fbpx

მანუჩარ ოქროსცვარიძის პროფილი – „თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი“


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე ხელოვნების არქივი – თბილისი“ at.ge-სთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ მულტიმედია ხელოვანის, მანუჩარ ოქროსცვარიძის პროფილს. 

ბლოგს ხელოვანისვე 2017 წელს სპეციალურად არქივისთვის მოწოდებული წერილით ვიწყებთ, რომელის სრულ ვერსიაშიც, გარდა პირადი პროფესიული გამოცდილებისა, მანუჩარი მსჯელობს ზოგადად ქართული თანამედროვე ხელოვნების სპეციფიკურ მდგომარეობაზე: როგორც გამოწვევებზე, ისე შესაძლებლობებზე.

„[…] 2001 წელს „გალერეა N“-ში რამდენიმე ხელოვანმა, რომლებსაც აკადემია ახალი დამთავრებული გვქონდა, ჯგუფური გამოფენა გავაკეთეთ, სადაც 2 ბეჭდური გრაფიკული ნამუშევარი გამოვფინე. თვითონ ნამუშევრები დიდად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა დღევანდელი პოზიციიდან ეს პირველი […] ნამუშევრებია, რომლებშიც ის მინიმალისტური ესთეტიკა გამოჩნდა, რომელიც ჩემს ხელოვნებას დღესაც მიჰყვება. ეს გრაფიკული, მინიმალისტური ესთეტიკა ჩამოყალიბებულად უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, 2010/11 წლების გამოფენებზე გამოჩნდა. ამ პერიოდში ალბათ ჩემი საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრები გავაკეთე, რომლებშიც ფორმის და კონცეფციის მხრივ ჩემთვის სასურველ შედეგს მივაღწიე. 

შემდეგი საეტაპო ნამუშევარი პატარა სოლო პროექტი – „EXISTERE” იყო, რომელიც გალერეა „აკადემია+“-ში 2012 წელს გავაკეთე. ეს უკვე მთლიანად კონცეპტუალური, მულტიმედიური პროექტია. ფაქტობრივად, ამ პროექტიდან დავიწყე ობიექტებზე და ინსტალაციებზე სერიოზული მუშაობა – ამ მხრივ იყო ის საეტაპო. 

კიდევ სამ მნიშვნელოვან პროექტს გამოვყოფდი: „მთვარის მუზეუმი“, კონსტანტინე მინდაძესა და როკო ირემაშვილთან ერთად ეროვნულ გალერეაში (2013); „სარკის უკანა მხარე“ – სოლო-გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში (აქ ახალ, დიდ ინსტალაციასთან და სხვა ნამუშევრებთან ერთად, ზოგიერთი ძველი ნამუშევარიც გამოვფინე) (2015); ასევე – „Content Unavailable“ „დედიკას გალერეაში“. სამივე გამოფენისთვის კონცეფციაზე და ვიზუალურ მხარეზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. თუმცა არის სხვა, ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც პროექტების ნაწილი არ ყოფილა, მაგრამ ცალკე ნამუშევრებად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის… […]“

მანუჩარი წერილში საუბრობს ხელოვნების ინდუსტრიის კრიტიკულ ასპექტებზეც: „[…] ხელოვნებისთვის არც საკმარისი ეკონომიკური ბაზა არსებობს – არც სახელმწიფო ან კერძო დაფინანსების და არც კომერციული არტ-ბაზრის სახით. ამ ობიექტურ მოცემულობაში გასაკვირი არ არის, რომ ჩემი თაობის ხელოვანების ძალიან მცირე ნაწილი დარჩა აქტიურ ხელოვანად და ვინც დარჩა, მათი ძალისხმევა მართლა დასაფასებელია. 

