თვითიზოლაციაში შექმნილი იდეალური სამყარო – ანაკო ტურაშვილი
ავტორი: ანაკო ტურაშვილი
დასაბამად შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა.
ხოლო ქვეყანა იყო უხილავი და გაუმზადებელი, და ბნელი იყო უფსკრულზე, და სული ღვთისა მიმოიქცეოდა წყალზე.
და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი.
და შექმნა ღმერთმა კაცი, ღვთის ხატისაებრ შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი – დღე მეექვსე.
და დაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმეები, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისაგან, რაც გააკეთა.
ექვსი დღე დასჭირდა ღმერთს სამყაროს შესაქმნელად. შეასრულა თუ არა მან ეს საქმე კარგად და არის თუ არა სამყარო იდეალური ადგილი, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. 2020 წელს სახლებში აღმოვჩნდით, თვითიზოლაცია და ადამიანებისგან დისტანცია მოგვიწია, დრო გამოგვიჩნდა, შიშმა მოგვიცვა და კიდევ ერთხელ დავფიქრდით იმ კითხვებზე, რომლებზე პასუხებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვეძებთ, დროთა განმავლობაში ვუბრუნდებით ხოლმე და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილები ისევ დავფიქრდით, რატომ დავიბადეთ, რისთვის ვარსებობთ, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა იყო კაცობრიობის უდიდესი მიღწევები და როდის დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომები.
ისე მოხდა, რომ ამ ძნელბედობის ჟამს გამიმართლა და ახალ სამყაროში მოვხვდი, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად, თავად შევქმენი თვითიზოლაციაში.
ჩვენი იდეალური, პატარა, ახალი სამყარო ჩვენც ექვს დღეში შევქმენით. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პირველ დღეებში, როცა ჯერ კიდევ ათამდე ინფიცირებული გვყავდა და გვეგონა, შიდა გავრცელება ჯერ შორს იყო, სამსახურებიდან ონლაინ მუშაობაზე გადაგვიყვანეს და ჩვენც ავდექით და პარასკევს თბილისიდან გავიქეცით. ანამ, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, წინაპრების სახლი, სოფელ სნოში, რამდენიმე წლის წინ გესთ-ჰაუსად გადააკეთა და ტურისტებისათვის იდეალურ ადგილად აქცია. სწორედ აქ წამოვედით.
აქ ჩამოსულებმა ჯერ არ ვიცოდით, რომ ერთი-ორი კვირით კი არ გავედით ქალაქიდან, არამედ ჩვენი ახალი ცხოვრება იწყებოდა. არა მარტო ჩვენი, არამედ ყველასი, რადგან ახლა ყველანი ვაცნობიერებთ, რომ სამყარო, ცხოვრება და ადამიანები, აღარასოდეს იქნებიან ისეთები, როგორებიც 2020 წლის პანდემიამდე იყვნენ. სულ ცოტა ხანში გავაცნობიერეთ, რომ აქ დროებით არ ვიყავით, აქაურობასთან ადაპტაცია უნდა გვეცადა და ასეც მოვიქეცით, ჩვენ მდგომარეობას სახელი დავარქვით – “ჩვენი ახალი ცხოვრება” და რადგან მივხვდით, რომ აქ დროებით არ ვიყავით და გარემოსთან შეგუება დავიწყეთ.
ჩვენ აღარ ვგავდით მოხეტიალე ტომს და ეს აღარ იყო ჩვენი დროებითი საცხოვრებელი. ჩვენ აღარ ვიყავით სტუმრები, რომლებიც უნდა მოერგონ გარემოს და ისე დავიწყეთ მოქცევა, როგორც იქცევიან ადამიანები ყოველთვის.
ჩვენ გარემოს ჩვენივე თავზე მორგება დავიწყეთ, ჩვენი სახლი ყოველდღე უფრო კომფორტული ხდებოდა, მანამ სანამ ის არ გახდა იდეალური საცხოვრებელი ჩვენთვის. იდეალური სამყაროს შექმნა დიდ ძალისხმევას გულისხმობდა, ღმერთივით ვშრომობდით ექვსი დღე, რათა შეცდომა არ დაგვეშვა და ბზარი არ ჰქონოდა ჩვენს იდეალურ სამყაროს, ამიტომ მონდომებით ვეძებდით ყველა პატარა, დამალულ ბზარებს და ვავსებდით მთელი ძალისხმევით, რადგან თუ ვერ შევამჩნევდით მათ, ისინი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიყოლებდნენ ნანგრევებში.
