როგორ დავიბრუნოთ ძილი?!
ავტორი: თამარ ბენდელიანი
იცოდით, რომ სრულყოფილად ძილს შეუძლია შფოთვის, სტრესის შემცირება და თქვენს კარგ განწყობაზე “ზრუნვა”?! – ეს დამერწმუნებით, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება.
მიმდინარე პანდემიის დროს მობილურს და კომპიუტერს უფრო მეტი სიხშირით ვიყენებთ, რომლებიც ძილზე პასუხისმგებლობის მქონე ჰორმონს, მელატონინს “მოუწოდებს“, რომ მისი გამოყოფა დიდად საჭირო არ არის, რაც თავისთავად აფერხებს ჩაძინების პროცესს.
მელატონინთან უფრო მეტად რომ ვიმეგობროთ და დავიბრუნოთ ძილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, მუდამ მხნე მეხსიერებისა და მენტალური, ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის – აი რა არის მთავარი:
შინ დარჩენა არ ნიშნავს უმოძრაოდ ჯდომას
თუ ფიტნესი თქვენი მოწოდება არ არის, იქნებ ცეკვა ზუმბა იყოს?! დღის ენერგიულად და ხალისიანად დასაწყებად შეგიძლიათ ეს იდეა ოჯახის წევრებსაც გაუზიაროთ. თუ ოჯახის წევრები ვერ აიყოლიეთ, ჩაერთეთ მეგობრებთან ვიდეოზარებით და Youtube-ზე ერთად შეარჩიეთ სასურველი მოძრაობები.
რუტინის აუცილებლობა
ეცადეთ დაიძინოთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, რაც ორგანიზმს პირობითი რეფლექსის გამომუშავებაში დაეხმარება, თვითიზოლაციისას დღის განმავლობაშიც რუტინის აუცილებლობა დაგეხმარებათ იყოთ უფრო მეტად პროდუქტიულები და დრო გონივრულად გაანაწილოთ.
უთხარით “არა” შუადღის მოკლე ძილს და კოფეინს!
დღის განმავლობაში, განსაკუთრებით, სისტემატური უძილობის დროს, ძილი ეცდება “მოგერიოთ” – მოგეჩვენებათ, რომ შუადღის მცირე ხნით ჩაძინებით სასურველ ენერგიას დაიბრუნებთ, მაგრამ ეცადეთ მაქსიმალურად გადაიტანოთ ყურადღება და დაიტვირთოთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით, რადგან დღის განმავლობაში “ჩათვლემა” ღამე ჩაძინებას კიდევ უფრო გაგიძნელებთ. სასურველია, აკონტროლოთ კოფეინის რაოდენობა და ეცადეთ, საღამოს მისი მიღება საერთოდ გამორიცხოთ.
“ძილის წინ“
გარემო, საძინებელი ოთახი, სადაც გძინავთ, ძალიან დიდ როლს თამაშობს სრულყოფილი ძილისთვის.
მელატონინის სეკრეცია დამოკიდებულია შესაბამის პირობებზე. ამიტომ, აუცილებელია ჰორმონს მეგობრული გარემო შეუქმნათ: დღის განმავლობაში საძინებელი აუცილებლად გაანიავეთ, ღამით კი ეცადეთ ოთახი მაქსიმალურად ჩაბნელებული იყოს, რადგან ასეთ დროს ჰორმონის გამომუშავება უფრო აქტიურია, ნებისმიერი ეკრანის ხელოვნური ლურჯი სინათლეც კი მელატონინის “მტერია“.
მოიწყვეთ ძილის წინ მაქსიმალური იდილია: ჩართეთ პოზიტიური ფიქრები, ნაკლები განათება და თქვენ ფერად სიზმრებსაც კი დაიმსახურებთ.