fbpx

Culture is not cancelled კამპანიას საქართველოც უერთდება


გააზიარე სტატია

კულტურამ არასდროს უნდდა შეწყვიტოს სუნთქვა, რადგან ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა მიიღოს სულიერი საკვები და დატკბეს სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით.

დღეს მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, არაერთი ღონისძიება, გამოფენა, კონცერტი თუ კლუბური თავშეყრა ჩაიშალა, მაგრამ კულტურის სფერო ამან ვერ გააჩერა.

დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კრეატიული სფეროს წარმომადგენლების ერთმანეთისთვის მხარდაჭერას, რათა გაგრძელდეს ის პროცესი, რასაც კულტურა ქვია.

Culture Is Not Cancelled მოწოდებაა, რომელიც სოლიდარობისა და ხელშეწყობის პრინციპებს ქადაგებს. სხვადასხვა ორგანიზაციებს, ინსტიტუციებსა და კულტურის წარმომადგენლებს ამ სლოგანის გამოყენებით შეუძლიათ Covid-19-ის პანდემიას საკუთარი შემოქმედებით ან გადაწყვეტილებებით გამოეხმაურონ.

მაგალითად, მედია-საშუალებებს შეუძლიათ პლატფორმა ხელოვანებს სხვადასხვა მიზნებისთვის დაუთმონ, მათ შორის ონლაინ გამოფენებისთვის, ფოტო-ალბომებისთვის, ფილმის პრემიერისთვის და სხვა. ამ პროცესში ერთვება AT.ge-ც, რათა ქართველ ხელოვანებს შესთავაზოს სრულყოფილი პლატფორმა და ხელი შეუწყოს კულტურის უწყვეტ განვითარებას.

ამ საერთაშორისო კამპანიაში უკვე ჩაერთვნენ: AnOther, Annika Thiems, Asel Tambay, Dinamo, Jefferson Hack, Jörg Koch, Sebastian Brown, Zak Kyes.

საქართველოში Culture is not cancelled კამპანიას Mercedes-Benz Fashion Week TBILISI, LUMEN და IPS შეუერთდნენ.

კამპანიის მხარდაჭერის მიზნით თბილისში რუსთაველის გამზირზე და სხვა ადგილებზე შენობებიც კი განათდა, რომლის ორგანიზატორი Mercedes-Benz Fashion Week TBILISI იყო.

“პანდემიის გამო ერთ-ერთი ჯგუფი ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მუსიკოსები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, მხატვრები და ა.შ. არიან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველი ხელოვანები, რომლებსაც სახელმწიფოსგან კომპენსაციები არ მიუღიათ”

“საფრანგეთმა 18 მილიარდი გამოყო კულტურის, სპორტის და ტურიზმის სფეროს დასახმარებლად, გერმანიაში ხელოვანებს 5000 ევრო მისცეს და ჩვენთან კი ბედის ამარა დარჩნენ. არადა, კულტურის გარეშე კიდევ ქვეყანას რა ფასი აქვს”, – ამბობს სოფო ჭყონია, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ Culture is not cancelled კამპანია ქართველ ხელოვანებს ხელს შეუწყობს სხვადასხვა აქტივობებით, რათა მათ საქმიანობა არ შეწყვიტონ.

“ამ კამპანიაში ჩართვა გვინდა ყველა იმ ადამიანის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რათა ხელი შევუწყოთ ხელოვანებს საქართველოში სხვადასხვა აქტივობით”, – ამბობს სოფო ჭყონია. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.