fbpx

მითია და რეალობა “ჯოგური იმუნიტეტით” კორონავირუსის დამარცხება – USA Today


გააზიარე სტატია



ექსპერტთა უმეტესობა საზოგადოებას სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებს, რათა “მრუდი გასწორდეს” – ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა არ უნდა გადაიტვირთოს ინფიცირებულთა დიდი რაოდენობით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი ამ ტაქტიკას არ ეთანხმება. 

Rockefeller University-ის ყოფილი ბიოსტატიკოსი კნუტ ვიტკოვსკი აცხადებს, რომ სოციალური დისტანცირება პანდემიის მართვის საუკეთესო საშუალება არ არის.

მისი თქმით, ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება ერთადერთი გზაა ისეთი რესპირატორული დაავადების შესაჩერებლად, როგორიცაა COVID-19. იგი მხარს უჭერდა სკოლების გახსნას, რადგან რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმარისი ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით და გამოიმუშავებს იმუნიტეტს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. 

Rockefeller-ის უნივერსიტეტმა 13 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ვიტკოვსკის მოსაზრება “არ წარმოადგენს უნივერსიტეტის, ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის შეხედულებას.” 

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც ახლახან COVID-19-ით ინფიცირების გამო საავადმყოფოშიც კი მოათავსეს, იმავე იდეას იზიარებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა მოგვიანებით  ამ განცხადებაზე უარი თქვა. ჯონსონმა თავდაპირველად გაამართლა ჯოგური იმუნიტეტის ტაქტიკა და ეს იმით ახსნა, რომ ქცევის მკაცრმა შეზღუდვებმა ადამიანები შესაძლოა ისე დაღალოს, რომ ისინი საბოლოოდ შეწყვეტენ სოციალური დისტანციის ნორმების დაცვას.   

500 ბიჰევიორისტი მეცნიერისგან შემდგარმა ჯგუფმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც მათ ბორის ჯონსონი გააკრიტიკეს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.  

ჯოგური იმუნიტეტის მსგავსი სტრატეგიები შვედეთშიც მიიღეს, რამაც ასევე  კრიტიკა დაიმსახურა.

მიუხედავად ყველაფრისა, ვიტკოვსკი საკუთარ აზრში მტკიცედაა დარწმუნებული და აღნიშნავს, რომ კონტაქტ-მეთვალყურეობა რთულია და ვაქცინაც არ გაგვაჩნია. 

“ბუნებას უნდა მივცეთ უფლება, რომ გააკეთოს ის, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინა გააკეთებდა, ეს კი ნიშნავს იმ ადამიანების “შექმნას”, რომლებსაც იმუნიტეტი გააჩნიათ დაავადების მსუბუქი ფორმით გადატანის შემდეგ.” – განაცხადა მან. 

 

ეჭვები ჯოგური იმუნიტეტის შესახებ 

 ჯოგური იმუნიტეტი მაშინ გამომუშავდება, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იმუნური ხდება დაავადების ან ვირუსის წინააღმდეგ, გავრცელება ჩერდება, რადგან დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მცირდება. ეს ჩვეულებრივ ვაქცინაციით მიიღწევა და არა ფართოდ გავრცელებული ინფექციით. მაგალითად, ჯოგური იმუნიტეტი წითელას შემთხვევაში  იმ შემთხვევაში გამომუშავდება, თუ 20 ადამიანიდან 19 ვაქცინაციას მიმართავს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ინფექციითაც შესაძლებელია, “თქვენ არ ენდობით მომაკვდინებელ ინფექციურ აგენტს, რომ შექმნას იმუნიტეტი”, – განაცხადა აკიკო ივასაკიმ, Yale School of Medicine-ს ვირუსოლოგმა.  

დენ ბარუშმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ვირუსოლოგიისა და ვაქცინაციის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, თქვა, რომ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების ორ ვარიანტს შორის – ინფექციით ან ვაქცინაციით – აუცილებლად უკანასკნელს დაუჭერდა მხარს. 

მთლიანად ჯოგურ იმუნიტეტზე დაყრდნობა საავადმყოფოებს გადატვირთავს და მოხუცებულებსაც რისკის ქვეშ დააყენებს.

