fbpx

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისის გამო პეტიცია შექმნეს


გააზიარე სტატია

დღეს Manifest.ge-ზე “კულტურის სექტორში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის” სახელით, რომლის შემადგენლობაშიც ალექსი სოსელია, გიორგი სპანდერაშვილი, მარიკა ჯაბუა, ხატია ჭოხონელიძე შედიან,  პეტიცია დარეგისტრირდა.

“კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, სისტემურად ძალიან მყიფე სფერო, დაზარალების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას”, – წერია განცხადებაში.

პეტიციის ავტორები მთავრობისგან კულტურის სფეროს ინდუსტრიაში ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებას და მყისიერი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

“მრავალმა ქვეყანამ სრულად გაიაზრა არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამები. ამის ფონზე, საქართველოს რეალობაში საპირისპირო სურათი იკვეთება – ოფიციალურ პასუხისმგებელ სამთავრობო სტრუქტურებს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულ ხედვაზე დამყარებული სამოქმედო გეგმა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით კრიზისის დაძლევის თაობაზე”, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

კულტურის სფეროში მოქმედი საინიციატივო ჯგუფი კრიზისიდან გამოსასვლელად მთავრობას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებს:

  • მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტკრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარმოდგენა. მათ შემუშავებაში ჩართული იყვნენ კულტურის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები;
  • გახდეს ცნობილი რა ცვლილებები შედის შესაბამისი სტრუქტურების 2020 წლის ბიუჯეტებში საკონკურსო და პირდაპირი გახარჯვის წესით გათვალისწინებულ თანხების რაოდენობასა და მიზნობრიობაზე;
  • მოხდეს კულტურის სფეროს სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტიზაცია; გააქტიურდეს საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სექტორთან აქტიური კომუნიკაცია (მათ შორის  – საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის ჩამოყალიბების მდგომარეობის, კულტურის სტრატეგია 2025 სამოქმედო გეგმების შესრულების, კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ამოქმედებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შესაბამისი საკანონმდებლო და ფისკალური პოლიტიკის გატარების მიმართულებებით. (მაგ: ქველმოქმედების და ფილანთროპიის კანონი და ა.შ.);

პეტიციას უკვე ჰყავს 1000-მდე ხელმომწერი. სრული ტექსტის გაცნობა და პეტიციაზე ხელისმოწერა Manifest.ge-ს საიტზე შეგიძლიათ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.