ჩვენ კი უკვე ძალიან გვიყვარდა ჩვენი იდეალური, პატარა, ახალი სამყარო, რომელსაც მთელი მონდომებით ვაშენებდით. სადღაც შორიდან ყოველდღე ჩაგვესმოდა საინფორმაციო გამოშვებების და ბრიფინგების შემზარავი ხმები: “48 ინფიცირებული, 78 ინფიცირებული, შიდა გავრცელება, მეოთხეული გადაცემა, ვეღარ ვაჩერებთ, შემდეგი კვირები იქნება უმძიმესი, კუბოებს დავითვლით”. ეს იმ სამყაროდან და იმ ცხოვრებიდან მომავალი ხმები იყო, სადაც ადრე ვცხოვრობდით და ამაზე საუბარს ვერიდებოდით. ციფრულ ეკრანებზე ჩვენი წინა ცხოვრებიდან ჩვენი მეგობრები ინთებოდნენ და გამალებით გვთხოვდნენ, რომ დავრჩენილიყავით იქ, სადაც ვართ და უკან არ დავბრუნებულიყავით, რადგან წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რეალურად რა ხდებოდა სხვა სამყაროში.
ერთმანეთისთვის, აუცილებლობის გარდა, მძიმე ინფორმაციის გაზიარებისგან თავის შეკავება გადავწყვიტეთ, “მსოფლიოში ქეისების რაოდენობამ… ანდა არაფერი…” მხოლოდ თვალებით ვუზირებდით ერთმანეთს ამ დარდს და შიშს, რომელიც ჩუმად თან გვდევდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ წამოვედით, იმ სამყაროსთან ისევ გვაკავშირებდა ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის – ადამიანები. ჩვენი ადამიანები, რომელთა გამოც ყოველ საინფორმაციოსა და ახალ ამბავზე, სადღაც გულში გაგვკრავდა ყველაზე უფრო ძლიერი და შემზარავი ემოცია – შიში. ჩვენს იდეალურ, პატარა, ახალ სამყაროში ერთმანეთზე ზრუნვა, პატივისცემა და დემოკრატია უმაღლეს საფეხურზე პირველივე დღიდან ავიყვანეთ, ამიტომაც, როგორც აღვნიშნე, აუცილებლობის გარდა, ცუდი ინფორმაციის გაზიარებისგან თავის შეკავება გადავწყვიტეთ, გამოვრთეთ სოციალური ქსელები და არც ჩაგვირთავს, ისედაც არ არსებული ტელევიზორი. თურმე იდეალურ სამყაროებში ტელევიზორი არ არსებობს.
თორმეტნი ვართ. ექვსი ზრდასრული, ორი ბავშვი და ოთხი ძაღლი.
რამდენიმე ჩვენგანი ერთმანეთს აქ ჩამოსვლამდე არც იცნობდა, თუმცა მეშვიდე დღეს, როდესაც სამყაროს შექმნა დავასრულეთ და დასასვენებლად მაგიდას მივუსხედით, ერთმანეთს შევხედეთ და უკვე ვიცოდით, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ერთი ოჯახი ვიყავით. იდეალური სამყაროს შესაქმნელად სიყვარული უმთავრესი ყოფილა, ამას მოჰყვება პატივისცემა და მზრუნველობა, სწორედ ასე გავინაწილეთ მოვალეობები, რომლის მიხედვითაც უნდა გვეცხოვრა და თუ მივყვებოდით მას და ყველა თავის საქმეს გააკეთებდა, მშვიდობა სამუდამოდ გაგრძელდებოდა და ჩვენ სამყაროში არ გავრცელდებოდა სხვადასხვა ეპიდემიები, არ მოხდებდა ტერორისტული აქტები და მსოფლიო ომები, რომლებიც დამღუპველი აღმოჩნდებოდა ჩვენი სამყაროსათვის.
