ორი სიტყვით Tbilisi Open Air 2018-ის ლაინაფის შესახებ
3 დღე, 4 სცენა, 70-ზე მეტი არტისტი – 22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით Tbilisi Open Air ლისი ვონდერლენდზე სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე მსმენელს ეპატიჟება.როგორც ყოველთვის, ფესტივალის ორგანიზატორები წელსაც საკმაოდ მრავალფეროვან ლაინ აპს გვთავაზობენ, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მუსიკალური მიმართულების მქონე არტისტებისგან შედგება. სტატიაში რეკომენდაციის სახით რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
Roisin Murphy – Moloko-ს მიმართ როგორი ნოსტალგიაც არ უნდა გვქონდეს, უნდა ვაღიაროთ, რომ Roisin Murphy უკვე დიდი ხანია მხოლოდ „მოლოკოს გოგო“ აღარ არის – მან ეს პრინციპში თავის პირველ სოლო ალბომშიც დაამტკიცა. 2005 წელს გამოცემული Ruby Blue, რომელიც მეთიუ ჰერბერტთან ერთად ჩაწერა, დისკოზე მეტად ჯაზის და არტ პოპის გავლენას განიცდიდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ მერფი ახალი ექსპერიმენტისთვის მზად იყო. ეს ექსპერიმენტები კი დღემდე გრძელდება.
2007 წლის საკმაოდ წარმატებული ალბომის, Overpowered-ის შემდეგ როუშინის კარიერა უცნაურად განვითარდა – ფიზიკური ტრავმის გამო ჩაშლილი ტურნე, პრობლემები EMI Records-თან და აქცენტი უცნაურ კოლაბორაციულ პროექტებზე. თუმცა, როდესაც დაბრუნების დრო დადგა, ის მერკურის პრიზის ნომინანტი ალბომით Hairless Toys დაბრუნდა. „შენ არ უნდა აკეთებდე ასეთ მუსიკას, სხვა რამე უნდა სცადო“,„როუშინ, იქნებ ისევ საცეკვაო მუსიკა გეცადა. ეგ ხომ უფრო კარგად გამოგდის“ – მერფი აღნიშნავს, რომ მსგავსი ფრაზები ძალიან ხშირად მოუსმენია, მაგრამ მას სხვა, უფრო დიდი გეგმები ჰქონდა.
ეს გეგმები საკუთარ სიმღერებისთვის ვიდეოკლიპების შექმნას, ახალ სასცენო იმიჯს და მორიგ მუსიკალურ ტურნეს მოიცავდა. ირლანდიელი არტისტი Tbilisi Open Air-ის ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი არტისტი და მთავარი ჰედლაინერია, რადგან მისი მუსიკალური მემკვიდრეობა წელს მოწვეულ არტისტებს შორის ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესოა.
Roisin Murphy Forever More Live
Rachel Yamagata
„მინდა ადამიანების გულისტკივილი უფრო ძლიერ ენერგიად გარდავქმნა, რომელიც მათ თავს უკეთ აგრძნობინებს“ – მიუხედავდ იმისა, რომ ოუფენ ეარი წლიდან წლამდე განსხვავებული მუსიკალური პრიორიტეტებით გვევლინება, აქ ყოველ წელს შეგვიძლია მოვუსმინოთ ისეთ არტისტს, რომელიც გიტარას ხელში აიღებს და ძალიან გულრწფელ, საინტერესო ისტორიებს მოგვიყვება. წელს ასეთი არტისტი რეიჩელ იამაგატა იქნება, რომელიც დაახლოებით 15 წელია თავისი მუსიკით ინდი ესთეტიკის მოყვარულ მსმენელს ახარებს. რეიჩელის მსგავსი სინგერ-სონგრაითერები ზაფხულის ოუფენ ეარ ფესტივალების მარგალიტები არიან, რადგან მსგავს თავყრილობებზე აკუსტიკური მუსიკის როლის დღითიდღე მცირდება.
Rejjie Snow
2016 წელს LTFR სცენის მთავრი ჰედლაინერი ლისი ვონდერლენდზე წელსაც ბრუნდება. რეჯი სნოუ ფესტივალისთვის ერთ-ერთი პირველი არტისტი იყო, რომელმაც TOA-ს სტუმრებს სრულფასოვანი ჰიპ ჰოპ პერფორმანსი მოასმენინა. წელს მსმენელის წინაშე ის სადებიუტო ალბომით Dear Annie წარსდეგება, რომელიც The Moon & You მიქსტეიპის შემდეგ სნოუს პირველი რელიზია. ირლანდიაში მოღვაწე არტისტი მთავარ სცენაზე 22 ივნისს Kayakata, Beardyman და სხვა არტისტებთან ერთად წარსდგება.
Kayakata
ჰიპ ჰოპი დღეს ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მუსიკალური ინდუსტრიაა. ეს ტენდენცია, რა თქმა უნდა, მხოლოდ შეერთებულ შტატებზე არ ვრცელდება. საქართველოში ამის ნათელი მაგალითია Kayakata, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთას ქვეყნის ყველაზე პოპულარული მუსიკალური პროექტია. დადაისტური, ორენოვანი ტექსტების, ფსიქოდელიური მუსიკის და შესრულების განსაკუთრებული მანერის დამსახურებით, მაქს მაჩაიძის და ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტი რამდენიმე თვეა საკუთარ სტილს და მსმენელის სოლიდურ ბაზას აყალიბებს.
Roman Fluegel
თავის დროზე სხვა საფესტივალო სივრცეში დაბადებულმა Eye Stage-მა წელს ახალი სახლი იპოვა. TOA-ს ფარგლებში ეს სცენა Super Flu, Nuno Dos Santos, Alex Niggemann, Matthias Mayer, Sascha Sibler და სხვა საინტერესო არტისტებს უმასპინძლებს, მაგრამ Roman Fluegel-ის ცალკე გამოყოფა აუცილებლად მოგვიწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე დიდი ხანი ელექტრონული ჟღერადობა ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაშინ ფრანკფურტის სცენის უმნიშვნელოვანეის ფიგურა Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერებს შორის მარტივად სახელდება. Fluegel საცეკვაო ელექტრონული მუსიკის მთავარი ქამელეონია, რომელიც თავის შესაძლებლობებს უამრავი მუსიკალური პროექტის მიღმა მალავს, თუმცა ფაქტი ერთია – ის ელექტრონული მუსიკისთვის ნამდვილად საგანძურია. თუ Eye Stage-ის გაცნობა გაინტერესებთ, ის ფესტივალის პირველ დღეს სწორედ Roman Fluegel-ით უნდა დაიწყოთ.
Avalon
ფსაი ტრანსის მსმენელს Avalon-ის გაცნობა არ სჭირდება, ხოლო თუ ვინმეს ამ მუსიკალური კულტურის გაცნობა სურს, ლისი ვონდერლენდზე ამის შანსი ნამდვილად ექნება. პოპულარული ლეიბლის Nano Records-ის ერთ-ერთი წამყვანი არტისტი დიდი ხანია თავისი მიმართულების ყველა წამყვან ფესტივალებზე უკრავს და გამონაკლისი არც Tbilisi Open Air იქნება, რომელიც Garden Stage-ზე სწორედ ფსაი ტრანს მუსიკის მსმენელს ეპატიჟება.