fbpx

პანდემიის გასაკონტროლებლად სახელმწიფოები მოქალაქეების “კონტაქტურ თვალთვალზე” გადადიან


გააზიარე სტატია

 

თავდაპირველად საუბარი მრუდის გაბრტყელებაზე იყო, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება თვითიზოლაციაში უნდა დარჩეს, რათა ჯანდაცვის სისტემისთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კონტროლირებადი იყოს.  

 მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) საუბარი ნელ-ნელა ე.წ. კონტაქტური მეთვალყურეობის სისტემაზე გადადის – თვალყურს ადევნებენ მათ, ვინც ინფიცირებულები ან რისკის ქვეშ არიან – მთავრობები ცდილობენ, რომ თანამედროვე მეთოდებით გადაჭრან კორონავირუსის პიკის შემდგომი პრობლემები და ეკონომიკა კვლავ აამუშაონ.  

 

 

კარანტინის მოხსნა საფრთხეებს უკავშირდება, რადგან თუ ძალიან მალე გაიხსნება ყველაფერი, ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, დაგვიანების შემთხვევაში კი ეკონომიკური შედეგები იმაზე უფრო დამანგრეველი იქნება, ვიდრე უკვე არის.  

 ამჟამად ჩინეთი ლიდერობს თვალყურის მობილური ტექნოლოგიით, რომელიც QR კოდების სკანირებასა და აპლიკაციას ეყრდნობა. CNN იუწყება, რომ ამის მთავარი მიზანი კორონავირუსის გავრცელების შემცირებაა იმის მითითებით, თუ სად შეუძლია ადამიანს წასვლა და სად არის საფრთხე.  

 “ახლა ტექნოლოგია გადამწყვეტ როლს თამაშობს პანდემიის კონტროლში”, – განუცხადა CNN-ს ელექტრონული კომერციის გიგანტი კომპანიის, ალიბაბას AI-ს ექსპერტმა ხიან-შენგ ჰუამ. 

 აი როგორ მუშაობს ეს: საჭიროა, რომ ჩინეთის მოსახლეობამ საკუთარი პირადობის ან პასპორტის ნომერი გასცენ, მობილურის ნომერთან ერთად. შემდგომ აპლიკაცია მათ სთხოვს, რომ შეავსონ კითხვარი მოგზაურობის ისტორიისა და მიმდინარე სიმპტომების შესახებ. CNN-ს მიხედვით, შემდეგ ეს ინფორმაცია მოწმდება და კონკრეტული ფერი ენიჭებათ.  

 ფერი, რომელიც მათ ეკრანზეა განთავსებული, განსაზღვრავს ვარიანტებს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე: მწვანე ნიშნავს, რომ გასვლა შეგიძლია ყვითელი ნიშნავს, რომ ახლოს ხარ მასთან, ვინც ინფიცირებულია, წითელი კი ნიშნავს, რომ სახლში უნდა დარჩე.  

 როგორ განსაზღვრავს აპლიკაცია ყვითელი თუ წითელი ფერის მინიჭებას, ჯერ კიდევ უცნობია. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მარგინალური ჯგუფების მიზანში ამოღება გამოიწვიოს.  

 კარანტინის შემდგომ უსაფრთხო გახსნის მიზნით, ჩინეთის ქალაქებში ბევრი ბიზნესი ავრცელებს საზოგადოებრივ QR კოდებს, რომლებიც პოტენციურმა მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა დაასკანერონ სმარტფონების გამოყენებით.  

 “იაპონურ რესტორანში წასვლა მინდა, შენობაში შესასვლელად კი არა მარტო ტემპერატურის შემოწმება და საკუთარი სახელით დარეგისტრირება დამჭირდება, არამედ QR კოდის დასკანერებაც, რომელიც აჩვენებს სად ვიყავი უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში”, – განმარტა რეპორტიორმა იუნისი იუნმა.  

 გასულ თვეს სინგაპურმაც დანერგა კონტაქტ-მეთვალყურეობის მსგავსი აპლიკაცია, სახელწოდებით TraceTogether. აპლიკაციამ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან მოსახლეობის მხოლოდ 12 პროცენტმა გადმოიწერა.  

 მოსკოვში დანერგილი სისტემა ხალხისგან ითხოვს, რომ ქალაქში სასიარულოდ QR კოდი გადმოწერონ. პირველ რიგში ისინი მთავრობის ვებსაიტზე უნდა დარეგისტრირდნენ და წინასწარ განაცხადონ თავიანთი მოძრაობის მარშრუტის შესახებ. QR კოდი კი შემდეგ მოსახლეობას სახლიდან გასვლის ნებართვას აძლევს. 

 აშშ-ში ტექნოლოგიურმა გიგანტებმა Apple-მ და Google-მ ერთობლივი ძალისხმევით შექმნეს აპლიკაცია, რომელიც ხალხს გაფრთხილების სიგნალს მისცემს იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტში იქნებიან, ეს ყველაფერი კი მოკლე სიძლიერის ბლუთუზის ტექნოლოგიით ხორციელდება.  

 პროგრამა, რომელიც აპლიკაციას Apple-ს IOS და Google-ს Android პლატფორმებზე მუშაობის საშუალებას მისცემს, ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია, მაგრამ კომპანიების ცნობით სრულფასოვანი სახით აპლიკაცია რამდენიმე თვეში ჩაეშვება.  

 უამრავი სხვა ქვეყანა მუშაობს ამ საკითხზე, გერმანიამ და დიდ ბრიტანეთმაც გამოაცხადეს, რომ გეგმავენ აპლიკაციის შექმნას.  

 კონფიდენციალურობის საკითხებმა ადგილმდებარეობისა და ჯანმრთელობის მონაცემების შეგროვების გამო, შესაძლოა შეაფერხოს ეს პროცესი, განსაკუთრებით გერმანიაში. კონფიდენციალურობის დამცველები ამტკიცებენ, რომ ასეთი აპლიკაცია “უაღრესად პრობლემურია”, მაგრამ ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს წინსვლის გონივრული გზაა. 

 “თუ გვსურს, რომ სოციალური კონტაქტის ამ შეზღუდვებიდან გამოვიდეთ, მაშინ ამისთვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი დაგვჭირდება”,  – განაცხადა კრისტიან დროსტენმა ბერლინის Charite-ს საავადმყოფოს ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან. “ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს აპლიკაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ მის გამოყენებაში”. 

 

ორიგინალი: https://futurism.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.