fbpx

წამის დაჭერის ხელოვნება, ანუ ცხოვრება აქ. ახლა


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ კიზივაძე

 

ინგლისურის ენერგიული მასწავლებელი მოსწავლეებს შუშის მიღმა შავ-თეთრ ფოტოებზე შემორჩენილ სახეებზე მიუთითებს. “თუ ყურადღებით მოუსმენთ, გაიგებთ, როგორ გიჩურჩულებენ ისინი საკუთარ მემკვიდრეობას” –  და რობინ უილიამსის ლეგენდარული პერსონაჟი დაბნეულ მოსწავლეებსა და ეკრანის წინ თვალებგაფართოებულ მაყურებელს იდუმალი ხმით პირველ მნიშვნელოვან გაკვეთილს ამცნობს: “დაიჭირეთ წამი! ყოველი დღე გამოიყენეთ, ბიჭებო. თქვენი ცხოვრება ექსტრაორდინალურად აქციეთ”!

“ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეაბიჯებ, რადგან მასში განუწყვეტლივ სხვა წყალი მიედინება” – აწმყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ მოსაზრებები საუკუნეებს ითვლის და ის ალბათ პირველად  სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ადამიანებმა აწმყო წარსულისა და მომავლისგან გამიჯნეს. დროის მდინარების თავისებურების აღქმამ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ადამიანებს საერთო ფილოსოფიური შეხედულება ჩამოუყალიბა: ძალაუფლება აწმყოს ხელშია, აწმყო კი იმისია, ვისაც წამის მიერ ბოძებული შესაძლებლობების გამოყენების გამბედაობა აქვს. სწორედ ამ შეხედულებას გამოხატავს რომაელი პოეტის, ჰორაციუსის გამონათქვამი Carpe Diem, რომელიც, “მკვდარი პოეტების საზოგადოების” წყალობით, უცხო თითქმის აღარავისთვისაა.

Carpe Diem დღის მოწყვეტად, წამის დაჭერად ითარგმნება. მართალია, თანამედროვე სამყაროში Carpe Diem ხშირად უბრალოდ წამიერი ტკბობისა და სიამოვნების მნიშვნელობით აღიქმება, თუმცა სინამდვილეში დღისა თუ აწმყოს მოწყვეტა შესაძლებლობების აქ და ახლა გამოყენებას, აწმყოზე კონცენტრირებას, გაბედვასა და მოქმედებას გულისხმობს, რადგან კონკრეტული შესაძლებლობა, ისევე როგორც წამი, აღარასდროს განმეორდება.

ადამიანები Carpe Diem პრინციპით წამიერი შესაძლებლობების გამოყენებას მომავლისთვის გადადებდნენ, თითოეული ჩვენგანის დრო და, შესაბამისად, შესაძლებლობები შეზღუდული რომ არ იყოს. პრინციპი Memento Mori ადამიანებს ახსენებს, რომ დრო – ჩვენთან ერთად თუ ჩვენ გარეშე – მუდამ წინ მიიწევს. Carpe Diem და Memento Mori  ერთი მონეტის ორი მხარეა და მათ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლიათ: ადამიანის ხელში რომ დროის უსასრულობა იყოს, მისთვის აწმყოსა და წამიერ შესაძლებლობებს მნიშვნელობა არ ექნებოდა.

წამიერი შესაძლებლობების მნიშვნელობა არც აღმოსავლური კულტურის ყურადღების მიღმა დარჩენილა. აწმყოთი ცხოვრების ხელოვნებას იაპონურ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხანგრძლივი სიცოცხლისა და ბედნიერების იაპონური ფორმულის – Ikigai-ის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი სწორედ აწმყოა. Ikigai იაპონური სიტყვაა და  “ცხოვრებისთვის მიზეზს” ნიშნავს. ის საკუთარი თავის, ბედნიერებისა და ყოველ დილით ადგომის მიზეზების შეცნობაში გვეხმარება. Ikigai ფორმულით ბედნიერების განცდა კი აქ და ახლა თითოეული წამის დაფასებითა და მის მიერ მოტანილი შესაძლებლობების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია.

