საავტომობილო შეზღუდვები 27 აპრილამდე გრძელდება, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე
საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა – 27 აპრილამდე – ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
“ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა. 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისათვის ხელშეწყობა” – განაცხადა სპიკერმა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის ბრძანება ძალაში შედის პრემიერმინისტრის ხელმოწერიდან და 48 საათის განმავლობაში ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ასევე, 24 აპრილს, საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც სოციალური და ბიზნესის დახმარების ნაწილებისგან შედგება.