სწორედ ასე მუშაობს იდეალური სამყარო, ყველა თავის საქმეს აკეთებს და როცა ასე ხდება, მაშინ საფრთხეც აღარ არსებობს, მაშინ მიდის სამყარო წინ და არა უკან, სწორედ ასე ხდება განვითარება და წინსვლა. პატარა სამყაროს მაგალითზე ამის დანახვა უფრო ადვილი აღმოჩნდა, რაც უფრო ვუვლით ჩვენს სამყაროს და ერთმანეთს, რაც უფრო ზედმიწევნით ასრულებს ყველა თავის მოვალეობას და აკეთებს თავის საქმეს, მით უფრო მეტი დრო გვრჩება ახალი საქმისთვის, შრომისთვის, ფიქრისთვის, სწავლისთვის. მართალია, სამყარო ექვს დღეში შევქმენით, მაგრამ მისი განვითარება არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია და ამიტომაც ყოველდღე უფრო უკეთეს სამყაროში ვიღვიძებთ და ყოველი დილა უფრო ბედნიერი და ნაყოფიერი თენდება და ჩვენი სამყაროც უფრო იდეალური, დახვეწილი და ჰარმონიული ხდება.
არასწორი კომუნიკაცია კაცობრიობის ისტორიაში ხშირად გამხდარა უბედურების მიზეზი, ჩვენ ეს ვიცით, ამიტომაც იდეალურ სამყაროში კომუნიკაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ერთმანეთს ყოველთვის ვუსმენთ და ვითვალისწინებთ, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ომებს და ჩვენ არ დავემსგავსებით ბოროტების სახედ ქცეულ დიქტატორთა ხატებს ჩვენი წინა ცხოვრებიდან. აქ ყველა თანასწორი და თავისუფალია. ადამიანთა სიცოცხლეს არ შევწირავთ არარსებულ იდეებსა და არარსებულ გმირებს. ვეთაყვანებთ იმას, რასაც ვხედავთ, მზესა და ვარსკვლავებს, რაც გვაძლევს სითბოს და სილამაზეს. და აქ, სადაც გარშემო მხოლოდ მთები გვაქვს და ასე ახლოს ვართ ცასთან, კიდევ უფრო კარგად ვგრძნობთ მზის, მთვარის და ვარსკვლავების ძალას და როგორც უძველესი ტომები ჩვენს წინა ცხოვრებაში, ისევე ჩვენ, იდეალურ, პატარა, ახალ სამყაროში, ყოველდღე მადლობას ვეუბნებით კოსმოსს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს და ღმერთებს ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. ჩვენ დავუახლოვდით მიწას და მცენარეებს, გავაშენეთ ბაღი, ჩვენთან ყოველთვის ისმის მუსიკა და ჩვენ ხშირად ვცეკვავთ ისე თავისუფლად, როგორც ვგრძნობთ. ჩვენ ავაშენეთ კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და შევქმენით იდეალური განათლების სისტემა.
იდეალურ სამყაროში მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტი გვაქვს, პოლიეთილენის ნაცვლად, ბიოდეგრადირებად პარკებს მოვიხმართ, ამიტომაც ჩვენ ოკეანეებში 35 წელიწადში უფრო მეტი პოლიეთილენი არ იცურავებს, ვიდრე თევზი, პირიქით, ჩვენი ოკეანეები სავსე იქნება ნაირ-ნაირი თევზებით, რომლებიც ბედნიერად იცურავებენ სუფთა ოკეანეებში, რადგან ისინი იდეალურ სამყაროში იცხოვრებენ. რამდენიმე ჩვენგანი ვეგეტარიანელია, ამიტომ ხორცს იშვიათად ვჭამთ და ჩვენ სამყაროში ცხოველები არ გადაშენდებიან, ისინი ბედნიერად იცხოვრობენ და ბრაკონიერები უკანასკნელ თეთრ ჟირაფებს და ვეშაპებს არ დახოცავენ.
