fbpx

აღმოაჩინეთ მხიარული თავგადასავლების მუზეუმი აქ და ახლა


გააზიარე სტატია

ბავშვების განვითარება რთული და ხანგრძლივი პროცესია. პატარები დაბადებიდან იწყებენ სამყაროს შემეცნებას, სიახლეების აღმოჩენას და მათზე ყოველი ახალი დღე განსაკუთრებულად აისახება. ამ პერიოდში მათ უამრავი აქტივობა სჭირდებათ, რათა სხვადასხვა გზებით მიიღონ როგორც ცოდნა, ისე ბედნიერი და ლაღი ბავშვობის წლები. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია გართობისა და შემეცნების დიდი დოზით მიწოდება მათთვის.

როდესაც ბავშვები თამაშობენ, ისინი მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ უნარებს გამოიმუშავებენ. მათ შორის მოტორიკას, წარმოსახვის უნარს, გამარჯვებისა და დამარცხების შედეგებთან შეგუებას და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, ამ დროს ბავშვები სწავლობენ იმას, თუ როგორ უნდა შექმნან სიახლე, რაღაც ისეთი, რაც მათთვის აქამდე უცნობი იყო.

ალბათ ყველას გინახავთ როგორ უხარიათ პატარებს, როცა ლეგოებს სწორად დააწყვილებენ, ან პაზლს ამოხსნიან. მათ ველოსიპედით დამოუკიდებლად გადაადგილების პირველი სიხარულიც სახეზე ღიმილით აღებეჭდებათ, რაც მშობლებისთვის ხშირად დაუვიწყარ მოგონებად რჩება.

რადგანაც ვახსენეთ მშობლებიც, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბავშვებისთვის სწორი თამაშების შერჩევაში მშობელს უდიდესი როლი აქვს, თუმცა ეს არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი პირადად იყვნენ ჩართულნი ბავშვებთან თამაშში, რადგან ამ დროს მოზარდები სწავლობენ დაკვირვების უნარს და ჯგუფური მუშაობის ხელოვნებას. გარდა ამისა, მშობლებთან გატარებული დრო ბავშვების ფსიქიკაზეც პოზიტიურად მოქმედებს.

სახლში დარჩენამ, როდესაც გარეთ არაფერი მუშაობდა და ყველაფერი დაკეტილი იყო, მშობლებსა და შვილებს უამრავი დრო გამოუთავისუფლა დროის ერთად გასატარებლად. სწორედ ამ პერიოდში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ხარისხიანად და შედეგიანად ერთობით თქვენს შვილთან ერთად.

მხიარული თავგადასავლების მუზეუმი

აღმოაჩინე Illustrator – ილუსტრატორის მიერ შექმნილი მხიარული თავგადასავლების მუზეუმი.Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი x TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის

Gepostet von TBC – თიბისი am Montag, 1. Juni 2020

 

შემეცნების პროცესი შეიძლება ერთდროულად იყოს სასარგებლოც და სახალისოც. მაგალითად, ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს ერთმანეთთან დაახლოებაში და დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაეხმარება. “თან სწავლა, თან გართობა” – ფინური განათლების მოდელში დამკვიდრებული ეს ტერმინი დღეს შეგიძლიათ შვილებთან ერთად გამოსცადოთ.

“კეთილი იყოს შენი სტუმრობა ეროვნული მუზეუმის თავგადასავლების სამყაროში! ამ სამუზეუმო დარბაზში ჯერ არასდროს ყოფილხარ. შესაძლოა, ზოგიერთი ექსპონატი ადრე გინახავს კიდეც, მაგრამ წარმოიდგენდი, რომ რომელიმე მათგანი შეიძლებოდა ასეთი სახალისო ყოფილიყო?”, – წერია საბავშვო აქტტივობების ნაკრების შესავალში.

საბავშვო აქტივობების ნაკრები აერთიანებს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ სახალისოდ მოწოდებულ ინფორმაციასა და დავალებებს, რომლებიც ბავშვებმა მშობლებთან ერთად ან დამოუკიდებლად უნდა შეასრულონ. ჩვენ რეკომენდაციას ერთობლივ მუშაობას ვუწევთ, ამის მიზეზებზე კი ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. პირველი ისტორია, რომელსაც მხიარული თავგადასავლების მუზეუმი გვიყვება, არგონავტებს შეეხებათ. ბავშვები გაიგებენ ვინ იყვნენ არგონავტები და რა მისია ჰქონდათ მათ, შემდეგ კი ფეხსაცმლის ყუთისა და სხვა ინსტრუმენტების დახმარებით ქაღალდის თეატრს შექმნიან.

 

არგონავტების შემდეგ, ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ თიხის დახმარებით ავგაროზები გამოძერწოთ. ავგაროზები ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი. მათ, სილამაზის გარდა, კიდევ არაერთი მნიშვნელობა ჰქონდათ. მაგალითად, იცოდით, რომ ადრე ითვლებოდა, რომ ავგაროზებს ჯადოსნური, ზებუნებრივი ძალა ჰქონდათ და მფლობელს ავადმყოფობისგან თუ ავი ძალებისგან იფარავდნენ? საბავშვო აქტივობების ნაკრებიდან ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციას უხვად მიიღებთ.

“ამ პროექტის შექმნის იდეა ძალიან მარტივად დაიბადა. ჩვენ გვინდოდა, რომ ამ რთულ დროს, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, მუზეუმის და თიბისის კოლაბორაცია მოგვეხდინა ციფრულად. სწორედ ამიტომ, დავინტერესდით, როგორ ადაპტირდნენ თანამედროვე, ახალგაზრდა ხელოვანები ამ რეალობასთან და დავუკავშირდით მათ. ამის შემდეგ კი თიბისიმ, ეროვნულმა მუზეუმმა და ხელოვანებმა დავიწყეთ თანამშრომლებმა”, – ამბობს ნინა ახვლედიანი, თიბისის არტ-კურატორი.

