როგორ გავუმკლავდეთ ალერგიას?
ავტორი: თამარ ბენდელიანი
გაზაფხულის და ზაფხულის სეზონის დადგომა, როგორც წესი მზესთან, დასვენებასთან, ბუნებასთან და მოგზაურობასთან ასოცირდება. თუმცა მათთვის, ვისთვისაც სიტყვა „ალერგია“ არც ისე უცხო სიტყვაა, ამ ჩამონათვალს დისკომფორტებიც ერთვის. როგორ დაიცვათ თავი სეზონური ალერგიის შემთხვევაში, ჩვენ გირჩევთ:
მცენარეული ალერგია
როგორ ამოვიცნოთ ე.წ. პოლინოზი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია, მომდევნო ორი სეზონის დროს, სიმპტომები გამოიხატება შემდეგნაირად: ცხვირის ღრუს დახშობა, ხველა, სურდო, ცემინება, ცრემლდენა, ლორწოვანი გარსის შეშუპება, შესაძლებელია გაჩნდეს გამონაყარი კანზე, რაც იწვევს ძლიერ ქავილს. ექიმ – ალერგოლოგთან ვიზიტის და დანიშნული კვლევების შემდგომ მარტივი ხდება მისი მართვა ანტიალერგიული პრეპარატებით, ცხვირის სპეციალური სპრეებით, ადგილობრივი საინჰალაციო საშუალებებით.
სარეველების და ბალახების სეზონი
ზაფხული პიკნიკების, ბუნებაში სეირნობის და დასვენების პერიოდია და არა მარტო! სარეველების და ბალახების გარემოცვაში ალერგიის გამომწვევი მტვრის ნაწილაკი სასუნთქ სისტემაში ხვდება, რამაც შესაძლებელია ბრონქოსპაზმიც გამოიწვიოს. ამისათვის აუცილებელია ექიმ-ალერგოლოგთან ვიზიტის შემდეგ მოხდეს:
- ალერგიული ჩვენების გამომწვევი მცენარის ამოცნობა;
- დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება;
- შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
დიაგნოზი რომ დადასტურდეს და ზუსტად გახდეს შესაძლებელი იმის დადგენა, კონკრეტულად რომელ ალერგენს „ებრძვით“ ჩაგიტარდებათ კვლევა სინჯების საშუალებით.
როგორ მოემზადოთ ყვავილების, ხეების და ბალახების სეზონისთვის
სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ სპეციალისტს, ალერგიული ჩვენებების მართვა შესაძლებელია, არც განწყობა გაგიფუჭდებათ და დასვენებასაც უფრო თავისუფლად შეძლებთ. მოერიდეთ ქარიან ამინდში სეირნობას, თუ მაინც მოხვდით გარეთ, მზის სათვალე გამოიყენეთ, ხოლო სამოსი რომელიც გეცვათ გარეთ ყოფნის დროს, სახლში მისვლისთანავე გარეცხეთ.
მწერების ნაკბენზე ალერგია
ზაფხული, დამერწმუნებით, მწერებთანაც ასოცირდება. იცოდით, რომ განსხვავდება მწერების ნაკბენი და დანესტვრა?
- კბენის დროს მწერი იყენებს პირის აპარატის სხვადასხვა ნაწილს, რომლის საშუალებითაც ორგანიზმში შეჰყავს ნერწყვი, ასეთ დროს შესაძლებელია მოხდეს ინფექციური დაავადებების გადატანა. ამ ტიპის მწერებს მიეკუთვნება: ტკიპები, რწყილები, ბაღლინჯოები, ობობების მცირე ნაწილი.
- დანესტვრის დროს მწერი იყენებს სხეულზე მოთავსებულ ნესტარს, რომლის საშუალებითაც ორგანიზმში შეჰყავს შხამი. როგორც წესი, ისინი არ არიან დაავადების გადამტანები, თუმცა მათ შხამს შეუძლია გამოიწვიოს გართულებები. ამ ტიპის მწერებს მიეკუთვნება: ფუტკრები, კრაზანები, ნესტრიანი ჭიანჭველები.
როგორ უნდა მოაუროთ ნაკბენ ადგილს:
- დაიბანეთ საპნით და გრილი წყლით
- დაიდეთ ცივი საფენები ან ყინული
- არ დაიბინძუროთ ნაკბენი ადგილი
- ძლიერი ქავილის შემთხვევაში მიიღეთ ანჰისტამინური პრეპარატი
- ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ გამაყუჩებელი პრეპარატი
- თუ მდგომარეობა მეტად გართულდა, მიმართეთ სპეციალისტს.
„მზის ალერგია“
თუ მზეზე გარეთ გასვლისას და დიდხანს დაყოვნებისას გამონაყარი შეგიმჩნევიათ, დაგწყებიათ კანის ქავილი, შესაძლებელია „მზის ალერგიასთან“ გქონდეთ საქმე. ასეთ დროს მნიშვნელოვანია კონსულტაციის გავლა სპეციალისტთან, ნატურალური ქსოვილების ტარება, მზეზე გასვლის წინ მზისგან დამცავი სპეციალური ლოსიონის წასმა 15-20 წუთით ადრე, ულტრაიისფერი გამოსხივება როგორც ყველასთვის, მავნეა, სწორედ ამიტომ აუცილებელია დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მოერიდოთ აქტიურ მზის სხივებს.
ქუდის, ნატურალური ქსოვილის გამოყენების, სპეციალური დროების დაცვით და მზის დამცავი მაღალი ფილტრის ლოსიონის გამოყენებით მშვიდად, დაცულად და ჰარმონიულად გაატრებთ ზაფხულის დღეებს.
6,165 total views, 1 views today