სამი ფილმი, რომლებიც კუბას განსხვავებული თვალით დაგანახვებთ – 1991 Productions
ავტორი: ნინო ჩიჩუა
მრავალი ჩვენგანი პოსტრევოლუციურ კუბას იცნობს მიხეილ კალატოზიშვილის ფილმიდან “მე – კუბა”, რომელიც კინემატოგრაფიული ოსტატობის და ინოვაციის ერთ-ერთი მოწინავე მაგალითია და ყველა კინოსკოლის აუცილებელ პროგრამაშია შეტანილი. მაგრამ, რამდენად გადმოცემს კუბურ ესთეტიკას, სულისკვეთებას, თუ კულტურას საბჭოთა კავშირსა და კუბას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობის აღსანიშნავად გადაღებული ეს ფილმი?!
კუბას რომ საკუთარი საინტერესო კინოისტორია აქვს, 2012 წელს აღმოვაჩინე, როცა საშუალება მომეცა 3 თვე ამ რთული ისტორიის მქონე კუნძულზე მეცხოვრა და მესწავლა. იქ სასწავლო პროცესში ვნახე ფილმები, რომლებმაც განსხვავებული კუთხით დამანახვეს ეს ქვეყანა.
გიზიარებთ სამ გამორჩეულ ფილმს კუბის წარსულიდან, რომლებიც ამ ქვეყნის ხასიათის სიღრმისეულად გაცნობაში დაგეხმარებათ.
Memorias del Subdesarrollo, 1968
ფილმის გმირი ჰავანის ელიტის წევრი, 38 წლის სერხიოა, რომელიც რევოლუციის შემდეგ კუბაში დარჩენას ამჯობინებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში გადასახლდება. კასტროს რეჟიმში დარჩენილი სერხიოს ცხოვრება „ღორების ყურეს ოპერაციის” და „კუბური კრიზისის” ფონზე გრძელდება და ფილმი ამ გაუცხოებული ინტელექტუალის ძალიან საინტერესო ფიქრებს და შეკითხვებს უღრმავდება. ის სკეპტიკურად არის განწყობილი როგორც საკუთარი ბურჟუაზიული საზოგადოების, ასევე გულუბრყვილო რევოლუციონერების მიმართ და კუნძულს ჩამორჩენილ პერიფერიად აღიქვამს.
ფილმი ახერხებს იმ პერიოდის კუბის ისტორია და ხალხის შინაგანი კონფლიქტები კლიშეების ავლით გადმოგვცეს. თხრობის სტილი ძალიან მოგვაგონებს იმდროინდელ ევროპულ ფილმებს.
ამ ნამუშევარმა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე FIPRESCI ჯილდო დაიმსახურა, ის ამერიკაშიც პოპულარული გახდა, თუმცა რეჟისორი ქვეყანაში არ დაუშვეს. ფილმი 2016 წელს კანის კინოფესტივალზე კლასიკის სექციაში აჩვენეს.
ფილმის კარგი ხარისხით ნახვა $3.99-ად iTunes-ზე შეიძლება.
Lucía, 1968
ბევრი კუბელი მიიჩნევს ამ ფილმს კუბური კინემატოგრაფის უმაღლეს მწვერვალად. კუბელი ხალხის ყოფა ნაჩვენებია სამი განსხვავებული ეპოქის და სოციალური ფენის წარმომადგენელი ლუსიების თვალთახედვით; მათი ყოფა იმ საზოგადოებების ანარეკლია, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ. ფილმი ფოკუსირდება კუბის ისტორიის სამ გარდამტეხ მომენტზე: ესპანეთისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 1890-იან წლებში, აჯანყებები ხერარდო მაჩადოს დიქტატურის წინააღმდეგ 1930-იანებში და პოსტრევოლუციური კუბა 1960-იანებში. ყველა ეპოქაში არსებობს მებრძოლი ლუსია.
სამივე ნაწილის ვიზუალური თხრობა განსხვავდება: კლასიკური ამერიკული მელოდრამების ესთეტიკით მოთხრობილი პირველი ნაწილიდან გადავდივართ მეორე ლუსიასთან, სადაც ანტონიონის გავლენა იგრძნობა, მესამე ნაწილში კი რეჟისორი ახალ, პოსტრევოლუციურ კუბურ კინოესთეტიკას გვთავაზობს.
2017 წლის კანის კინოფესტივალისთვის მოხდა ფილმის რესტავრაცია და ციფრულ ფორმატში გადატანა. მიუხედავად ამისა, მისი კარგი ხარისხით მოძიება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე დღემდე ჭირს.
Fresa Y Chocolate, 1993
ფილმი მოგვითხრობს ჰუმანურ ისტორიას ახალგაზრდა იდეალისტი მარქსისტი სტუდენტი დავიდის და ერუდირებული ხელოვანის, მორწმუნე ჰომოსექსუალი დიეგოს მეგობრობის შესახებ. ეს მსუბუქი, მომხიბლავი ფილმი კომედიის ელემენტებით ღრმა თემატიკით გამოირჩევა. ის პირველი კუბური ფილმია, რომელიც 1993 წელს ღიად შეეხო სექსუალური ორიენტაციის თემას, რაც ავტორიტარულ რეჟიმში პოლიტიკურ სახეს იღებს: იყო ჰომოსექსუალი ავტომატურად ნიშნავს სისტემის საწინააღმდეგო ქმედებას.
როგორც კრიტიკოსი როჯერ ებერტი ამბობს, ,,Strawberry and Chocolate is not a movie about the seduction of a body, but about the seduction of a mind” (ეს ფილმი არა სხეულის ცდუნებაზე, არამედ აზროვნების გაფართოებაზეა) – ის ბევრ რთულ პრობლემას ეხება, ისეთებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, რევოლუციური საზოგადოების ნაკლოვანებები და იმ სამშობლოს სიყვარული, რომელმაც უარგყო.
აღსანიშნავია რეჟისორის ოსტატობა, რომელმაც შექმნა ღრმა პერსონაჟები – მათ მიმართ სიმპათიით ვივსებით და მათი პრობლემები გვაღელვებს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ხორხე პერუგორიას, რომელმაც არაჩვეულებრივად შეასრულა დიეგოს როლი.
1994 წელს ფილმმა ბერლინალეს კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი მოიპოვა, 1995 წელს კი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაცია ოსკარზე.
ფილმის ქირაობა Amazon Prime Video-ზე $3-ად შეიძლება.