“თიბისისგან მივიღეთ ძალიან საინტერესო შემოთავაზება, რომ იმ პერიოდში, როცა ყველაფერი ონლაინ რეჟიმში გადავიდა, შეგვექმნა საბავშვო აქტივობების ნაკრები სამუზეუმო ექსპონატებთან დაკავშირებით. პროცესი ძალიან საინტერესო იყო, რადგან უამრავი იდეა გვქონდა და მათგან საუკეთესოები ავარჩიეთ. შევისწავლეთ მუზეუმში დაცული ექსპონატები და შემდგომ მათი შთაგონებით შევქმენით აქტივობები მშობლებისთვის და ბავშვებისთვის. შედეგი ძალიან კარგი გამოვიდა, რადგან დიდი მოწონება დაიმსახურა”, – ამბობს თათია ნადარეიშვილი, სტუდია “ილუსტრატორის” თანადამფუძნებელი.

ეკა ტაბლიაშვილი, რომელიც ასევე მუშაობდა საბავშვო აქტივობების შექმნაზე, სამუშაო პროცესზეც გვესაუბრა. მან გვითხრა, რომ წიგნი დაკვირვებით არის შექმნილი, რათა საუკეთესო ფორმით მიეწოდებინათ ყველაფერი ბავშვებისთვის.

“გვინდოდა, რომ ისეთი აქტივობები მოგვეფიქრებინა, რომლებსაც ბავშვები დამოუკიდებლად გაართმევდნენ თავს. ზოგიერთი მათგანი მშობლებთან ერთად უფრო სახალისოა, რადგან მეტ შრომას მოითხოვს. საბოლოო ჯამში, საბავშვო ნაკრებში ხუთი აქტივობა შედის და თითოეული მათგანი არის როგორც ინფორმაციული და შემეცნებითი, ისე გასართობი. ბავშვები გაიგებენ ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, არგონავტების, ქართული ეთნოგრაფიის შესახებ საინტერესო ამბებს და შემდეგ საკუთარ ექსპონატებს შექმნიან”, – გვითხრა ეკა ტაბლიაშვილმა.

ნინა ახვლედიანი გვიყვება, რომ მათ მიზნად დაისახეს ახალი შემოქმედებითი პროცესის დაწყება, რომელიც მრავალფუნქციური იქნებოდა. ამოცანის მიხედვით, მუზეუმში დაცული ექსპონატები პროცესში იმგვარად უნდა ინტეგრირებულიყო, რომ მას ერთდროულად შემეცნებითი და თან გასართობი დანიშნულება ჰქონოდა.

“ბოლო პერიოდმა მოიტანა ის, რომ მშობლებსა და შვილებს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის უფრო მეტი დრო გაუჩნდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ მათთვის შეგვექმნა ისეთი საბავშვო აქტივობების ნაკრები, რომელიც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო დაახლოვებდა. გავითვალისწინეთ ის ცოდნა, რაც ბუნებრივად გვაქვს ცხოვრებიდან ჩვენს შვილებთან ურთიერთობიდან მოპოვებული და დავიწყეთ ახალი შემოქმედებითი პროცესი. საბოლოო შედეგმა დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში”, – ამბობს ნინა ახვლედიანი.

გარდა ექსპონატებისა, მხიარული თავგადასავლების მუზეუმში თქვენი შვილი კავკასიის ბიომრავალფეროვნებასაც შეისწავლის და გაიგებს, რომელი ფრინველები, ცხოველები არსებობენ ჩვენ ირგვლივ. შემდეგ კი, მათ გამოჭრასაც ისწავლის და საკუთარი ქაღალდის ცხოველები ეყოლება.

მხიარული თავგადასავლების მუზეუმში შეხვდებით ეთნოგრაფიულ სიმდიდრესაც, მათ შორის ხალიჩებსა და ფარდაგებს და მათ შესახებ სასარგებლო ინფორმაციას. შემდეგ კი ბავშვებთან ერთად ისწავლით პატარა ხალიჩების ქსოვას, რომლებიც მთელი ცხოვრება დაგრჩებათ სამახსოვროდ.

ნინა ახვლედიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ციფრული ტექნოლოგიებისა და შესაძლებლობების გამოკვლევა წარმოადგენს.

“სახელოვნებო მემკვიდრეობის აღსაქმელად, თანამედროვე ტექნოლოგიების ნოვატორულად გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის. შემოქმედებითი პროცესების ტექნოლოგიებთან დაკავშირება კი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ინტერაქტიული გავხადოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა”, – გვითხრა თიბისის არტ-კურატორმა.

“უკვე დაიბადა იდეა, რომ უახლოეს მომავალში მხიარული თავგადასავლების მუზეუმის ბეჭდური ვერსიაც შეიქმნას, რადგან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მუზეუმთან ერთად ვაპირებთ ამ პროექტზე მუშაობასაც და არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი აქტივობების ნაკრები კიდევ შეიქმნას”, – გვითხრა ნინა ახვლედიანმა.

სწორედ დღეს, აქ და ახლა, აღმოაჩინეთ მხიარული თავგადასავლების მუზეუმი, მოიმარჯვოთ ინსტრუმენტები და თქვენს შვილებთან ერთად საინტერესო დღეები გაატაროთ. არ დაკარგოთ დრო, ნაკრების გადმოსაწერად გადადით ამ ბმულზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.