fbpx

Tata Naka – საერთაშორისო ბრენდი ქართული მოგონებებით


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე მარგალიტაშვილი

 

Vogue Italy: „მათი უნიკალური ფორმები ქმნიან ერთგვარ ტილოს, რომელზეც დიზაინერები საკუთარ ფანტაზიებს აცოცხლებენ – უსწორმასწორო, ზიგზაგური ფიგურებით, ღილებითა თუ კონტრასტული პრინტებით. ქსოვილზე გადატანილი ცისარტყელის ფერები, ანტიკური გრაფიკული ელემენტები და აბსტრაქტული დეკორაციები საოცარ ენერგიასა და პოზიტივს ასხივებენ.“

 

თუ მოდის მოყვარულებში Tata Naka-ს შესახებ გაიკითხავთ, აუცილებლად გაბრწყინებული თვალებითა და ღიმილიანი სახეებით გიპასუხებენ. გეტყვიან, რომ ტყუპ დებს, რომლებმაც სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვეს, სინამდვილეში თამარა და ნატაშა ჰქვიათ, გვარად კი სურგულაძეები არიან. იმასაც აუცილებლად მოგიყვებიან, როგორ გადააქციეს ქართველმა დებმა 90-იანი წლების მოგონებები ჭრელ, ნათელ და ფერად ქსოვილებად, რომლითაც მაღალი მოდის წარმომადგენლების გული წლების წინ დაიპყრეს. ეს სახელები უკვე შეიყვარეს კამერონ დიასმა, ჯულიანა მურმა, რიზ უიზერსპუნმა და სხვა ვარსკვლავებმა. ბევრმა ალბათ არც იცით, რომ თათასა და ნაკას დიზაინს ქერი ბრედშოუს პერსონაჟიც ხშირად ირჩევდა. სწორედ მათ სამოსშია გამოწყობილი სარა ჯესიკა პარკერი წიგნის ოფიციალურ ყდაზე!

 

დიზაინერების დუეტს, რომელიც მომაჯადოებელი სილუეტებით, სიჭრელითა და უნიკალური პრინტებით გამოირჩევა, ლონდონის მოდის კვირეულზე ზედიზედ სამჯერ გადასცეს ახალი თაობის ჯილდო.

მათი ნამუშევრები აერთიანებს ქალის სამოსს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს, ისევე როგორც მინიატიურულ კოლექციას ბავშვებისთვის და ახალ ხაზს Tata Naka Interiors, რომელიც მოწყენილი სივრცეების გასაფერადებლად შეიქმნა. 

24-წლიანი განშორების მიუხედავად, ლონდონში მცხოვრები ტყუპები საქართველოსთან კავშირს მაინც არ წყვეტენ. იმისათვის, რომ თათა და ნაკა თქვენთვის უკეთ გაგვეცნო, მათთან ექსკლუზიური ინტერვიუ სოციალური დისტანციის სრული დაცვით, ვირტუალურ „შოურუმში“ ჩავწერAT.

პირველ რიგში, როგორ ხართ და როგორ ატარებთ დროს თვითიზოლაციაში?

ძალიან დიდ დროს ვატარებთ პარკში, ვსეირნობთ ბუნებაში, ვკითხულობთ და ცოტას ვმუშაობთ. გაოგნებულები ვართ, რომ ამ დაუჯერებელ და აბსურდულ სიტუაციაში ამოვყავით თავი.

რამდენად იმოქმედა პანდემიამ თქვენს საქმიანობაზე?

რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა. ყველაფერი შეჩერდა და არავინ იცის, რა და როგორ იქნება. ბოლო ორი კვირაა რაღაცები ნელ-ნელა ამუშავდა. ჩვენი სახლის აქსესუარების ონლაინ მაღაზია – homeshop.tatanaka.com – საკმაოდ კარგად მუშაობს და მაღაზიებიც ნელ-ნელა აქტიურდებიან. ამ სეზონს როგორმე გადავურჩებით, მაგრამ რა იქნება შემდეგ და რა ქაოსი მოჰყვება ამ ყველაფერს, არავინ იცის. ვნახოთ!

მოდი, დავიწყოთ საქართველოდან – სად ცხოვრობდით ლონდონში გამგზავრებამდე და რა გახსოვთ აქ გატარებული წლებიდან?

ბავშვობა თბილისში გავატარეთ. 1991 წლის ბოლოს ამერიკაში წავედით და 6 თვე იქ ვიცხოვრეთ, შემდეგ კი, 3 წლის განმავლობაში, შვეიცარიაში ვსწავლობდით. საბოლოოდ, 1995 წელს ლონდონში ჩამოვედით, რომ კოლეჯში გვესწავლა. თბილისში გატარებული წლები მართლა ფანტასტიკურად გვახსოვს – ზღაპრული, მხიარული, ფერადი ბავშვობა გვქონდა და საერთოდ არაფერს შევცვლიდით.

