ნათელა გრიგალაშვილის პროფილი – „თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი“
Propaganda.network და At.ge რეგულარულად შემოგთავაზებთ ბლოგებს, რომელთა მიზანი „თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი“ – archive.propaganda.network-ის პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის პოპულარიზაცია და ზოგადად, თანამედროვე ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
ბლოგებში ხელოვანის ბიოგრაფიულ/პროფესიულ ცნობებსა და ნამუშევრებთან ერთად შეძლებთ გაეცნოთ ლაკონიური კითხვა-პასუხის სექციასაც.
დღეს წარმოგიდგენთ ფოტოხელოვანის, ნათელა გრიგალაშვილის პროფილს.
ნათელა გრიგალაშვილი თბილისში მოღვაწე, ფოტო- და კინორეპორტიორის გამოცდილების მქონე ფოტოდოკუმენტალისტია. კარიერის ადრეულ ეტაპზე შავ-თეთრ ფირს იყენებდა. 10 წელზე მეტია, რაც უპირატესობას ფერად ფოტოგრაფიას და ციფრულ კამერას ანიჭებს.
ხელოვანი, ძირითადად, გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს საქართველოს სოფლებსა და პროვინციულ ქალაქებში, რის ფარგლებშიც ის ადგილობრივთა ცხოვრების წესს და გამოწვევებს აკვირდება და შეისწავლის… ისტორიები კი, საბოლოოდ ფოტოსერიების საშუალებით გადმოიცემა.
2007 წელს ნათელა გრიგალაშვილი იღებს ალექსანდრე როინიშვილის პრემიას ფოტოგრაფიაში; 2015 წელს აარსებს ფოტოსააგენტოს – Kontakt Photos და ფოტოგრაფიის კლუბებს რეგიონებში: 2014 წელს – ჯავახეთში, 2015 წელს – პანკისის ხეობაში და 2016 წელს – აჭარაში.
Q&A
რომ შეგეძლოთ აღგებეჭდათ რომელიმე ის მოვლენა/პროცესი, რაც ფოტოკამერის გამოგონებამდე მოხდა, რას აარჩევდით?
შორეული ბავშვობიდან, რამდენიმე სათავგადასავლო წიგნის გავლენით, დავინტერესდი და დღემდე მომყვება ეს ინტერესი ამერიკის ევროპელთა მიერ კოლონიზაციის, მისი წინარე, თანამდევი და შემდგომი პროცესების შესახებ. გადავიღებდი იმ ცვლილებებს, რაც ევროპელთა ამერიკაში მოსვლამ აბორიგენთა ცხოვრებაში გამოიწვია. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები ძალზე სისხლიანი, ტრაგიკული და მტკივნეულია და რეალურად, შანსიც რომ მომეცეს დროში მოგზაურობის, ამ მიზეზების გამო, შეიძლებოდა უარიც მეთქვა, მაგრამ მთელი ეს პერიოდი, თავისი ტრაგიკულობით, მისტიკურობითა და დაძაბულობით ბავშვობიდან მიღიზიანებდა ცნობისმოყვარეობას, მსურდა, რომ იმ დროს მიმდინარე მოვლენების შემსწრე ვყოფილიყავი.
რა არის ის ეთიკური ნორმები, რომლებიც ფოტოხელოვანმა ყოველთვის უნდა დაიცვას?
ჩემთვის, როგორც ფოტოჟურნალისტისა და დოკუმენტალისტისთვის უმნიშვნელოვანესია ორი რამ – იმ ადამიანების ღირსების პატივისცემა, რომელთაც ვიღებ და რეალობის არგაყალბება. მიმაჩნია, რომ ადამიანი უპირველესია, შემდეგ მოდის ფოტო. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრჯერ მითქვამს უარი კარგი ფოტოს გადაღებაზე, რადგან იმ მომენტში კამერის აღება და გადაღების დაწყება ირიბად ან პირდაპირ ვინმეს გრძნობების მოუფრთხილებლობა და ჩემი მხრიდან უპატივცემულობა იქნებოდა.
ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღბეჭდავ ადამიანს. პირადად ჩემთვის მიუღებელია კარგი ფოტოს მიღება ვიღაცის დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში წარმოჩენით. არ ვიღებ და არც მაქვს სურვილი გადავიღო ის ადამიანები, რომლებიც კადრში მოხვედრას კატეგორიულად ერიდებიან, რადგან ვიცი, რომ ისინი თავს კომფორტულად არ გრძნობენ. კარგად მესმის, რას ნიშნავს ეს მათთვის, რადგან მე თვითონაც ძალიან არ მიყვარს, როცა მიღებენ.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც თავიდან ამბობენ უარს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, როცა ვსაუბრობთ და ერთმანეთს ვეცნობით, მთანხმდებიან, მოგვიანებით კი ისე თავისუფლდებიან, რომ საერთოდ ვეღარ გრძნობენ, როცა ვიღებ. ამასთანავე, როცა ფოტოგრაფი ზემოხსენებულ ორ ჟანრში მუშაობს და კონკრეტული ადამიანების, მათი ცხოვრების ან მოვლენების შესახებ იღებს, საჭიროა, რომ მაქსიმალური ობიექტურობა დაიცვას და არ გააყალბოს ფაქტები.
თქვენი სხვადასხვა შინაარსის/ტიპის ფოტოსერიები სპეციფიკური ხელწერით ერთიანდება. რომელ მუსიკალურ ჟანრს ან კონკრეტულ კომპოზიციას შეადარებდით თქვენს მხატვრულ ხელწერას?
ზოგადად, ჩემს ფოტოებზე საუბარი და მათი შეფასება ძალიან მიჭირს, მით უმეტეს, ამ მხრივ. ერთხელ გამოფენაზე ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მითხრა, რომ ჩემი ფოტოების თვალიერებისას მუდმივად ბეთჰოვენის „პასტორალი“ უტრიალებდა თავში. ვერ ვიტყვი, რამდენად შეეფერება ეს კონკრეტული კომპოზიცია ჩემს ფოტოებს, მაგრამ მისი ეს სიტყვები გულში ჩამრჩა, რადგან ძალიან გამიხარდა.
სრული ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ხელოვანის პროფილის ბმულს არქივის პლატფორმაზე.
თანამედროვე ხელოვნების არქივს საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა თინათინ ასათიანის და თეონა ცინცაძის მიერ, ზაზა დარასელის ფონდის მხარდაჭერით.
2017 წელს აჭარა ჯგუფისა და ფილანთროპ თემურ უგულავას ხელშეწყობით განვითარდა პროექტის ონლაინ პლატფორმა – archive.propaganda.network, რომელიც მოცემულ მომენტში აერთიანებს:
- 128 ხელოვანის პორტფოლიოსა (3401 ნამუშევარი) და შესაბამის დოკუმენტურ მასალებს;
- 5 კერძო არქივის კოლექციას;
- Artarea 2.0-თან თანამშრომლობით შექმნილ 12 ვიდეოინტერვიუს;
- 1970-იანი წლების არტკონტექსტის მიმოხილვით მონოგრაფიას და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ხელშეწყობით განხორციელებული „პროცესის“ ინტერაქციულ ველს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული სახელოვნებო მოვლენის შესახებ, რამაც თავისი წვლილი შეიტანა ქართული თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობის შექმნასა და ზოგადად, სექტორის ფორმირებაში.
პროპაგანდას გუნდი განსაკუთრებულ მადლობას უხდის: ხელოვანებს, კურატორებს, მკვლევრებს და ხელოვნების მენეჯერებს თანამშრომლობისა და არქივის ერთობლივად განვითარება-გამდიდრებაში შეტანილი წვლილისთვის.