fbpx

კოპენჰაგენმა მოტივტივე საზოგადოებრივი პარკების ქსელის გეგმა წარადგინა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Sasha Brady

 

კოპენჰაგენის დიზაინერებმა ქალაქის ცენტრში “პარკიპელაგის” მოწყობის შესახებ გეგმა წარადგინეს. მოტივტივე პარკების ქსელი ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

დანიის დედაქალაქი რეგულარულად ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და ჯანმრთელი ქალაქების სიაში მოწინავე ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად, ცხოვრების მაღალი სტანდარტი, ოპტიმალური ბალანსი სამსახურსა და ცხოვრების დონეს შორის, სამართლიანი იქნება აღინიშნოს, რომ ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს მდგრადი ურბანული დაგეგმვაც თამაშობს –  ქალაქში ველოსიპედების ფართო ქსელია, ურბანული წყლები კი ისეთი სუფთაა, რომ მსურველებს ბანაობაც კი შეუძლიათ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობის 83% მწვანე საფარისგან 300 მეტრის რადიუსში ცხოვრობს.

სულ მალე ადგილობრივი მოსახლეობისთვის კოპენჰაგენის კუნძულების პროექტის წყალობით ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. ავსტრალიელი არქიტექტორის, მარშალ ბლეკერისა და დანიური დიზაინის სტუდიის, Studio Fokstrot-ის მიერ შემუშავებული არაკომერციული პროექტი გულისხმობს ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებული მასალისგან შექმნილი კუნძულების ქსელს, რომელიც განთავსებული იქნება ქალაქის ნავსადგურებში.

CPH-Ø1-ის სახელით ცნობილი პირველი კუნძული 2018 წელს გამოჩნდა, როგორც 215 კვ. ფუტის დოკი. სტუდია  Studio Fokstrot-ის თანახმად, პარკი  ვიზიტორებს ცვალებად მწვანე სივრცეს სთავაზობს, რომელიც ასევე ფოტოგრაფიულ გამოფენას, საუბრების სერიასა და ზღვისპირა პიკნიკებს უმასპინძლებს. პორტში წელს კიდევ სამ კუნძულს გაუშვებენ, ხოლო 2021 წელს უფრო მეტი იგეგმება.

კუნძულებით სარგებლობა საზოგადოებისთვის უფასო იქნება. მსურველებს  შეეძლებათ მოტივტივე პარკებში სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ. კუნძულზე იქნება უსაფრთხო საცურაო ზონები, ბაღები, კაფეები და მოტივტივე ურბანული მეურნეობები. ბოლო წლების განმავლობაში კოპენჰაგენის ნავსადგურებში კაიაკების, ნავების, მეზღვაურების, მოცურავეების, მეთევზეებისა და ტურისტების რიცხვის ზრდა შეინიშნება, ამიტომ კუნძულები მათ სხვადასხვა საჭიროების გათვალისწინებით მოემსახურებიან.

ხის ნავები ტრადიციული ტექნიკით დამზადდება,  კუნძულები ქალაქის გემთმშენებლობის სივრცეში აიგება და ენდემური ხეებითა და ბალახის სახეობებით გამწვანდება. ისინი  უსაფრთხოების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით სეზონურად ისე შეიცვლიან ადგილს,  რომ   კონკრეტული რაიონები არ გადაიტვირთოს და ამავე დროს, სხვა ადგილებმაც შეიძინონ ახალი სიცოცხლე.



პროექტმა, რომელსაც მხარს ქალაქის საბჭო უჭერს, ტაიპის საერთაშორისო დიზაინის ჯილდო მოიპოვა საზოგადოებრივი სივრცისა და სოციალური დიზაინის კატეგორიებში.  ის ასევე  ლონდონის დიზაინისა და დანიის დიზაინის მუზეუმების კონკურსების  ფინალისტი გახდა. 

ორიგინალი: https://www.lonelyplanet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.