fbpx

3 მითი საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება


გააზიარე სტატია



ავტორი: გიორგი კაკაბაძე

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ 2 წელი და 9 თვე იარსება. ამ პერიოდში ქართული სახელმწიფო მუდმივი საგარეო საფრთხის წინაშე იდგა (ოსმალეთის ინტერვენცია 1918 წელს, საქართველო-სომხეთის ომი 1918 წლის ბოლოს, დენიკინის არმიასთან დაპირისპირება 1919 წელს, ბოლშევიკურ რუსეთთან სამხედრო შეტაკება აზერბაიჯანის „ბოლშევიზაციის“ შემდეგ, 1920 წელს).  

რთული ვითარების მიუხედავად ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მაინც შეძლო დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველის შექმნა, მიიღო პროგრესული კონსტიტუცია, ჩაატარა თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნები. პირველი რესპუბლიკის შესახებ არაერთი ისტორიული კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი გამოიცა, თუმცა საზოგადოებაში იმ პერიოდის პოლიტიკური ელიტის მიმართ დღესაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. 

კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ სოციალ-დემოკრატების მთავრობას აკლდა პატრიოტიზმი, ქვეყანას არაეფექტურად მართავდა და ვერ შეძლო ბოლშევიკური ინტერვენციის თავიდან აცილება. 

ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტის მიმართ ნეგატიურ პოზიციას ორი მიზეზით ხსნის: 

„საბჭოთა ტოტალიტარული პროპაგანდა ისტორიას ისე წარმოაჩენდა, როგორც თავად სჭირდებოდა და თავისებურ კლიშეებს ქმნიდა ამ რესპუბლიკის შესახებ. ეს ყველაფერი ილექებოდა საზოგადოების მეხსიერებაში და ამან თავისი შედეგი გამოიღო. 

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო პირველი რესპუბლიკის არქივი, რომელიც საზღვარგარეთ გაიტანეს. მის ჩამოტანას, დახარისხებას და შესწავლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. 

ამას ისიც დაემატა, რომ 90-იან წლებში ჩვენთან პოპულარული იყო პირველი რესპუბლიკის მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიციაში მყოფი პირების მემუარები. ნებისმიერ მემუარი არის სუბიექტური და ისტორიკოსი უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად შეაჯეროს ყველა წყარო. პირველ რიგში საარქივო დოკუმენტები, პრესა, შემდეგ უკვე მემუარები და დღიურები“.

 

1. საქართველომ დამოუკიდებლობა გერმანიის დირექტივის შემდეგ გამოაცხადა

კრიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, პირველ რიგში, სოციალ-დემოკრატებს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება საერთოდ არ სურდათ და ქვეყნის მომავალს ისევ „დემოკრატიული“ რუსეთის ფარგლებში ხედავდნენ; რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა ლამის გერმანიის მთავრობის პირდაპირი დირექტივის შემდეგ გამოცხადდა.  

დიმიტრი სილაქაძე: „ეს არის რეალობის კონტექსტის არცოდნა. მეოცე საუკუნის დასაწყისში პატარა სახელმწიფოს ბედი საერთაშორისო სისტემაში იყო გაცილებით სავალალო, ვიდრე დღესაა. პატარა სახელმწიფოს სრული დამოუკიდებლობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუ არ იქნებოდა უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ფაქტორი. სწორედ ამიტომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ პოლიტიკურ წრეებში საუბარი იყო არა სრულ დამოუკიდებლობაზე, არამედ ავტონომიაზე რუსეთის იმპერიის ფარგლებში“.

ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის ქვეშ აღარ დარჩა. ქართული პოლიტიკური სპექტრი საქართველოს მომავალს ბოლშევიკურ რუსეთთან ერთად არ ხედავდა. შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი და რესპუბლიკა, რომელსაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ოსმალეთის იმპერია. 

მაშინ, როდესაც ქართული და სომხური ქვედანაყოფები ოსმალეთის არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, აზერბაიჯანი ოსმალეთს თავის მოკავშირედ განიხილავდა. სწორედ ამ დროს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ოსმალეთის უშუალო მოკავშირის, გერმანიის მთავრობის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. 

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ამიერკავკასიის რესპუბლიკა ისტორიის ნაწილად აქცია. ქვეყანაში გერმანიის ჯარი შემოვიდა, რამაც ოსმალური ინტერვენცია შეაჩერა. 