 

ბრიტანეთში ჩასვლისას, დაახლოებით, 18 წლისანი იყავით. თუ გახსოვთ, რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თქვენზე, როგორც ღარიბი ქვეყნიდან ჩასულ თინეიჯერებზე?

არასოდეს გვიფიქრია, რომ ღარიბი ქვეყნიდან ვიყავით ჩამოსულები. პირიქით, სულ გვენატრებოდა იქ გატარებული ბავშვობა. რაც შეეხება ლონდონს, ეს ნამდვილად ერთი ნახვით სიყვარული იყო! მართლა განსაკუთრებული ქალაქია!

როგორ მოხდა, რომ ორივენი დიზაინით დაინტერესდით? 

ორივენი 6 წლიდან ვხატავდით და იმ დროიდანვე გვინდოდა, დიზაინერები გავმხდარიყავით. ყოველთვის იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ ცალ-ცალკე მუშაობა არც წარმოგვედგინა.

იდენტური ტყუპები ხართ და ვიზუალურად თქვენი გარჩევა ძალიან რთულია. ერთმანეთს ხასიათითაც ჰგავხართ?

რაღაც განსხვავებები არის, მაგრამ ხასიათის მთავარი თვისებები, უმეტესწილად, ერთნაირი გვაქვს.

გაიხსენეთ პირველი პროფესიული ნაბიჯები – როგორ გაჩნდა და განხორციელდა Tata Naka-ს იდეა?

Tata Naka-ს იდეა ბავშვობიდან გვქონდა – სულ ვიცოდით, რომ გვინდოდა დიზაინერობა და ამას ერთად გავაკეთებდით. ისიც მაშინვე ვიცოდით, რომ ჩვენს ბრენდს Tata Naka-ს დავარქმევდით. 

ჩვენს გამოსაშვებ კოლექციებს მედიის მხრიდან ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან კარგი სტატიები დაიწერა. შესაბამისად, გაიზარდა ჩვენ მიმართ ინტერესიც და მალე შეკვეთები საუკეთესო მაღაზიებისგან მივიღეთ. გამოდის, რომ ჩვენდა უნებურად, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, პირდაპირ ბიზნესის სათავეში აღმოვჩნდით, რაც ძალიან საინტერესო და გასართობი აღმოჩნდა. მანამდე, კოლეჯში სწავლის პერიოდშიც, ვქმნიდით პატარა კოლექციებს და ნიუ-იორკსა და ლონდონში ვყიდდით, ოღონდ – არა Tata Naka-ს სახელით. 

ლონდონის მოდის კვირეულზე ყოველთვის დადებით შეფასებებს იმსახურებთ და რამდენჯერმე მომავალი თაობის ჯილდოც გადმოგეცათ. რამდენად რთული იყო ასეთი წარმატების მიღწევა საერთაშორისო ასპარეზზე და რა მთავარი დაბრკოლებების გადალახვა მოგიხდათ?

ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და მარტივად მოხდა, რომ ცოტა დაუჯერებელი იყო. ვამბობთ ხოლმე, რომ ძალიან გაგვიმართლა! საუკეთესო პერიოდი დაგვემთხვა – მაშინ ლონდონში ახალგაზრდა დიზაინერებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და მაქსიმალურად უჭერდნენ მხარს. ისე კი, ბიზნესის შენარჩუნება ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე მისი წამოწყება, მით უმეტეს მაშინ, როცა მოდის სამყარო მუდმივად იცვლება.

რას ურჩევდით იმ ქართველ დიზაინერებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ? რა არის საჭირო იმისათვის, რომ საერთაშორისო აღიარებას მიაღწიო?

ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური სტილის შექმნაა. ქართველ დიზაინერებს ვურჩევდით, არ აჰყვნენ ტრენდებს და არ მიჰბაძონ სხვა დიზაინერებს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეთ და პრობლემების გადალახვის არ გეშინოდეთ.

თქვენი კოლექციები განსაკუთრებულად გამოირჩევა ორიგინალური პრინტებითა და ნათელი ფერებით. დავიწყოთ პრინტით – როგორც ვიცით, ქსოვილებზე თქვენივე ნახატები გადაგაქვთ. როგორია ამ ნახატების შექმნის, შერჩევისა და გაციფრულების პროცესი?