ისე მოხდა, რომ საკრალურ თორმეტში გენდერული ბალანსი სრულიად დაცული აღმოჩნდა. გენდერული თანასწორობის გამოწვევაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი იდეალური სამყაროსთვის და თურმე იდეალურ სამყაროში ყველაფერი სხვანაირადაა. თურმე სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ღმერთს იმ ექვს დღეში სქესის მიხედვით არაფერი გაუნაწილებია. ჩვენც ასე მოვიქეცით, უფრო სწორად კი, ეს თავისთავად მოხდა. აქ მივხვდით, რომ გენდერული დაყოფა ღმერთისგან დამოუკიდებლად, დიდი ხნის შემდეგ, ვიღაცამ უბრალოდ გამოიგონა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რაღაც, რამაც კაცობრიობის განვითარებას ხელი შეუშალა, უკან დახია და უფრო ცუდ ადგილად აქცია სამყარო, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
იდეალურ სამყაროში ქალები ამას აკეთებენ და კაცები ამას, არ არსებობს.
იდეალურ სამყაროში ყველაფერი ინდივიდუალურია, აქ ყველას ის საქმე აქვს მორგებული, რაც გამოსდის, შეუძლია და მისთვის მისაღებია. იდეალურ სამყაროში არ არსებობს ქალების და კაცების საქმე, ან ქალების არ საქმე და კაცები არ საქმე. თურმე ღმერთს მსგავსი არაფერი გაუკეთებია და გენდერული დაყოფა, მოგვიანებით, ადამიანების მიერ მოგონილი ბოროტებაა.
იდეალურ სამყაროში ჩვენი ცხოველები, ამ შემთხვევაში ჩვენი ძაღლები, იდეალურად თანაცხოვრობენ ადამიანებთან და ერთმანეთთან. იდეალურ სამყაროში, ყოველი არსება თანასწორი და დაფასებულია, რადგან მათ გარეშე, ძალიან ერთფეროვანი იქნებოდა ადამიანთა ყოფა. ჩვენ იდეალურ, პატარა, ახალ სამყაროში ყველა ცხოველთან, ფრინველთან, ქვეწარმავალთან და მწერთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ და მათზე ვზრუნავთ.
და ბოლოს, ჩვენი იდეალური, ახალი, პატარა სამყარო სიყვარულის ძალით არსებობს.
ჩვენი იდეალური სამყარო შეყვარებული წყვილის, დედა-შვილის, მამა-შვილის, ბავშვობის მეგობრების, დეიდაშვილების და ახლად დამეგობრებული ადამიანების სიყვარულზე დგას. ასე ავაშენეთ იდეალური ახალი სამყარო სნოში, თვითიზოლაციაში, ამ წერილს ვაგზავნი აქ ყოფნის საკრალურ მეორმოცე დღეს და ჩვენთან ყველაფერი ჯერ ისევ იდეალურადაა.
და ალბათ თქვენც, ისევე როგორც ჩვენ, ვაცნობიერებთ, რომ სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის პანდემიამდე იყო და ადამიანები გარეთ გამოსვლის შემდეგ სულ სხვანაირები იქნებიან, ამიტომაც შევეცადოთ, როდესაც გამოვალთ გარეთ და დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას, ჩვენი სამყარო ვაქციოთ იდეალურ ადგილად, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ნამდვილად ვისწავლეთ აქ, ჩვენც იდეალურ, პატარა, ახალ სამყაროში, რომელიც სავარაუდოდ, დიდი გამყინვარების შედეგად განადგურდება, რადგან ახლა მინუს 16 გრადუსია და ჩვენც დავბრუნდებით უკან, ძველ ცხოვრებაში, მაგრამ ყოველდღე შევეცდებით, ისევე როგორც ალბათ თქვენც, ამ პანდემიის შემდეგ, რომ სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციოთ და ახლა უკვე ნამდვილად ვიცით, როგორც.
და ბოლოს, მადლობა ადამიანებს, რომლებთან ერთადაც იდეალური სამყაროს შექმნა ვისწავლე, მადლობა ანა პეტრიაშვილს, ლუკა ბეროზაშვილს, თინა ქარელს, დიმიტრი შარაშიძეს, მერაბ კეჩხოშვილს, ავე კეჩხოშვილს, თამარ მერლანს, ჩესტერს, რუსოს, ბარბოსას და ტიკის.
როგორც იტალიელები ამბობენ, როდესაც ისევ შევძლებთ ერთმანეთთან ჩახუტებას, ეს იქნება ულამაზესი.