ისიც უნდა ვთქვა, რომ სუსტ არტ-მარკეტს თავისი პლუსიც აქვს: ის ვერ (ან ნაკლებად) კარნახობს თავის წესებს ხელოვანს, ვერ იქცევა ცენზორად, ან დიქტატორად. ხელოვანი მუდმივად რჩება ცოტა „ანდერგრაუნდულ“ მდგომარეობაში, რაც შემოქმედებისთვის სასარგებლოა… 

რთული და მტკივნეული სოციალური გარემოც, თავის მხრივ, შეიძლება შემოქმედებითი იმპულსების წყარო გახდეს. ის ხელოვანს კომფორტის ზონაში შესვლის საშუალებას არ აძლევს და გადასამუშავებლად ბევრ მასალას სთავაზობს. ხელოვნების ერთ-ერთი მხარე ხომ ესეც არის: „ნაგვის“ გადამუშავება კეთილშობილ პროდუქტად, თავისებური ალქიმია“.

 

Q&A:

შენს წერილში – „სივრცეები კარანტინში“  გვთავაზობ სივრცისა და კონტექსტის მიღმიერ ხელოვნების იდეას. მსგავსი „უტოპიური“ ხელოვნების ერთ-ერთ პლატფორმად  პანდემიასთან ადაპტირებულ ციფრული კომუნიკაციის საშუალებებს მოიაზრებ. თუმცა, რომ განვაზოგადოთ და აღნიშნული გამოწვევა ხელოვნების ტრადიციულ საპრეზენტაციო ფორმებზე  განვავრცოთ, როგორ ფიქრობ, რამდენად აქტუალური და ეფექტური იქნება (ამგვარი) ხელოვნების წარმოსაჩენად არსებული პლატფორმები – გამოფენები, ხელოვნების ბაზრობები, ფესტივალები და ა.შ. შეიძლება ამ მხრივაც გარკვეული ტიპის უტოპიურ მოდელებზე ვიმსჯელოთ?

რა თქმა უნდა, ციფრული პლატფორმა მხოლოდ ერთ-ერთია… ასეთი ხელოვნება არ უნდა იყოს მიჯაჭვული კონკრეტულ პლატფორმას და პრეზენტაციის ფორმას, ასევე ვიწრო კონტექსტს. კონტექსტის და პრეზენტაციის ფორმის შეცვლით ის არ უნდა ნადგურდებოდეს ან ზიანდებოდეს არამედ ახალ რაკურსს იძენდეს. 

ნამუშევარი არ უნდა იყოს „ერთგანზომილებიანი“, არა მოცულობითობის, არამედ შინაარსის მიხედვით და პრეზენტაციის სრულიად ახალი (თუნდაც უტოპიური) ფორმების მიმართ მიმღებლობაც უნდა გააჩნდეს. ტექსტში სიტყვა „უტოპია“ იმიტომ ვახსენე, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი რა ნიშნები შიძლება ჰქონდეს ასეთ ხელოვნებას და რა ხარისხით შეიძლება საერთოდ შედგეს,  თუმცა, თუ საკუთარ, ან სხვა ხელოვანების ნამუშევრებს გადავხედავ, ალბათ შევარჩევდი ისეთ ნამუშევრებსაც, რომლებსაც ზოგიერთი მახასიათებელი გააჩნია იმისა, რასაც მე ვგულისხმობ – მაგალითად, საკმაოდ მულტიკონტექსტუალური და შინაარსობრივად მრავალშრიანი… ან საკმაო ენერგეტიკა გააჩნია იმისთვის, რომ სივრცის ენერგეტიკა გადასძლიოს და თითქმის ნებისმიერ სივრცეში „გადარჩეს“…

 

შენი 2011 წლის ნამუშევარი – „ნაბიჯი“ ჩემთვის ფუნდამენტალიზმთან გამკლავების, წინააღმდეგობრივი (resistance) სულისკვეთების და ცვლილების ილუსტრაციაა. თუკი ეს ასეა, რა არის ის კოლექტიური მენტალური მარწუხები, რაც გვაბრკოლებს მოძრაობისას?