ყველა კოლექცია იწყება თემით. თემის მიხედვით ვიგონებთ პრინტებსაც. ყველა პრინტი ჩვენი დახატულია, შემდეგ კი გარდაიქმნება ფაილად, რომელიც ჩვენს შერჩეულ ქსოვილზე იბეჭდება. ნახატების გარდა, ჩვენვე ვქმნით კოლაჟებს და ვიღებთ ფოტოებს, რომლებსაც შემდეგ ასევე პრინტად გარდავქმნით. 

გადავიდეთ ფერებზე – რა პრინციპით არჩევთ ფერთა გამას და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ნათელი პალიტრა ერთგვარი „გაქცევაა“ იმ შავ-ბნელი ფერებისგან, რომლითაც თავი 90-იანების საქართველომ დაგვამახსოვრა?

საქართველოდან 90-იანების დასაწყისში წავედით, ამიტომ იმ მძიმე პერიოდში ჩვენს ქვეყანაში არ გვიცხოვრია. ვფიქრობ, ჩვენი ფერების სიყვარული წარსულისგან გაქცევა კი არა, პირიქით – იმ მხიარული, ფერადი, ბედნიერი გარემოს მოგონებაა, სადაც გავიზარდეთ. ფერები ბავშვობიდანვე ძალიან გვიყვარდა.

ზოგადად, რა დოზითაა საქართველო თქვენს ნამუშევრებში?

რა თქმა უნდა, საქართველოსა და იმ გარემოს, სადაც გავიზარდეთ, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და აქვს ჩვენს ნამუშევრებზე, განსაკუთრებულად – იმ დროს, როცა მანდ ვცხოვრობდით და იმ მოგონებებს, რომლებიც ბავშვობამ დაგვიტოვა.

რომელ ქართველ დიზაინერს გამოარჩევდით და რატომ?

საქართველოში ბევრი ნიჭიერი დიზაინერია. განსაკუთრებულად გამოვარჩევდით ჯაბა დიასამიძეს. დასაფასებელია, რომ დღევანდელ სამყაროში სილამაზესა და ქალურობას ასეთ მნიშვნელობას სძენს. ჩვენი აზრით, ამ სფეროში სილამაზე და ფანტაზია უმნიშვნელოვანესია. მოდამ უნდა გაოცნებოს. ჯაბა კი ამას იდეალურად ახერხებს.

რატომ არ ჩნდებით ქართულ ჩვენებებზე? 

წლის განმავლობაში იმდენს ვმუშაობთ, რომ გვინდა ხოლმე, თბილისში ჩამოსვლისას ყველაფრისგან დავისვენოთ და მთელი დრო ოჯახსა და მეგობრებს დავუთმოთ.

 

რამდენად აქტიურობენ ქართველი მომხმარებლები და როგორია ხოლმე მათი გამოხმაურებები?

საკმაოდ ბევრი ქართველი მომხმარებელი გვყავს, რაც ძალიან სასიამოვნოა. თანაც, Tata Naka-ს შეძენა უკვე თბილისში, „იერის“ მაღაზიაშიც შეუძლიათ. 

2018 წლიდან აქტიურად ხართ ჩართული ინტერიერის დიზაინშიც. რამ შთაგაგონათ ამ ხაზის შექმნა?

Tata Naka, როგორც ბრენდი, ჩვენთვის უფრო ცხოვრების სტილი იყო და სულ გვინდოდა, Tata Naka-ს გარემოც შეგვექმნა. ინტერიერს გარემოს შექმნაში დიდი ადგილი უკავია და ჩვენი მიმართულებაც სწორედ ამან განსაზღვრა. 

რა არის თქვენი ხელწერა ინტერიერში?

იგივე, რაც Tata Naka-ში – მხიარული, ეკლექტური და ფერადი.

როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე? დასვენების დღე?

როცა საკუთარი ბიზნესი გაქვს, არცერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს. სულ ახალ-ახალი საქმეებია მოსაგვარებელი. დასვენების დღეებს კი, ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვატარებთ.

 

რა არის საქმიანობაში ის მთავარი პრინციპი, რომელსაც არასოდეს ღალატობთ?

ჩვენი მთავარი პრინციპია, არასოდეს დავკარგოთ ინდივიდუალურობა.

რას გეგმავს Tata Naka პანდემიის დასრულების შემდეგ?

ბრენდის 20 წლის იუბილეს აღნიშვნას ვგეგმავდით, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.

რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად?

უკვე 20 წელი სრულდება, რაც Tata Naka არსებობს და მთავარ მიღწევად სწორედ ის მიგვაჩნია, რომ ამ მართლაც ძალიან რთულ სფეროსა და წარმოუდგენლად დიდ კონკურენციაში ჩვენი ბიზნესის შენარჩუნება შევძელით. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.