fbpx

ჩანაწერები პირველი გადაღებიდან – 1991 productions


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ხაზარაძე 

#1991productions 

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სტუდენტი ვიყავი და ვსწავლობდი კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტზე London College of Communication-ში, ჩემმა მეგობარმა და მსახიობმა სანდრო კალანდაძემ (“მამა”, “უარყოფითი რიცხვები”) გამაცნო თავისი მასწავლებელი, თეატრის რეჟისორი უილიამ ოლდროიდი (Lady Macbeth). უილიამს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი უკვე ჰქონდა გადაღებული და სურდა სრულმეტრაჟიანი ფილმის გაკეთება. მე და სანდრომ შევთავაზეთ ფილმის საქართველოში გადაღება, რადგან არსებული ბიუჯეტი არ იძლეოდა ბრიტანეთში წარმოების საშუალებას. უილიამი საქართველოს მონახულების შემდეგ მალევე დაგვთანხმდა; ასე აღმოვჩნდი სტუდენტობის დროს პირველი სერიოზული ფილმის პროდიუსერი, დავაფუძნე ჩემი პირველი საპროდიუსერო კომპანიაც. 

2013 წლის ზაფხულში დაიგეგმა გადაღებები, მაშინ ჯერ კიდევ საქართველო მასობრივად არ პოზიციონირდებოდა როგორც გადასაღები ლოკაცია, არ იყო ქეშ-რიბეითის პროგრამა. პროექტით – “ცოდვაში”   მონაწილეობა  მივიღეთ  ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსების კონკურსში, მაგრამ არ გაგვიმართლა.  მიუხედავად ამისა, შევძელით, რომ შეგვეკრა კარგი პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფი, შემოვიერთეთ კომპანია, რომელიც ტექნიკას უზრუნველყოფდა. ფილმი ქართულ-ბრიტანული კოპროდუქცია იყო და გადაღებები მთლიანად  საქართველოში ჩატარდა. 

ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, პირველი დიდი გამოცდილება იყო სრულმეტრაჟიანი ფილმის დაგეგმვა, ჯგუფის წევრების აყვანა, ქასთინგის ჩატარება, ფინანსების გაკონტროლება და რაც მთავარია, ყველაფერი  მოკლე დროში  იგეგმებოდა და ხორციელდებოდა. ჯამში, გადაღებისთვის 12  დღე გვქონდა და უამრავ სხვადასხვა ადგილას ვიღებდით: თბილისი, კახეთი, ყაზბეგი, ბათუმი… 

აღსანიშნავია, რომ გადამღები ჯგუფის მთავარი წევრები ჩემსავით სტუდენტები იყვნენ,  რაც მეტ გამბედაობას, კრეატიულობას, რისკებზე წასვლას და ბევრ, ბევრ საინტერესო დღეს და ღამეს ნიშნავდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შევძელით მოკლე დროში. თუმცა მიდგომა იყო პარტიზანული და ამ სულისკვეთებას  ჯგუფის ყველა წევრი იზიარებდა, რადგან ყველას ამოძრავებდა კინოს სიყვარული და იმის სურვილი, რომ შეგვექმნა საინტერესო ფილმი. სხვანაირად ფიზიკურადაც ვერ შევძლებდით ამ ყველაფერს. 

ფილმის იდეა დაფუძნებულია ბრიტანელი დრამატურგის, ჰოვარდ ბარკერის პიესაზე “ორმოცი” (2006). ჰოვარდ ბარკერი სახელგანთქმულია მისი ტერმინით “კატასტროფის თეატრი”, რითაც აღწერს თავის ნამუშევრებს. მის პიესებში ხშირად არის ისეთი თემები, როგორიცაა ძალაუფლება, ძალადობა და სექსუალობა. ფილმ “ცოდვაში” ვხვდებით კონფლიქტისა და მარტოობის სცენებს, რაც რეჟისორმა ერთი მხრივ, თეატრალური ფორმის შენარჩუნებით ფილმში გადაიტანა. 

ფილმში ახალგაზრდა ქალის სიყვარულისთვის ორი მამაკაცი ერთმანეთს ებრძვის. ომის დაწყებამდე ქმარი ქალს მოსთხოვს, შეწყვიტოს ურთიერთობა ახალგაზრდა მწერალთან. ქალი უარს ეუბნება. ომი იწყება და ორივე მამაკაცი ჯარში უნდა წავიდეს. მწერალი გაქცევას ცდილობს და მას აპატიმრებენ, უარყოფილი ქმარი კი ოფიცერი ხდება. ისინი ერთმანეთს სამხედრო ციხეში ხვდებიან, სადაც ორივე გამოცდას გადის. ახალგაზრდა ქალი ტოვებს ქალაქს და ციხეში მიდის იმ იმედით, რომ ვითარებას შეცვლის. ომი მთავრდება და ის ქალაქში ბრუნდება, რომელიც სრულიად შეცვლილია. დანაკარგისა და მარტოობის განცდას ქალი უფსკრულის პირას მიჰყავს. მოხუცებული კაცი მთაზე ადის, რომ სიცივეში მოკვდეს, რადგან ვერასდროს შეძლო შერიგება ქალთან, რომელიც უყვარს.