დიმიტრი სილაქაძე: „ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ უსაფრთხოების მაშველი რგოლი იპოვა გერმანიის სახით. ქვემო ქართლში იყო შეტაკებები ოსმალეთის სამხედროებთან და იქ გერმანელებმა იბრძოლეს ჩვენ მხარეს. გერმანიამ სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. გერმანიის ჯარი განლაგდა საქართველოს ტერიტორიაზე და რაც მთავარია, მათ ერთი წამითაც არ გადაუხვიეს დადებულ ხელშეკრულებას. არ არსებობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის არანაირი ფაქტი 6-7-თვიან პერიოდში, სანამ აქ გერმანული ჯარი იმყოფებოდა. პირიქით, გერმანელები საქართველოს ეხმარებოდნენ აღმშენებლობაში, ჯარის და უსაფრთხოების საკითხებში“.

 

2. „ერთა ლიგის რუკა“პირველი რესპუბლიკის ტერიტორია 107 ათას კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა 

ინტერნეტში და სხვადასხვა გამოცემებში ხშირად ნახავთ რუკას, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფარგლებში შეტანილია შავი ზღვის სანაპირო რიზედან თითქმის ტუაფსემდე. ამ რუკის მიხედვით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია 107 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტია (საქართველოს ტერიტორია დღეს 69 700  კვადრატული კილომეტრია), თუმცა ამ ტერიტორიას სრულად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა არასდროს აკონტროლებდა. 

ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ საზღვრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დადგენილი არ იყო. ტერიტორიული დავა ერთი მხრივ, საქართველოსა და სომხეთს, მეორე მხრივ კი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა. 

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამივე სახელმწიფომ პარიზის საზავო კონფერენციაზე საკუთარი რუკა წარმოადგინა. საქართველო პრეტენზიას აცხადებდა თბილისის და ქუთაისის გუბერნიებზე (ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა სოხუმის ოკრუგი), ბათუმის ოლქზე (ამ ოლქში შედიოდა ართვინის ოკრუგიც), ასევე ზაქათალის ოკრუგზე, ყარსის ოლქის არდაგანის (არტაანის) და ოლთისის ოკრუგზე, შავი ზღვის გუბერნიის სამხრეთ ნაწილზე (ქალაქი სოჭი და მისი მიმდებარე ტერიტორია), ასევე 1918 წლამდე თურქეთის შემადგენლობაში მყოფ ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე: იმიერ ტაო, ისპირი, ლაზეთი.  

დიმიტრი სილაქაძე: „ერთა ლიგამ საქართველო არ მიიღო თავის რიგებში, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს მასთან ჰქონდა გარკვეული კომუნიკაცია, მონაწილეობდა მისი ზოგიერთი კომისიის მუშაობაში. რაც შეეხება ამ რუკას, ეს იყო სურვილი ასეთ საზღვრებში დავენახეთ და ვეცნეთ, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. როდესაც ჩვენი დე იურე აღიარება ხდებოდა რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან, არ კონკრეტდებოდა საზღვრები, რა საზღვრებში ცნობდნენ საქართველოს. მხოლოდ 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში არის დაფიქსირებული საქართველოს საზღვრები“.

 

ბოლშევიკური რუსეთის ინტერვენციამდე საქართველოს მთავრობა აკონტროლებდა თბილისის და ქუთაისის გუბერნიებს, სოხუმის ოკრუგს, ასევე დღეს თურქეთის შემადგენლობაში მყოფ ართვინის და არდაგანის ოკრუგებს. ოლთისის ოკრუგი, ჭოროხის ხეობის ზედა ნაწილი და ლაზისტანი ოსმალეთის შემადგენლობაში დარჩა.  აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორია იყო საინგილო (ზაქათალის ოკრუგი), სომხეთთან კი ბორჩალოს მაზრის სამხრეთ ნაწილი (ლორე), რომელიც ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. საქართველოს ბოლშევიზაციის შემდეგ მოსკოვმა სადავო ტერიტორიების საკითხი სომხეთის და აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვიტა. 

