საბჭოთა დროშა რაიხსტაგზე – რამდენჯერ აღმართეს საბჭოთა ჯარისკაცებმა გამარჯვების ალამი
ევგენი ხალდეის ისტორიული ფოტო ლონდონის ატლასის გალერეის გამოფენის, საბჭოთა ფოტოგრაფიის შედევრების ერთ-ერთი ექსპონატი იყო. “ამ ფოტოს უკან საოცარი ისტორია იმალება და ის იდუმალებითაც კია მოცული, – ამბობს ატლასის თანადამფუძნებელი ბენ ბურდეტი, – ეს დადგმული კადრია, მაგრამ ამის კარგი მიზეზიც არსებობდა, რადგან როცა ალამი პირველად აღიმართა, რაიხსტაგის სახურავზე ფოტოგრაფი არ იმყოფებოდა. ამიტომ ამ მოვლენის აღსაბეჭდად ხალდეი მეორე დღეს ჯარისკაცებთან ერთად ავიდა იმავე ადგილას და სცენა გაათამაშებინა”.
ოფიციალური საბჭოთა ვერსიით, რაიხსტაგზე წითელი დროშის აღმართვის კადრში ქართველი მელიტონ ქანთარია და რუსი მიხაილ ეგოროვი არიან გამოსახული.
1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გავრცელებული ვერსიით, კადრში სხვა ადამიანები – ალიოშა კოვალიოვი, აბდულახიმ ისმაილოვი და ლეონიდ გორიჩევი არიან, რომლებმაც ფოტოგრაფის თხოვნით დროშის აღმართვის სცენა ხელახლა დადგეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტოს ორიგინალზე ისმაილოვს ორივე ხელზე (სავარაუდოდ, ნაძარცი) საათი უკეთია, რაც მოგვიანებით “ჩაასწორეს”.
ფოტოს, მეტი დრამატიზმისთვის, ფონზე ასევე დაემატა ქალაქში გაფანტული კვამლი.
სხვადასხვა ისტორიული წყაროების მიხედვით, ეს არ იყო რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვის პირველი ფოტო. 2007 წელს რუსეთის სამხედრო ისტორიის ინსტიტუტის გავრცელებული ინფორმაციით, არსებობდა კიდევ ერთი ჯგუფი – ყაზახი რახიმზან კოშკარბაევი და რუსი გრეგორი ბულატოვი, სამხედრო ფოტოგრაფ რომან კარმენთან ერთად ჯერ კიდევ 30 აპრილს ავიდნენ რაიხსტაგის სახურავზე, სადაც 10:30-ზე აღმართეს დროშა.
ვეტერანების ზეპირი გადმოცემით, ფოტოგრაფი რომან კარმენი იხსენებს, რომ მათ მიიღეს ბრძანება მოსკოვიდან, რომ გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს უნდა აღემართათ, მაგრამ გაჩერება რთული იყო. “მე მიბრძანეს კადრების განადგურება, მაგრამ ისინი არქივებშია დაცული”, – ამბობს ფოტოგრაფი.
გავრცელებული ვერსიით, საბჭოთა ჯარებს რაიხსტაგის აღების დასრულება 30 აპრილსვე სურდათ პირველი მაისის სიმბოლურად აღსანიშნავად, თუმცა შენობაში დარჩენილი ბოლო გერმანელი ჯარისკაცები მხოლოდ 2 მაისს დანებდნენ.
სხვადასხვა დოკუმენტური წყაროების მიხედვით, 30 აპრილიდან 2 მაისამდე საბჭოთა კავშირის დროშა რაიხსტაგზე, საბჭოთა ჯარისკაცების სხვადასხვა ჯგუფებმა რამდენჯერმე აღმართეს.
3,477 total views, 4 views today