ამ გადაღებებზე ვისწავლე ყველაფერი ის, რაშიც რეალურად უნივერსიტეტი ასე პირდაპირ არ გამზადებს. ამ პროექტმა კიდევ უფრო დამაახლოვა კინოსამყაროსთან, რადგან რეალური შეხების საშუალება მომცა მასთან – დაწყებული ტექნიკური, დამთავრებული შემოქმედებითი კუთხით. ძალიან მომწონდა ის ფაქტი, რომ ძირითად შემთხვევაში ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება მიწევდა როგორც პროდიუსერს. მხიბლავდა ფორსმაჟორი და ბოლო წუთის ცვლილებები, რადგან ეს მეც და ჯგუფსაც კრეატიულობას გვმატებდა. მიყვარდა ჩვენი ძირითადი გადასაღები ლოკაცია – ღვინის ქარხანა, რომელიც ძალიან მისტიკური, ნესტიანი და ხელშეუხებელი იყო. 

აქ გავიცანი უამრავი ადამიანი, ვისთანაც დავმეგობრდი, შემიყვარდა და ბევრი თავგადასავალი გავიარე. ადრენალინს მმატებდა ღამე მოგზაურობა ჯგუფის წევრებთან ერთად, გვიან ღამით ბათუმში ჩასულების დაბინავება და მეორე დღისთვის მომზადება. ხშირად თარჯიმნობაც მიწევდა უილიამსა და უფროს მსახიობებს შორის, რაც კიდევ უფრო ღრმად მახედებდა რეჟისორის მოტივაციაში და მის რეჟისურაში.

იყო კრიზისული მომენტები, როდესაც გაქცეული ადამიანების მობრუნება მიწევდა. ეს ყველაფერი იმწუთას რთული, მაგრამ, იმავდროულად, სასიამოვნოც იყო. ჯგუფის წევრებთან ერთად კალანდაძეების ტერასაზე გატარებული საუკეთესო წუთებიც ამ ფილმის დამსახურებაა, სადაც ვმღეროდით, ვცეკვავდით, და კინოზე ვსაუბრობდით. გადაღების მიღმა ურთიერთობებმაც დამარწმუნა, რომ საჭიროა მჭიდრო კავშირი შემოქმედებით ჯგუფთან, რადგან ეს გმატებს ენთუზიაზმს მათთან ერთად შექმნა და გაიზიარო ის, რისი კეთებაც ძალიან გიყვარს. 

ეს პირველი რომანტიკული და პროფესიონალური შეხება იყო იმ სამყაროსთან, რომელიც კიდევ ერთხელ სამუდამოდ დამარწმუნებდა ჩემ არჩეულ პროფესიაში. ფილმის ფინალური სცენისთვის მომიწია ხელოვნური თოვლის გაკეთება. მცირე ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ შევძელით სპეცეფექტების გუნდის აყვანა, მაგრამ შევძელით სპეციალური “შემადგენლობის” ყიდვა, რომელიც წყალში გარევის მერე თოვლად იქცეოდა. ამ კონკრეტულ სცენას ვიღებდით ზაფხულში, გერგეთზე,  სადაც თოვლი საერთოდ არ იყო. სცენის დამაჯერებლობისთვის უნდა მოგვეფიქრებინა კონკრეტული კუთხეებიდან გადაღება, რომ ეს “ტყუილი” 

 

გამართლებული ყოფილიყო ეკრანზე. დამაჯერებლად უნდა გამოჩენილიყო დათოვლილ მთაში ასული, სიკვდილის სურვილით შეპყრობილი პერსონაჟიც. ვფიქრობ, რომ მეტ-ნაკლებად ეს შევძელით, ამაში ფონად  ყაზბეგის მყინვარი დაგვეხმარა. ეს ერთ-ერთი სახალისო მოგონებაა, რაც დამრჩა ამ გადაღებებიდან. 

 

კადრების ხსენებაზე არ შემიძლია არ ავღნიშნო სანდრო ვისოცკი, რომელიც ფილმის დამდგმელი ოპერატორია. ისიც ჩვენსავით სტუდენტი იყო, ლოძის კინოსკოლაში საოპერატორო ფაკულტეტზე სწავლობდა, როდესაც  დაგვთანხმდა ამ პროექტში მონაწილეობაზე.  მისთვის მთავარი გამოწვევა იყო ფილმის შავ-თეთრ ფორმატში გადაღება, რადგან შავ-თეთრი გამოსახულების ხარისხიანად გაკეთება კარგ კომპოზიციასა და განათებაზეა დამოკიდებული. ვთვლი, რომ ფილმს კარგი გამოსახულება აქვს.  

დიახ, ბევრი სხვადასხვა როლის მიღმა სეტზე სანდროს “ტილეშნიკიც” ვიყავი ხოლმე, როდესაც ამის დრო მქონდა 🙂 

ფილმი უჩვენეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წელს. ამის შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა სრული ფილმის მოკლედ დამონტაჟება, სადაც მხოლოდ მურმან ჯინორიას პერსონაჟის ხაზია ნაჩვენები. ამ ფილმს სახელად “სნო” ჰქვია. 

გიზიარებთ სრული ფილმის თრეილერს

ფილმში ძალიან საინტერესო მსახიობები შევკრიბეთ: სანდრო კალანდაძე, პაატა ინაური, ტატიანა სპივაკოვა, ლუანა დუშემი, მურმან ჯინორია, ლაურა რეხვიაშვილი, ირაკლი აფაქიძე, დარეჯან ხარშილაძე. მათთან მუშაობა ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო.

  • რეჟისორი: უილიამ ოლდროიდი;
  • სცენარი: ჰოვარდ ბარკერის პიესის, „ორმოცის” მიხედვით;
  • ოპერატორი: სანდრო ვისოცკი;
  • მუსიკა: ზურაბ ნადარეიშვილი;
  • კოსტიუმები: ქეთი კალანდაძე;
  • მონტაჟი: ლუის პრაისი;
  • ხმა: რიჩარდ თომასი;
  • პროდიუსერები: ბენ ვუდსმითი, ანა ხაზარაძე 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.