fbpx

ჯაზი კოსმოსში და ჰიპ-ჰოპი ფეოდალურ იაპონიაში


გააზიარე სტატია



ავტორი: თამუნა გეფერიძე

 

კოსმოსი და ქოვბოები ისევე უცხოდ შეიძლება ჟღერდეს პირველად, როგორც იაპონური ჯაზი. კიბორგები, თავებზე მონადირეები და ჰაკერები საქსოფონის მელოდიის თანხლებით მთელ გალაქტიკაში დაქრიან. სხვადასხვა პლანეტაზე, სხვადასხვა ჩაცმულობისა და არქიტექტურული ხასიათით Cowboy Bebop-ის ყოველ სერიაში პერსონაჟებთან ერთად ახალ არეულობაში ვერთვებით. 

რომ არა მუსიკა, რომელიც იოკო კანნომ შექმნა, ეს ანიმე მართლაც ერთი დიდი არეულობა და ქაოსი იქნებოდა. სწორედ ამიტომ მთავარ თემად ნამუშევრისათვის ჯაზი შეარჩიეს, რომელიც ასევე ერთგვარ მუსიკალურ სინთეზს წარმოადგენს: აფრიკული რიტმი, ევროპული ჰარმონია და აფროამერიკული ფოლკლორი. 

თუმცა სერიების სათაურების მიხედვით ბევრი სხვა მუსიკალური ზეგავლენის ამოკითხვაც შეიძლება, მაგალითად: Bohemian Rhapsody, My Funny Valentine, Asteroid Blues და ყველაზე ცნობილი Jupiter Jazz. Cowboy Bebop-ის ნახვისა და მოსმენის შემდგომ კოსმოსური ვესტერნი იაპონურ ანიმაციაში ჯაზის თანხლებით ყველაზე გემოვნებიან კოქტეილადაც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. 

 

 

ბიბოპის შემდეგ  შინიჩირო ვატანაბემ კიდევ ერთი უცნაური ნაზავის შექმნა გადაწყვიტა. ჰიპ-ჰოპი. მართალია, 2018 წელს Netflix-მა “Devilman Crybaby”-ში გააჟღერა რეპი, მაგრამ ანიმაციაში, რომელიც თანამედროვე სამყაროს ასახავს, მსგავსი პერფორმანსის ხილვა არაა ისეთი უჩვეულო როგორც ფეოდალური იაპონიის ხანაში. 

2004 წელს გამოშვებულ Samurai Champloo-ს ჰიპ-ჰოპის ბიტები არა უბრალოდ ფონად გასდევს ანიმეს, არამედ მთავარ პერსონაჟსა და ხასიათს წარმოადგენს. სერიალი თითქოს ისტორიულია, მაგრამ სამურაების საუბრები, მანერები და თვითონ სამყარო ამერიკის 90-იანების წლების ხასიათს ატარებს. მონტაჟის ტემპორიტმი ჰიპ-ჰოპის ბიტებზეა აგებული და საბოლოოდ უცნაურ, მაგრამ დინამიკურ და ჰარმონიულ, საინტერესო ნამუშევარს ვიღებთ, რაც გარკვეულწილად, აწ უკვე გარდაცვლილი, იაპონელი ჰიპ-ჰოპ არტისტის, Nujabes, იგივე ჯუნ სებას (ფსევდონიმი სახელის ანაგრამაა) დამსახურებაა. Nujabes დასავლურ სამყაროში საკმაოდ ცნობილია, თუმცა მისი წარმომავლობის შესახებ ცოტამ თუ იცის. Samurai Champloo-ზე საუბრისას აუცილებელია ქუდის ხსენებაც, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ანიმეს ისტორიაში. 

 

 

მაგრამ როდესაც საუბარი მიდის ანიმეს მუსიკალურ გაფორმებაზე, რთულია არ გამოყო თვითონ იაპონური ფოლკლორი. შამისენი, ფუე, ტაიკო და კიდევ სხვა საკრავები, რომლებიც ქმნიან იაპონურ ჟღერადობას, გამორჩეულად გამოიყენება ყველაზე ცნობილ ანიმე სერიალ “ნარუტოში”, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ფოლკლორის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. 

მართალია, ნინძების სამყარო კონკრეტულად იაპონიის სახელმწიფოს არ წარმოადგენს სერიალში და არც მოქმედებების დრო არის დაზუსტებული, მაგრამ ტრადიციული რიტმი იდეალურად ავსებს საბრძოლო სცენებს და გადმოსცემს ღრმა, ხშირად ტრაგიკულ ემოციებს. 

 

 

ამრიგად, იაპონელები ანიმაციას იყენებენ, როგორც სხვა კულტურების მუსიკაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად და ამავდროულად, საკუთარი ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის, რაც საკმაოდ კარგად გამოსდით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.