აწმყოს ძალა და წამის მნიშვნელობა კიდევ ერთი იაპონური კონცეფციის, Ichigo Ichie-ის მთავარი არსია. Ichigo Ichie არის ყველაფერი ის, რაც არასდროს განმეორდება. თითოეული წამი ახალი შესაძლებლობაა, რომელსაც ადამიანი საბოლოოდ ახალი მომავლისკენ მიჰყავს, შესაბამისად, არც ერთი მათგანი ხელიდან გასაშვები არაა.

აწმყოთი ცხოვრების აუცილებლობა აღმოსავლეთში წარმოშობილი ძენ-ბუდისტური მოძღვრებების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. ძენ-ბუდიზმის ფილოსოფიის მიხედვით, თანამედროვე ადამიანი წარსულის შეცდომების სინანულსა და გამოუცნობი მომავლის შიშს იმდენად დიდ დროს უთმობს, რომ მის სიცოცხლეში აწმყოსთვის ადგილი აღარ რჩება. წარსულს ვერ შეცვლი, მომავალს ვერ გააკონტროლებ – ძენ-ბუდიზმი ქადაგებს, რომ ადამიანს ძალა და მოქმედების შესაძლებლობა მხოლოდ აწმყოში აქვს. არც ერთ წერტილამდე მიღწევას არ აქვს აზრი, თუ იქ მისულმა მთელი დრო კვლავ სხვა წერტილზე ფიქრს უნდა დაუთმო. თითოეული წამი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია, რადგან ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ამ წამების ერთობლიობა.

ძენ-ბუდიზმის ყოვლისმომცველმა მოძღვრებებმა დიდი გავლენა იქონია დასავლეთზე, სადაც მას დღეს უამრავი მიმდევარი ჰყავს. ძენ-ბუდიზმის ფილოსოფიის პოპულარობაში განსაკუთრებული წვლილი XX საუკუნეში მოღვაწე ბრიტანელ სპიკერსა და მწერალს, ალან უოტსს მიუძღვის.

“ხვალინდელ დღესა და მის გეგმებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ აწმყოსთან სრულიად არ ხარ დაკავშირებული, რადგან მხოლოდ და მხოლოდ აწმყოში ცხოვრობ”.

ალან უოტსი საკუთარ წიგნებში ყველასათვის გასაგები და მარტივი ენით ხსნის აწმყოს მიერ ბოძებული შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას. უოტსის მიხედვით, წარსული მხოლოდ მოგონებაა წამიერი გამოცდილებების შესახებ, მომავალი კი რეალობის ნაწილი მხოლოდ აწმყოდ ქცევის შემდეგ გახდება, შესაბამისად, ადამიანი მხოლოდ აქ და ახლა არსებობს.

“სწორედ ესაა ცხოვრების ნამდვილი საიდუმლო: მთლიანად უნდა იყო ჩაფლული იმაში, რასაც აქ და ახლა აკეთებ”.

დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურაში წამით შეპყრობის და აწმყოთი ცხოვრების შესახებ განვითარებული მოსაზრებები მხოლოდ ფურცელზე დაწერილი თეორიები აღარაა. მყისიერად მოქმედებისა და თითოეული წამის გამოყენების ფილოსოფია დიდი ხანია გასცდა მოაზროვნეთა კვლევებს და მხატვრულ ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში, მუსიკასა თუ ხელოვნების სხვა დარგებში შეაბიჯა. დასავლურ კინემატოგრაფიაში, ამ მხრივ, აღსანიშნავია ე.წ. Bucket List ფილმები.

ისინი საზოგადოებას წამის მიერ ბოძებული შესაძლებლობების გამოყენების, აქ და ახლა მოქმედების აუცილებლობას ახსენებენ და მთავარ კითხვას სვამენ: “რას გააკეთებდი, რომ იცოდე, ეს შესაძლოა შენი უკანასკნელი დღე იყოს?” პასუხი მარტივია: “ვიცხოვრებდი”. არ არის აუცილებელი ცხოვრება მსოფლიოს ირგვლივ ძვირადღირებულ მოგზაურობას უკავშირდებოდეს. ხშირად ეს სულ უბრალო სურვილია, რომლის ასრულების შესაძლებლობას ადამიანები ყოველთვის იდუმალებით მოცული მომავლისთვის ინახავენ, მაგალითად, ზღვის ნახვა, სანამ სამოთხის კარზე დააკაკუნებ.

