fbpx

ქართველი მხატვრის – ილია ზდანევიჩისა და კოკო შანელის მეგობრობის ისტორია


გააზიარე სტატია

ავტორი: დათო კოროშინაძე

ილია ზდანევიჩის მემკვიდრეობა არაერთ მიმართულებას მოიცავს: პოეზია, დიზაინი, არტისტული წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, კრიტიკა, მანიფესტები და ესსეისტიკა. ზდანევიჩის კვლევები უსასრულოდ გრძელდება რუსული ავანგარდიდან ქართულ ავანგარდამდე, ქართული ავანგარდიდან მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობამდე და მსოფლიო კულტურიდან თანამედროვე ხელოვნებამდე. 

პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი არაერთი მანიფესტის, აქციის, საჯარო მოხსენების, გამოფენის და წიგნის ავტორი იყო. ზდანევიჩმა, მხატვარ ლე დანტიუსთან ერთად აღმოაჩინა ფიროსმანი. ის იყო მონაწილე და ავტორი თბილისური დადაისტური ჯგუფის, „41 გრადუსი“. მას ეკუთვნოდა ავანგარდულ წრეებში ყველაზე გამომწვევი კონცეფცია „ვსიოჩესტვო“ („ყველაფრიზმი“), რომელშიც ზდანევიჩმა გამოაცხადა, რომ დრო არ არსებობს, რომ ავანგარდისტები პირამიდების თანამედროვეები იყვნენ. ამ გზით, მან დაუდო საფუძველი ისტორიულ პლურალიზმს, რომელშიც ყველა ხელოვანს თავად შეეძლო წარსულის გადარჩევა და მასზე მუშაობა. მიუხედავად ამისა, მისი ბიოგრაფიის ბევრი დეტალი უცნობია.

ერთ-ერთი ნაწილი კი, რომელიც ხშირად იქცევს ყურადღებას, ილიაზდის  და კოკო შანელის მეგობრობაა.

20-იან წლებში, როდესაც საქართველოში ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა გაუარესდა, ზდანევიჩმა საფრანგეთში მოახერხა წასვლა, სადაც მჭიდრო კონტაქტი დაამყარა ადგილობრივ ავანგარდისტ მხატვრებთან, მათ შორის, პაბლო პიკასოსთან, რომლითაც დიდი ხნის განმავლობაში იყო გატაცებული. პარიზში ის მეგობრობდა რუს მხატვრებთან და ავანგარდისტებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ქალაქის სახელოვნებო ცხოვრებაში. 

1925 წელს, პარიზში, ზდანევიჩის ესთეტიური ხელმძღვანელობით იმართებოდა მდიდრული საქველმოქმედო წვეულებები. ამ წვეულებებს, არტისტების მხარდაჭერის მიზნით კოკო შანელიც ესწრებოდა. ის ხელოვნების დიდი მეცენატი იყო. შანელი ავანგარდისტებს, ფობურგ სენტ-ონორეს ქუჩის 29 ნომერშიც ხვდებოდა, სადაც მას სასტუმრო ქონდა. ის იფარებდა მათ და პატრონაჟს უწევდა. აქვე ეწყობოდა ფანტასტიური ავანგარდული საღამოები, სადაც მთელი პარიზული ელიტა იყრიდა თავს. ამ პერიოდში, ზდანევიჩი და შანელი ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობდნენ, თუმცა მათ უკვე ყავდათ დიდი საერთო წრე.

ამ საღამოებამდე ორი წლით ადრე, 1923 წელს ზდანევიჩი გალა ელუართან და მაქს ერნსტთან გადავიდა ინობში, სადაც ელუარს ჰალსტუხების და ყელსახვევების წარმოებაში ეხმარებოდა. ტექსტილზე მუშაობის ამ გამოცდილების შედეგად, ის პარიზის პროფესიულ რეესტრში ჩაიწერა, როგორც ქსოვილების დიზაინერი. მის ნიჭს, მოგვიანებით, ვოგის სამხატვრო დირექტორიც გამოეხმაურა. 1927 წელს, ასეთი რეზონანსის დამსახურებით, ის ბლეკ ბეერის დაწესებულებაში დაიქირავეს, როგორც ჟერსეს დიზაინერი. მოგვიანებით, ეს დაწესებულება კი, შანელის საქვეყნოდ ცნობილ ქსოვილების ფაბრიკად გადაიქცა.

ილიაზდი შანელის საწარმოს გრაფიკული განყოფილების უფროსი გახდა, სადაც მაღალი შემოსავალი და დიდი რეპუტაცია ქონდა. მისივე ძალისხმევით, შანელის პატერნებმა გეომეტრიულ-ორნამენტული ქსოვილების სრულყოფილ ხარისხს მიაღწიეს. ილიაზდის მიერ შექმნილი შანელის დიზაინი, მისი ცხოვრების და კვლევის იშვიათ მოდელს ასახავდა, რომელშიც რუსული ავანგარდის ეკლექტურ-სინქრონული ფორმები დასრულებული სახით იყვნენ წარმოდგენილები.

