფონდი, რომელიც მოხმარდება შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწეთა მხარდაჭერას. Netflix-მა 1 მილიონი ფუნტის დონაცია გააკეთა, ხოლო ახალ ფონდს ადმინისტრირებას უწევს ბრიტანული კინოინსტიტუტი BFI. ეს ფონდი უზრუნველყოფს გადაუდებელ მოკლევადიან დახმარებას კინოინდუსტრიაში მომუშავე ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ფროდაქშენების დახურვით. უმუშევრად დარჩენილი პროფესიონალებისთვის საგრანტო თანხა 500 ფუნტამდეა ხელმისაწვდომი. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, რომელთა მთავრობებმაც უკვე გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ინდუსტრიის დასახმარებლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დაუკავშირდა კინოკომპანიებს ინფორმაციის შეგროვების მიზნით იმის შესახებ, თუ რა სახის პრობლემებს წააწყდნენ და როგორ ფიქრობენ მათ გადაჭრას. წერილში ვკითხულობთ: “ეროვნული  კინოცენტრის მიზანი ამ ეტაპზე არის შესაძლო რისკების შემცირება და წარმოებაში ჩაშვებული ფილმების დასრულება.” ასევე კინოცენტრში სცენარის განვითარების კონკურსი არ შეფერხებულა და გასაუბრებები სრულიად ონლაინ ჩატარდება. 

“Cinema is an unhappy art because it depends on money” ანდრეი ტარკოვსკის ეს ციტატა ეხება იმ დილემას, რაც ყოველთვის აქტუალურია კინოში – ხელოვნება vs კომერცია. ამ შემთხვევაში განვიხილოთ კინო, როგორც ბიზნესის კრიზისი. შეიძლება ეს ფორმულირება ხელოვანი ადამიანებისთვის მოსაწონი არ იყოს, თუმცა რეალობა შემოქმედებითობის მიღმა ასეთია. კინოინდუსტრიას მოაქვს ეკონომიკური სარგებელი, ქვეყნას უწევს პოპულარიზაციას, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, აკავშირებს ბევრ სხვადასხვა პროფესიის ადამიანს და ქმნის სამუშაო ადგილებს. 

მნიშვნელოვანია უცხოური პროექტების საქართველოში გადაღება, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და შემოსავლების ზრდას ნიშნავს. საქართველო ამ მიმართულებითაც ვითარდებოდა და მიჰყვებოდა ისეთი ქვეყნების კვალს (ხორვატია, ბულგარეთი, პოლონეთი). რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს თავი სასურველ გადასაღებ ადგილებად. როდესაც ეს ყველაფერი გადაივლის, საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს უპირატეს პოზიციაში. კრიზისის შემდეგ აქ გადაღება შესაძლოა ფინანსურად უფრო მიმზიდველიც კი გახდეს საერთაშორისო მწარმოებლებისთვის. ამ შესაძლებლობას მომზადებული უნდა დავხვდეთ. ზუსტად ამისთვის არის საჭირო ქართული კინოინდუსტრიის უფრო აქტიური მხარდაჭერა.

კინოს ყოველთვის ჰქონდა ძალა დახმარებოდა ადამიანებს დროებით დაევიწყებინათ რეალობა, მიეღოთ ინფორმაცია და შთაგონება, აემაღლებინათ მოტივაცია და გაეხალისებინათ ყოვედლღიურობა. დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩანს, თუ რა ძალა აქვს მოძრავ გამოსახულებას. ვრწმუნდებით იმაშიც, თუ რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განწყობა შემოქმედებითი ინდუსტრიის მიმართ. “Artists are not only indispensable, but also vital, especially now” (ხელოვანები არიან შეუცვლელნი და აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობა, განსაკუთრებით ახლა), – ამბობს გერმანიის კულტურის მინისტრი მონიკა გრუტერსი. 

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საქართველოში რა მხარდაჭერა ექნებათ კინოში მოღვაწე პროფესიონალებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრმა მათგანმა დაკარგა ყოველდღიური შემოსავალი. საინტერესოა, როგორ გადაიტანენ ამ კრიზისს საპროდიუსერო და აპარატურის გამქირავებელი კომპანიები, რომლებსაც მიმდინარე ვალდებულებები აქვთ და პირდაპირ არიან დამოკიდებული ადგილობრივი თუ უცხოური პროექტების განხორციელებაზე.

აქვე აღვნიშნავდი, რომ შეიძლება ზემოთ ხსენებული ქვეყნებივით დიდი არ იყოს ქართული კინოინდუსტრია, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ბოლო წლების მიღწევები და საერთაშორისო აღიარება. ალბათ საჭიროა ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების გაერთიანება და მსჯელობა არსებულ კრიზისზე, მის ახლო თუ შორეულ შედეგებზე და იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად, რათა შევინარჩუნოთ ქართული კინოინდუსტრია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.