კრიტიკული აზროვნება, როგორც 21-ე საუკუნის უმთავრესი საკითხი და როგორ დავეხმაროთ ბავშვებს მის განვითარებაში
ავტორი: მერი ჰალტონი
“თუ გვსურს, რომ ბავშვებმა შეძლონ ცხოვრების რთულ გამოწვევებთან გამკლავება, ამისთვის, პირველ რიგში, მათ უნდა ვასწავლოთ ფიქრი”, – ამბობს პედაგოგი ბრაიან უშირო. ამის გაკეთება კი 4 მარტივი კითხვის საშუალებით შეგვიძლია.
ყველას გვინდა ჩვენს ცხოვრებაში არსებულმა პატარა ადამიანებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიონ, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოებაში არ არსებობს საერთო შეთანხმება, როგორ უნდა აღვზარდოთ ისინი ან როგორ შევუქმნათ წარმატებული მომავალი. შეიძლება ყველა ბავშვი ერთნაირი კოდით იმართოს? აუცილებელია, რომ მათ თანამდებობა დაიკავონ ან ისაუბრონ მრავალ უცხოურ ენაზე?
“ეს ყველაფერი სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ საკმარისია?“ – ამბობს ბრაიან უშირო თავის გამოსვლაში. ასევე აღნიშნავს, რომ თუ გვსურს ჩვენს შვილებს ჰქონდეთ სხარტი გონება, ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღების უნარი და გაუმკლავდნენ კომპლექსურ პრობლემებს, ჩვენ მათი კრიტიკული აზროვნება უნდა განვავითაროთ.
“ადამიანი იზრდება და ცხოვრებაში ისეთ კითხვებზე უწევს პასუხის ძებნა, რომელიც ხშირად მრავალვარიანტიან ტექსტზე ბევრად რთულია, – აღნიშნავს TEDxXiguan გამოსვლისას უშირო, – ჩვენ სტუდენტებს უნდა მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ შეკითხვებს, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეთ მხოლოდ ერთი სწორი პასუხი. ეს საშუალებას მისცემს ცხადად დაინახონ ცხოვრება, რომელიც მათ საკლასო ოთახის მიღმა ელოდებათ”.
როგორ წავახალისოთ ბავშვის კრიტიკული აზროვნება მცირე ასაკშიც კი, სწორედ მაშინ, როდესაც ისინი კითხვების დასმის ექსპერტებად გვევლინებიან?
გავცდეთ შეკითხვას – რა? ვკითხოთ მათ – როგორ? და რატომ?
დავუშვათ, რომ თქვენი შვილი სკოლაში კლიმატის ცვლილებებს სწავლობს. შესაძლოა მასწავლებელმა დასვას შეკითხვა – “რა არის კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი?”. ოშირო აღნიშნავს, რომ ამ კითხვას ორი მიმართულება აქვს. ფაქტების მოძიება ინტერნეტის საშუალებით სწრაფად და მარტივად შეიძლება და სწორი პასუხის გაცემის შესაძლებლობა ადამიანს ცრუ დაცულობის შეგრძნებას უჩენს. ასეთი შემთხვევები ბავშვს წარმოდგენას უქმის, რომ აქვს ცოდნა საკითხის შესახებ. მაშინ როდესაც მისი ცოდნა ყოვლად უსარგებლოა.
თუ სახლში მოსვლისას თქვენ დაუყოვნებლივ ჰკითხავთ მას – “უფრო ზუსტად, როგორ შეიძლება გარკვეული მოვლენა იყოს კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზი?” ან “რატომ უნდა ვინერვიულოთ ამ ფაქტზე?” – ის მოიძიებს კიდევ მეტ ფაქტებს და რეალურად დაფიქრდება საკითხზე, რომ შეძლოს პასუხის გაცემა.
არსებობს კიდევ სხვა, კარგი შეკითხვები. მაგალითად, “როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს ცხოვრებაზე?” ან “კონკრეტულად ჩვენმა ქალაქმა რატომ უნდა ინერვიულოს კლიმატის ცვლილებაზე?” – კითხვების ლოკალიზება ბავშვს შესაძლებლობას აძლევს ცოდნა თავის ცხოვრებასა და გამოცდილებასთან დააკავშიროს.
განაგრძეთ შეკითხვით, “საიდან იცი?”
უშირო ამბობს, “ბავშვებმა უნდა გაითვალისწინონ ზოგიერთი მტკიცებულება და შეეძლოთ თავიანთი პასუხის ლოგიკურად ახსნა”. ეს შეკითხვა ბავშვისგან მოითხოვს გავლილი საკითხების შეჯამებასა და იმის განსაზღვრას, თუ საიდან აქვს კონკრეტული ინფორმაცია.
შეეცადეთ სწრაფად დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ რით განსხვავდება მისი დანახული პერსპექტივა სხვებისგან.
შეგიძლიათ ჰკითხოთ, “როგორ იმოქმედებს კლიმატის ცვლილება ერთ კონკრეტულ ქვეყანასა თუ ქალაქზე?” ან “რატომ უნდა ინერვიულონ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეებმა კლიმატის ცვლილებაზე?”. ბავშვი უნებლიეთ იწყებს ფიქრს სხვა ადამიანების ცხოვრებასა და პრიორიტეტებზე, მათი პერსპექტივის გაგება კი მას მნიშვნელოვანი დეტალებისა და შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. .
ბოლოს კი ჰკითხეთ, მისი აზრით, როგორ შეიძლება გადაიჭრას პრობლემა.
ამ დროს შეკითხვები ძალიან დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, “როგორ შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება?” – ეს კითხვა ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია, სანაცვლოდ შეგიძლიათ ჰკითხოთ, “როგორ შეგვიძლია გამოვიდეთ და შევაჩეროთ კლიმატის ცვლილების გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი?”. ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა მოითხოვს მისი ცოდნის სრულ კონცენტრაციას. ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვისკენ ვუბიძგოთ: “როგორ შეუძლია მეცნიერებას კლიმატის ცვლილების ერთი კონკრეტული მიზეზის შეჩერება? რას გულისხმობს დიდი დაფინანსებით პრობლემის გადაჭრა? ან რას ნიშნავს პოლიტიკურად საკითხის გადაწყვეტა?
თქვენ შეგიძლიათ ამ მიდგომის გათვალისწინება ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. აუცილებელი არაა, რომ ექსპერტები იყოთ იმაში, რასაც თქვენი შვილები სწავლობენ. თქვენ უბრალოდ ასწავლით მათ იფიქრონ საკუთარი თავისთვის. თქვენი როლია დასვათ ზუსტი შეკითხვები, მოუსმინოთ და რეაგირება მოახდინოთ. “ამ დროს ბავშვების მოვალეობაა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გადმოსცენ თავიანთი აზრები თქვენთვის გასაგებ ენაზე. ეს ცოდნის გასამყარებლად საუკეთესო გზაა”, – აღნიშნავს ოშირა თავის გამოსვლაში.
რა თქმა უნდა, კრიტიკული აზროვნება არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის სასარგებლოა. “თუ შენ ცდილობ ცხოვრების განმავლობაში სწავლა არ შეწყვიტო, მაშინ საკუთარ თავს დაუსვი მსგავსი შეკითხვები. ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმე, ნამდვილად იცი საკითხი, რომელზეც ფიქრობ, რომ იცი? ჩვენ ყველას შეგვიძლია განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება და განვამტკიცოთ ის. საჭიროა მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ყოველდღიურად გაუმეორებთ.
ორიგინალი:https://ideas.ted.com/