საავადმყოფო საწოლების საჭიროება შტატების მიხედვით განსხვავდება. USA TODAY-ის ანალიზის მიხედვით, ამერიკის ზოგიერთ შტატს შესაძლოა რვაჯერ მეტი საწოლი დასჭირდეს, რათა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე სათანადოდ იზრუნონ (იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია ზომიერი გრიპის ტემპის მსგავსად გავრცელდება, კოვიდის ინფიცირების სიხშირე კი ჯერჯერობით უცნობია.) ეს შეფასება ვარაუდობს, რომ ყველას ერთდროულად ინფიცირების შემთხვევაში,   ყველა საწოლი ცარიელი იქნება, რაც სიცრუეა. 

 გრეჰემ მედლი ხელმძღვანელობს მეცნიერთა გუნდს, რომლებმაც ინფექციური დაავადებების გავრცელების მოდელირება შექმნეს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლაში. გრეჰემის თქმით, კორონავირუსის მიმართ ჯოგური იმუნიტეტი შედეგიანი იქნება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზანი. 

 ამ საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს კითხვები. WHO-ს სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეჭვები აქვს ინფიცირებით ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ, რადგან ვირუსის თაობაზე ძალიან ცოტა რამაა ცნობილი იმის განსასაზღვრად, იქნება თუ არა ეს ეფექტიანი.  

 დიდი ბრიტანეთის 500-ზე მეტი მეცნიერის მიერ ხელმოწერილ წერილში გაკრიტიკებულია ქვეყნის ნაბიჯი ჯოგური იმუნიტეტის მიმართ.

“ჯოგური იმუნიტეტისკენ სწრაფვა ამ ეტაპისთვის ეფექტიანი ვარიანტი არ არის, რადგან ეს [ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს] უფრო დაასუსტებს და უფრო მეტი სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ.” 

 ეს ტაქტიკა სარისკოა, რადგან ცოტა რამაა ცნობილი ბუნებრივი იმუნიტეტის შესახებ ვირუსის წინააღმდეგ. საშიშია ისიც, რომ ნეგატიური პასუხის შემდეგ ადამიანები ისევ არ დაინფიცირდნენ.  

 “ვირუსული ინფექციების უმეტესობის შემთხვევაში, როცა ადამიანი გამოჯანმრთელდება, უვითარდება იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში და აღარ ინფიცირდება. ეს ზოგიერთი ვირუსის შემთხვევაში ხდება და არა ყოველთვის. ჯერ არაფერი ვიცით COVID-19-ის შესახებ. დამადასტურებელი მტკიცებულება არ გვაქვს, არსებობს თუ არა ბუნებრივი დამცავი იმუნიტეტი მის წინააღმდეგ.” 

 ჯეიმს უიტნი, ვირუსოლოგიისა და ვაქცინაციის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევარი, ეთანხმება ამ მოსაზრებას. “მოკლე პასუხი ისაა, რომ ჯერ ჩვენ ბევრი რამ  არ ვიცით, რომ ვთქვათ, გვაქვს თუ არა საკმარისი დაცვა. ყველას გარეთ გამოსვლა ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად საუკეთესო სცენარი არ არის. მე ვიტყოდი, რომ ვაქცინა საუკეთესო გამოსავალია და ამასთანავე ყველაზე გამძლე იმუნიტეტის ასამაღლებლად.” 

 

დასკვნა: ნახევრად სიცრუე

ჩვენი დასკვნით, მოსაზრება, რომ ჯოგური იმუნიტეტი შეაჩერებს ვირუსს, ნახევრად მცდარია. მიუხედავად იმისა, რომ ის საბოლოოდ ვაქცინაციის ან ფართომასშტაბიანი ინფიცირების შედეგად მიიღწევა, სხვა ფაქტორები, როგორებიცაა – ტესტირებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა, სოციალური დისტანცირება, კარანტინი და ვაქცინაცია, ეხმარება ამ რესპირატორული დაავადების შეჩერებას. გარდა ამისა, ექსპერტთა განცხადებით, კორონავირუსის შესახებ ჯერ ცოტაა ცნობილი იმის სათქმელად, რომ ჯოგური იმუნიტეტი მთლიანად დაგვიცავს ინფიცირებისგან. 

 ორიგინალი: https://www.usatoday.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.