დიმიტრი სილაქაძე:  „1921 წლის დასაწყისის  და დღევანდელი საქართველო რომ შევადაროთ, იმ პერიოდის ქართული სახელმწიფო ტერიტორიით უფრო დიდი იყო მხოლოდ ართვინის და არდაგანის ხარჯზე. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით საზღვარი რუსეთთან გაივლო მდინარე ფსოუზე, ანუ სოჭზე აღარ გვქონდა პრეტენზია. ეს საზღვრებიც სისხლით და ბრძოლით იყო მოპოვებული. მაგალითად, 1919 წელს დენიკინმა დაიკავა სოჭი და გაგრა, მოვიდა მდინარე ბზიფამდე. აპრილში ქართული ჯარი გადავიდა კონტრშეტევაზე და გაგრა გაათავისუფლა. იგივე ართვინს და არდაგანს ვაკონტროლებდით მას შემდეგ, რაც 1919 წლის  სამხედრო ექსპედიციის შედეგად დავიკავეთ. აქ ქართული არმიის წინააღმდეგ სერვერ ბეგ ათაბაგის „სამხრეთ დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა“ იბრძოდა, რომელსაც ახალციხეზეც ჰქონდა პრეტენზია“.

 

3. ბოლშევიკური რუსეთის თავდასხმა – საქართველოს მთავრობა არ ელოდა ბოლშევიკური ინტერვენციას და მას მოუმზადებელი შეხვდა

–  კრიტიკოსები მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ პირველი რესპუბლიკის მთავრობა საბჭოთა ინტერვენციას არ ელოდა, შეიარაღებული ძალების აღჭურვას და მომზადებას კი სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. თუმცა, სინამდვილეში, ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედი შეიარაღებულ ძალებს ხმარდებოდა. აზერბაიჯანის და სომხეთის ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ბოლშევიკური რუსეთი საქართველოსთან 1920 წელს დადებული ხელშეკრულებას შეასრულებდა. საქართველო იმ რესურსებით, რაც ჰქონდა, ომისთვის ემზადებოდა. 

დიმიტრი სილაქაძე: „იყო ძალიან ბევრი ობიექტური ფაქტორი, რაც ქვეყანას ომისთვის უკეთესად მომზადების საშუალებას არ აძლევდა. იყო სუბიექტური შეცდომებიც, მათ შორის, თუნდაც საკადრო პოლიტიკაში. მაგრამ იმის თქმა, რომ მთავრობა ომისთვის არ ემზადებოდა, სრული აბსურდია. ასევე აბსურდია ის, რომ თითქოს მობილიზაცია არ გამოაცხადეს და არსენალი არ გახსნეს. 1921 წლის პრესას, რომ გაეცნოთ, იქაც კი ნახავთ მობილიზაციის ბრძანებებს. თავი რომ დავანებოთ არქივებში ძებნას. თბილისს მხოლოდ იუნკერები არ იცავდნენ. 166 იუნკერი იბრძოდა, მაშინ როდესაც თბილისს იცავდა 10 ათასი ჯარისკაცი და გვარდიელი. მთელი ომის განმავლობაში კი 40 ათასი სამხედრო იყო მობილიზებული ყველა ფრონტზე“. 

საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური გზით ცდილობდა დასავლეთის, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, პოლიტიკური წრეების მხარდაჭერის მოპოვებას. თუმცა ბოლშევიკების მიერ აზერბაიჯანის დაკავების შემდეგ ბრიტანეთში სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ინტერესმა საგრძნობლად იკლო. საფრანგეთის მთავრობა  1921 წელს საქართველოსთვის სამხედრო დახმარებას გეგმავდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. 

 

დიმიტრი სილაქაძე: „1921 წლის დასაწყისში, როდესაც არისტიდ ბრიანი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, მას სურდა რუსეთის გარშემო თავდაცვითი ბარიერის შექმნა. საფრანგეთის მხარდაჭერის შედეგად საქართველო დე იურედ აღიარა რამდენიმე სახელმწიფომ, მაგრამ საფრანგეთის მთავრობამ ვერ მოასწრო მთავარი  – საქართველოსთვის იარაღის დიდი პარტიის გადმოცემა. მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე დასრულებული იყო, მაგრამ იარაღის საქართველოში შემოტანა ვეღარ მოხერხდა. მთლიანობაში პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საქართველო ევროპის პოლიტიკურ ორბიტაზე დარჩენილიყო, მაგრამ  იმ დროს, სამწუხაროდ, ყველა ძირითადი საგარეო ფაქტორი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა“. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.