თითქმის ყოველთვის ვცდილობ ნამუშევარი ფართო კონტექსტში „წაკითხვადი“ იყოს. „ნაბიჯიც“ ასეთი ნამუშევარია ჩემი აზრით. შენს ინტერპრეტაციას აბსოლუტურად შეესაბამება, თუმცა ამავე დროს ჩემი შემოქმედების ობიექტი უფრო ინდივიდია ხოლმე, ვიდრე სოციუმი. 

თუ ინდივიდის ჭრილში განვიხილავთ, მოძრაობის მიზანი როგორც გარკვეული გარემოებების, ისე საკუთარი თავის მუდმივი გადალახვა შეიძლება იყოს. აქ მთავარი მოძრაობის, განვითარების, წინსვლის სურვილია და დამაბრკოლებელი ფაქტორიც დაუსრულებლად შეიძლება იცვლებოდეს; ჩვენი შიშები, სისუსტეები, საკუთარი თუ სოციალური სტერეოტიპები, კულტურა…

თუ მაინც კოლექტიურ კონტექსტში გადმოვიტანთ, კერძოდ, ქართულ სოციუმზე, რომელსაც რამდენადაც ვხვდები, შენ გულისხმობ და იმაზე დავფიქრდებით, რა გვიშლის ხოლმე ხელს მოძრაობაში, ერთ-ერთი, რაც თვალში მხვდება, ალბათ, სოციუმის საკმაოდ დიდ ნაწილში ძალიან ღრმად ფესვგადგმული არასრულფასოვნების და მსხვერპლის სინდრომია, რომელიც დამცავ რეაქციაში – წარსულის გაფეტიშებაში (ან განსაკუთრებულობის თუ რჩეულობის ირაციონალურ განცდაში) და თანამედროვეობისადმი მტრულ დამოკიდებულებაში ვლინდება ხოლმე. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ საზოგადოების ზედმეტად დიდ ნაწილს ეშინია თავი თანამედროვეობის შექმნაში მონაწილედ იგრძნოს და ურჩევნია ან პასიურ მაყურებლად დარჩეს, ან ვიწრო კულტურას შეაფაროს თავი…

როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს დოკუმენტური ფილმიდან ერთ-ერთი ამონარიდი – ფილმი სილამაზის ცნებაზე იყო და ერთ-ერთმა რესპონდენტმა თქვა: „ჩემთვის სილამაზე ბერლინის კედლის დანგრევაა“. როგორია „სილამაზის“ შენეული განმარტება?

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ არტ-თოქ-შოუზე ვთქვი, რომ სილამაზე ობიექტურად, მეცნიერულად არ არსებობს და ის მხოლოდ გონების ნაყოფია. რომ ალბათ ნატურალური მეცნიერება გვეტყვის, რომ ეს თუ ის ფორმა, ორგანიზმი, მოვლენა ბუნებაში ასეთი და ასეთი მხოლოდ პრაქტიკული აუცილებლობის გამო არის და არა ესთეტიკური შინაარსის გამო… მიუხედავად ამისა, სამყაროს ესთეტიკურად აღვიქვამთ. პრინციპში, ახლაც იმავე აზრზე ვარ… 

ცოტა რომ დავაზუსტო – ალბათ, სილამაზე სამყაროში პრაქტიკული შინაარსების მიღმა არსებული პოტენციალია, რომელიც მხოლოდ გონებაში განხორციელებული აქტის შედეგად ვლინდება. თუმცა, სამწუხაროდ, სილამაზე ადვილად შეიძლება ბანალობად იქცეს. 

ალბათ ამიტომაც, თანამედროვე ხელოვნება ხშირად ამბობს უარს ესთეტიკაზე. ამის მიუხედავად, მგონია, რომ დღესაც ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი მისია ახალი ესთეტიკური პოტენციალის აღმოჩენაა…

სრული ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ხელოვანის პროფილის ბმულს არქივის პლატფორმაზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.