ამავე პერიოდში, ილიაზდმა შექმნა და დააპატენტა ქართულ მოტივებზე გამართული საქსოვი დაზგა, რომელიც მოგვიანებით, შანელმა შეიძინა და ამ მომენტიდან, შანელის ყველა საქსოვ ქარხანაში ამ დაზგებს იყენებდნენ.

ავანგრდისტებთან ურთიერთობა შანელისთვის უცხო არ იყო. ის ყოველთვის ცდილობდა მიეღო ეპოქის გამოწვევა და გაეზიარებინა მიმდინარე ცვლილებები: „კერვა აბსტრაქტული ხელოვნება არ არის, არამედ ხელოსნობაა და სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ფორმალურია. კაბის ფორმას აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც იმ ქალის, რომელიც ამ კაბაშია გამოწყობილი“, შანელის ეს სიტყვები, თავისუფლად შესაძლებელია ილიაზდის გავლენით ყოფილიყო ნათქვამი. ძალიან მალე, შანელი და ილიაზდი ისე დაახლოვდნენ, რომ შანელი მისი შვილის ნათლიაც გახდა, რომელიც აქსელ ბროკარდისგან შეეძინა.

1932 წელს, ილიაზდმა, შანელის ახალი მოდელებისთვის, სრულად შექმნა ჩანახატები და დააორგანიზირა სერიის პროდუქცია, რომელიც განთავსებული იყო ქალაქ მეცში, საფრანგეთის ჩრდილოეთით. ის იყო შანელის ბრიტანული ქარხნების ხელმძღვანელიც ლონდონში და ბირმინგემში. თუმცა, ეკონომიკური კრიზისის გამო შანელის კომპანია სერიოზულ პრობლემებს გადააწყდა. ილიაზდს ადმინისტრაციასთან პრობლემები შეექმნა, მას 60%-მდე უპირებდნენ ხელფასის შემცირებას. 2 მარტს ილიამ კოკო შანელს პროტესტის წერილი გაუგზავნა. კონფლიქტი გართულდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაიჭრა.

1933 წელს, ილიაზდს ქარხნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მასალების მოპარვა დააბრალა. საქმე გამოიძიეს. ილიაზდს უდანაშაულობა დაუმტკიცდა და დიდი მორალური კომპენსაციაც გადაუხადეს. ის ქარხნიდან წამოვიდა, თუმცა მან მიიღო Asnières-sur-Seine-ის მახლობლად მდებარე სახლში მოწყობის უფლება.

ილიაზდის და შანელის მეგობრობა მისი ქარხნიდან წამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. ის ერთ-ერთ წერილში შანელს წერდა: „მე მჭირდება დიდი სიმამაცე, რომ ამდენი წლის ერთად მუშაობის შემდეგ, ჩვენი განცალკევება გავიაზრო.

ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში მე ვაქებდი შენს გენიალურობას და მინდა გამოვთქვა მადლიერება, რომ შენ დააფასე ჩემი ნამუშევრები. მერწმუნე, ტკბილი მოგონებები ჩვენი მეგობრობის და კოოპერაციის შესახებ კიდევ დიდხანს გაგვყვება“.

შანელისგან წამოსვლის შემდეგ, ილიაზდი, საფრანგეთში აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას ეწეოდა. 1940 წლიდან მოყოლებული, მან 40 არტისტული წიგნი გამოაქვეყნა. წიგნებს, ძირითადად, ძველ და იშვიათ ქაღალდებზე ბეჭდავდა და ლიმიტირებული ტირაჟით გამოსცემდა. ერთ-ერთი ასეთი წიგნი, “AFAT”, 76 სონეტს და პიკასოს 6 გრავიურას მოიცავდა, რომლის 64 ასლიდან, 6 შანელს ეძღვნებოდა. კოკო შანელის კოლექციაში, ილიაზდის წიგნებს საგანგებო ადგილი აქვთ გამოყოფილი და აღნიშნულები არიან „C“ ასოთი, რაც შანელის ავანგრადული კოლექციის ინიციალია, ხელოვნების, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მისი მოდის და მსოფლმხედველობის ფორმირებაში. 

დათო კოროშინაძე, არტ-კრიტიკოსი, 2020 წ.

სტატია მომზადებულია მარიკა ჟანტის, შანელის ისტორიული მემკვიდრეობის დელეგატის, მოხსენების მიხედვით, არტ-ვილა “გარიყულასთან” თანამშრომლობით.

სტატიაში გამოყენებული ფოტომასალა მოწოდებულია შანელის არქივის მიერ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.