დეა კულუმბეგაშვილის ფილმი “Beginning” კანის კინოფესტივალზე მოხვდა
ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი Beginning კანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მხოვდა.
საკონკურსო ფილმების სიაში დეას კინოსურათთან ერთად უეს ანდერსონის, ფრანსუა ოზონის, სტივ მაქუინის, ნაომი კავასის, ვიგო მორტენსენის, ჟოაო პაულო მარია მირანდას და სხვა რეჟისორების ფილმები მოხვდა.
დეა კულუმბეგაშვილის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს.
ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დეას ფილმი კანის კონკურსზე ხვდება. 2014 წელს მისი გადაღებული ქართული ფილმი “უხილავი სივრცეები” მონაწილეობას კანის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრების კონკურსში იღებდა. 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.