fbpx

მზადდება “ანტისხეულების კოქტეილი”, რომელიც ადამიანებს ვირუსისგან, სავარაუდოდ, 2 თვით დაიცავს


გააზიარე სტატია


ავტორი: Dan Robitzski

 

კორონავირუსის პრევენციის მკურნალობის შესაქმნელად, ექიმები იმ ათასობით პაციენტს აღრიცხავენ, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ. უფრო კონკრეტულად კი, ისინი იმ ანტისხეულებს “აღრიცხავენ”, რომლებიც გამოჯანმრთელებული პაციენტების იმუნურმა სისტემამ გამოიმუშავა ვირუსის საწინააღმდეგოდ. 

“სინას მთის ჯანდაცვის სისტემის” ექიმებმა და სამედიცინო მკვლევრებმა, ფარმაცევტულ კომპანია Sorrento Therapeutics-თან პარტნიორობით დამცავი ანტისხეულების კლონირება დაიწყეს, რათა ე.წ.  ფარმაცევტული კოქტეილის მასობრივი წარმოებისთვის გამოიყენონ.

როდესაც მას ჯერ კიდევ არაინფიცირებული ადამიანისთვის გამოიყენებენ, ამ ანტისხეულებმა შესაძლოა, ვაქცინის მსგავსად, ხელი შეუწყონ კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნური სისტემის გაძლიერებას. ექიმები იმედოვნებენ, რომ “ფარმაცევტული კოქტეილი” იმ პაციენტებსაც დაეხმარება, რომლებიც ინფიცირებულები არიან, მაგრამ ჯერ ვირუსი არ დაუმარცხებიათ.

Sorrento Therapeutics-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჰენრი ჯის განცხადებით, ჯერ კიდევ არშექმნილი მკურნალობის მეთოდი, სავარაუდოდ, პაციენტებს ორი თვის განმავლობაში დაიცავს –  და ამან შესაძლოა უფრო მეტი ადამიანი დაიცვას, ვიდრე ვაქცინამ.

“ვაქცინას დრო სჭირდება იმუნიტეტის გამოსამუშავებლად და ყველას არ ექნება რეაგირება ვაქცინაზე, განსაკუთრებით კი ასაკოვან და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს.

ანტისხეულების  გამანეიტრალებელი კოქტეილი პაციენტის ვაქცინაზე რეაგირების საჭიროებას გვერდს უვლის და ინიექციის დროს დაუყოვნებლივ იმუნიტეტს იძლევა”.

“სინას მთის” პარტნიორობით, სორენტოს მკვლევრებს დაახლოებით 15 000 პაციენტის სისხლის ნიმუშთან ექნებათ წვდომა. ყველა მათგანის დიაგნოსტიკური ტესტირება ჩაატარეს კორონავირუსისთვის, ტესტი კი “სინას მთის” მიკრობიოლოგმა ფლორიან კრამერმა შეიმუშავა, რომელმაც გადაუდებელი დახმარების ავტორიზაცია მიიღო FDA-სგან. საბოლოო ჯამში,  სორენტო იმედოვნებს, რომ იმ ანტისხეულების იდენტიფიცირებას მოახდენენ, რომლებიც ყველაზე ძლიერ დაცვას უზრუნველყოფენ კორონავირუსისგან, შემდგომ კი მათ კლონირებას აპირებენ.

“გვჯერა, რომ როდესაც ქვეყანასა და ეკონომიკას გავხსნით, SARS-CoV-2-ის ინფექცია ისევ გავრცელდება.  სამწუხაროდ, მუტაციები მოხდება და შესაძლოა დროთა განმავლობაში სხვადასხვა თერაპია არაეფექტური გახდეს”, – განაცხადა ჰენრი ჯიმ პრესრელიზში. იმაში დასარწმუნებლად, რომ კორონავირუსი კოქტეილთან არ ადაპტირდება და მას ეფექტურობას არ დაუკარგავს, აქვთ გეგმა, რომ 3 განსხვავებული სახის ანტისხეული გამოიყენონ. ამ გზით, ეს თერაპია მდგრადი იქნება ვირუსის შემდგომი მუტაციების მიმართ. 

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ უახლოეს თვეებში დაიწყებენ კლინიკურ კვლევებს როგორც დაავადებულ, ასევე არაინფიცირებულ პაციენტებზე. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ექსპერიმენტული თერაპია, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი, სექტემბერში კი გუნდი მას  FDA-ს წარუდგენს ნებართვის მისაღებად. “ველოდებით, რომ ანტისხეულების იდენტიფიცირებას მაისის ბოლომდე შევძლებთ და კლინიკისთვის მზად ივლისის შუა რიცხვებში იქნება”.

 

ორიგინალი: https://futurism.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.