აქ და ახლა მოქმედების ყოვლისმომცველი ფილოსოფია კინემატოგრაფიასთან ერთად ლიტერატურაშიც ფართოდ გამოიყენება, იმდენად ფართოდ, რომ ის მხოლოდ ადამიანებით როდი შემოიფარგლება – მას მიმდევრები თოლიებშიც ჰყავს. რიჩარდ ბახის თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი ერთ-ერთი მათგანია. მისი სიცოცხლე იმაზე დარდში გადის, შეუძლია თუ არა უფრო მაღლა ფრენა. მისი ცხოვრება კი მაშინ იწყება, როცა გადაწყვეტს, პასუხის პოვნა მომავალსა და მისტიკურ მხსნელ არსებას კი არ მიანდოს, არამედ მაღლა აფრენით, აქ და ახლა თავად იპოვოს.

“ზეცას იმ მომენტში შეეხები, როდესაც სრულქმნილ სისწრაფეს დაეუფლები. ეს იმას არ ნიშნავს – საათში ათასი ან მილიონი მილი დაფარო ან სულაც სინათლის სიჩქარით იფრინო… ყოველგვარი რიცხვი დასაზღვრულია. სრულქმნილებას კი საზღვრები არ აქვს. სრულყოფილი სისწრაფე, შვილო, ნიშნავს აქ ყოფნას.”.

აქ.ახლა

აქ.ახლა – თიბისი

Gepostet von TBC – თიბისი am Freitag, 22. Mai 2020

 

წამიერი შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობა ყველაზე კარგად არა ფურცლებსა და ეკრანებზე სხვების მიერ მოთხრობილმა ისტორიებმა და მოძღვრებებმა, არამედ იმ რეალობამ დაგვანახვა, რომელშიც, ჩვენდა უნებურად, რამდენიმე თვეა ვცხოვრობთ. ახლა, როცა ახლო წარსული შორეულ მოგონებას ჰგავს, მომავალი კი სწრაფად იცვლება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ შესაძლებლობების დანახვა და გამოყენება, რომელსაც სამყარო აქ და ახლა გვთავაზობს. სწორედ ეს გახდა თიბისის ახალი კამპანიის მთავარი არსი, რომელიც საზოგადოებამ ბესიკ ხარანაულის ახალი ლექსით გაიცნო. “აქ. ახლა” კამპანია თიბისის ბიზნესხედვას გამოხატავს, რომელიც ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს. კამპანიის მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის ისაა, რომ ადამიანებმა ბანკთან ერთად აქ და ახლა, თითოეულ წამში დაინახონ და გამოიყენონ შესაძლებლობები.

“მეც სახლში ვარ… შენც სახლში ხარ… დედამიწაც შესულა სახლში” – ასე იწყება თიბისის კამპანიის ვიდეორგოლი; ცხოვრება აწმყოშია, აქ და ახლა. წარსული და მომავალი აწმყოს განუყოფელი ნაწილებია. ადამიანები წარსულის ცოდნითა და მომავლის სურვილით მოქმედებენ, თუმცა ხშირად შიში, რომ შესაძლოა არ გამოგივიდეს და წარსულის გამოცდილება, რომელიც გეუბნება, რომ არ გამოგვივა, გართმევს იმის შესაძლებლობას, დაიჭირო წამი, რომელშიც აქ და ახლა ცხოვრობ. სულერთია რას მოიტანს ის – დიდ წარმატებას თუ კიდევ ერთ მწარე დამარცხებას – ნებისმიერ შემთხვევაში, შიშის დაძლევა, შესაძლებლობის გამოყენება, მყისიერად მოქმედება იმის საშუალებას მაინც გიტოვებს, რომ დღის ნებისმიერ მომენტში თქვა: “ამწამს ვცხოვრობ, აქ და ახლა.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.