Netflix-ის 7 ფილმი და სერიალი რასიზმის შესახებ თვითგანათლებისთვის – iD
ავტორი: Rolien Zonneveld
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობიდან თითქმის სამი კვირა გავიდა, მსოფლიოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, ამ ყველაფრის ფონზე კი ერთი რამ ნათელია: ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ თვითგანათლებისთვის და გავიგოთ ის მიზეზები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ამისათვის ერთი გზა ისეთი წიგნების და ესეების კითხვაა, რომლებიც სტრუქტურული რასიზმისა და თეთრკანიანთა უპირატესობის საკითხებს იკვლევს, ხოლო მეორე გზა კი ფილმებისა და სერიალების ყურებაა. Netflix ამის შესაძლებლობას გვაძლევს – ფილმები, რომლებიც გამოჩენილი აქტივისტების (მათ შორის, Malcolm X-ის და Marsha P Johnson-ის) ცხოვრებას აღწერს. თუ შაბათ-კვირას რამდენიმე საათი თავისუფალი გაქვთ, არ გამოტოვოთ ჩვენი სია, რომელიც 7 საუკეთესო ფილმისგან/სერიალისგან შედგება.
13th (2016)
ეს დოკუმენტური ფილმი ქრონიკულად წარმოგვიდგენს მონობის გაუქმების შემდეგ კარცერული მდგომარეობის განვითარებას, რისი მთავარი მამოძრავებელი ძალაც ფული იყო. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად იაფია ციხის შრომა და ის შეერთებული შტატების ეკონომიკაში მომხმარებლისთვის უცნობი გზებითაა ინტეგრირებული, თავად სისტემა კი ისეა შექმნილი, რომ შავკანიანი მამაკაცები ადრეულ ეტაპზე და ხშირად მოხვდნენ ციხეში. ფილმი ასევე აშუქებს საკანონმდებლო ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო ან საარჩევნო უფლებებჩამორთმეული შავკანიანების “ხაფანგში მოქცევას”. მაგალითად, ნატეხებიანი კოკაინის ფლობა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე იმ პუდრის მსგავსისა, რომელსაც ძირითადად თეთრკანიანები მოიხმარენ.
LA 92 (2017)
ამ დოკუმენტური ფილმის ყურებისას ძნელია მსგავსება არ დაინახოთ დღევანდელ საპროტესტო აქციებსა და 1992 წელს ლოს-ანჯელესში მიმდინარე მოვლენებს შორის. ისინი ოთხი თეთრი პოლიციელის გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებდნენ, რომლებმაც შეუიარაღებელი შავკანიანი ავტომობილისტი, როდნი კინგი უმოწყალოდ სცემეს, ეს ყველაფერი კი ვიდეოკამერის ჩანაწერებშიც ჩანდა. მართლმსაჯულების წარმომადგენელთა უმრავლესობა თეთრკანიანი იყო, რამაც გასაკვირი არაა, რომ დიდი გავლენა მოახდინა გამამართლებელ განაჩენზე. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ფილმი დიდი კომენტარებით არ გამოირჩევა, ის ნათლად გვაჩვენებს იმას, თუ როგორ სწრაფად იძაბება სიტუაცია არასამართლიანობის დროს.
Trial By Media: 41 Shots (2020)
Netflix-ის ახალი სერიალი 1999 წელს NYPD-ის ოფიცრების მიერ გვინეელი ემიგრანტის, ამადუ დიალოს სასტიკი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ 41-ჯერ ესროლეს საკუთარ სახლში შესვლის მცდელობისას, პოლიციის ყველა თანამშრომელი შემდგომში გაამართლეს. დიალო შეუიარაღებელი იყო. ამ მოვლენამ აღშფოთება გამოიწვია ნიუ-იორკსა და მსოფლიოს სხვა ადგილებში, რამაც სიტუაცია დაძაბა. ეპიზოდში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წამყვანი ფიგურა, ალ შარპტონი ამ შემთხვევაზე კომენტარებს აკეთებს და ისეთ გაკვეთილებს გვასწავლის, რაც დღესაც რეზონანსულია.
The Innocence Files (2020)
ეს შოუ წარმოგვიდგენს პერსონალურ ისტორიებს უკანონოდ სასჯელის მისჯის 8 შემთხვევის შესახებ, რომელიც The Innocence Project-მა და სხვა ორგანიზაციებმა აღმოაჩინეს. ის ხაზს უსვამს ამერიკის კორუმპირებულ და დამაშინებელ სისტემას, რომელიც ბრალდებულებს ხანგრძლივ სასჯელს ან ხშირ შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენსაც უსჯის სათანადო მტკიცებულებების გარეშე. შოუ აშუქებს 80-იან და 90-იან წლებში გამოყენებულ საეჭვო ინკრიმინაციულ ტექნიკას, რამაც გამოიწვია უამრავი უდანაშაულო ადამიანის თავისუფლების აღკვეთა. Innocence Project აღნიშნავს, რომ 367 პატიმრობაში მყოფი ადამიანიდან, რომლებიც საბოლოოდ დნმ-ის მტკიცებულებებით გაათავისუფლეს, 61% შავკანიანი იყო.
When They See Us (2019)
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს მინისერიალი, შემდგომი რამდენიმე დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო. სერიალი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული: ჰარლემში მცხოვრები 5 თინეიჯერი 1989 წელს ცენტრალურ პარკში სასტიკ თავდასხმაში დაადანაშაულეს. ვარაუდზე დამყარებული მოსაზრებებით სისტემის თეთრკანიანი წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვები დაადანაშაულონ, მაშინ, როდესაც ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობს. სერიალი არა მარტო სისტემურ რასიზმს უსვამს ხაზს, არამედ გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი თინეიჯერი ამერიკულ საზოგადოებაში.
Who Killed Malcolm X? (2020)
6 სერიისგან შემდგარი სერიალი, რომელშიც აქტივისტი აბდურ-რაჰმან მუჰამედი გამოძიებას იწყებს სამოქალაქო უფლებების ლიდერის, Malcolm X-ის მკვლელობის შესახებ. მისი მკვლელობის შემდეგ ციხეში სამი ადამიანი ჩასვეს: ტალმაჯ ჰეიერი, ნორმან ბათლერი და თომას ჯონსონი. ჰეიერმა აღიარა დანაშაული, დანარჩენმა ორმა კი არა. ნორმანი და თომასი გაათავისუფლეს, მაგრამ გაჩნდა კითხვა: ვინ მოკლა რეალურად მალკოლმი? ამ საკითხზე მუშაობა The Innocence Project-მა დაიწყო. მკვლელობიდან 55 წლის შემდეგ მანჰეტენის პროკურატურა დანაშაულის ხელახალ გამოძიებას განიხილავს.
The Death and Life of Marsha P. Johnson (2017)
მარშა ჯონსონის გარეშე რასიზმის პროტესზე ვერ ვისაუბრებთ – შავკანიანი ტრანსი აქტივისტი, რომელმაც გეი ბარის, Stonewall Inn-ის დარბევის დროს პოლიციელებს ქვა (ან ჭიქა) ესროლა. 1992 წელს მისი ცხედარი მდინარე ჰადსონში იპოვეს, გარდაცვალების გარემოებები კი ჯერ კიდევ გაურკვეველია. პოლიციის დეპარტამენტმა თვითმკვლელობად კი აღიარა, მაგრამ სათანადო გამოძიება არ ჩატარებულა.
ორიგინალი: https://i-d.vice.com/