მიშა შენგელია – მხატვარი, პერფორმერი და ინტერპრეტატორი
მიშა შენგელია – XX და XXI საუკუნეების მიჯნის ერთ–ერთი საუკეთესო ქართველი მხატვარი, ავანტურისტული ბუნების, დიდი პერფორმერი და ინტერპრეტატორი, უკომპრომისო და ეპატაჟური, რომლის უკმეხი და ბრაზიანი რეპლიკების უკან იდგა პირდაპირი, მამაცი, დიდსულოვანი, კეთილშობილი და საოცრად სათუთი ბუნების ადამიანი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიშა იყო ეთადერთი საქართველოში, ვინც მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ფერწერა სოციალური, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური ციტატების ველად აქცია, თუმცა რთულია თქვა, რამდენად მზად იყო საზოგადოებრივი ცნობიერება იმ კულტურული შოკისთვის, რომელსაც მისი ღრმა და ირონიულ მესიჯები იწვევს…
ფაქტია, რომ მიშას აუარებელი ნამუშევარი მთელ მსოფლიოშია გაფანტული, მისი საუკეთესო ტილოები რამდენიმე ქართველ და უცხოელ კოლექციონერთან ინახება, მაგრამ ქართულ მუზეუმს დღემდე არ უზრუნია, რომ მის ფონდებში ყოფილიყო დაცული და საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი ჩვენი თანამედროვე, უნიკალური მხატვარი მიშა შენგელია, როგორც ქართული და მსოფლიო ხელოვნების საგანძურის ნაწილი.