fbpx

5 რჩევა დამწყები ფოტოგრაფებისთვის – მარიამ სიჭინავას ფირის ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ კერესელიძე

 

მარიამ სიჭინავა თვითნასწავლი ხელოვანია, რომლისთვისაც ფოტოების გადაღება, როგორც თავად აღნიშნავს, ცხოვრების უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია – “ეს ჰაერი, ემოცია და ადრენალინია ჩემი სულიერი მდგომარეობისთვის“.

ამ სფეროს მიმართ ინტერესი 15 წლის წინ გაუჩნდა, მაშინ, როცა საკუთარ თავში კლასიკური ფილმების მიმართ დიდი სიყვარული აღმოაჩინა. გარკვეული პერიოდი ფიქრობდა, რომ ცხოვრებას კინოს დაუკავშირებდა, მაგრამ ყველაფერი ერთმა ფაქტმა შეცვალა – 12 წლის წინ მას ფირის კამერა აჩუქეს. “მანამდე არასდროს მიფიქრია ფოტოების გადაღებაზე, ისიც არ ვიცოდი კამერა როგორ მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ამიხსნეს კამერის ტექნიკური მახასიათებლები, მაინც გამიჭირდა და უბრალოდ  ჩემთვის გადაღება დავიწყე. პირველი ფირის რეზულტატი დამწყებისთვის აბსოლუტურად ნორმალური იყო (კომპოზიცია, ფოკუსი, განათება), ამიტომ გადავწყვიტე ისევ მეცადა. Რაც დრო გადიოდა, შედეგი უფრო მომწონდა.”

 

მარიამის პირველი ნამუშევარი:

პირველი ფოტოების გადაღებიდან დაახლოებით ექვს თვეში ბრიტანული გამომცემლობა დაუკავშირდა, მისი ერთ-ერთი ფოტოს შეძენა სურდათ, რომელიც წიგნის ყდა გახდებოდა და საკმაოდ დიდი ტირაჟით დაიბეჭდებოდა.  ამ ყველაფერს მალევე დიდი პროექტი დაემატა, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ-ფრანგული ბრენდისთვის იმუშავა. 

“ფირის ფოტოგრაფია ფერებითა და სიღრმით გამოირჩევა. შედეგს ყოველთვის განსაკუთრებული განწყობა მოჰყვება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ნოსტალგიურიც იყოს. ერთი ფირი მხოლოდ 16 კადრის გადაღების საშუალებას მაძლევს და ისინი არასდროს მეორდება, ეს კი ძალიან მომწონს. საკმაოდ საინტერესოა ის, რომ არ ვიცი  რა შედეგს მივიღებ და მუდამ სიურპრიზის მოლოდინში ვარ. მომწონს ის, რომ ფირი ფიზიკური და ხელშესახებია.”

შთაგონებას ყველაფრისგან იღებს, ცდილობს, საინტერესო დეტალები აღმოაჩინოს მის გარშემო. “შთაგონების წყარო ხშირად ამინდი, შუქი, მუსიკა და ბუნების ხმაა, ყოფილა შემთხვევა, როცა უბრალო საუბრის დროს რაიმე სიტყვა ან წინადადებაც კი გამხდარა. გონებას სადღაც სხვაგან მივყავარ და წარმოსახვით აღვიქვამ კონკრეტულ კადრს”.

საყვარელი ფოტოგრაფები: Helmut Newton, William Eggleston, Martin Parr, Stephen Shore და Joel Meyerowitz.

 

მოგვიყევით უფრო მეტი თქვენი ერთ-ერთი პროექტის,  Nymphs-ის შესახებ: 

ნიმფების გადაღება 2019 წელს დავიწყე  და სეზონებად ვიღებ. თავდაპირველი ინსპირაციის წყარო ბალეტზე ნანახი პატარა ნაჭერი იყო, რომელზეც სამ დღეში ავაწყვე კადრი. გავაკეთეთ სკეტჩი იდეის მიხედვით, შევქმენით კოსტიუმები, ავარჩიე გოგონები და გადაღების ადგილი. 

გადასაღებად  მისულებს ძალიან ცუდი განათება დაგვხვდა და მომიწია  ადგილის  სასწრაფოდ შეცვლა. გადაღების დაწყებიდან სულ რაღაც 20 წუთი გვქონდა სამუშაოდ, ძალიან მალე  ცა გაშავდა, დაიწყო წვიმა და ძლიერი სეტყვა. მახსოვს, ძალიან გაგვიჭირდა ტყიდან გამოსვლა. ტყიდან გამოსულებს ცაზე ლამაზი ცისარტყელა დაგვხვდა. მაშინ გადავწყვიტე ამ ფოტოსესიის გაგრძელება და ვაქციე პროექტად, რომელსაც Nymphs – Hesperides დავარქვი. ამ ეტაპზე სულ გადაღებულია სამი ფოტო. 

ესენია: 

 რჩევები დამწყები ფოტოგრაფებისთვის: 

  1. პირველ რიგში გირჩევთ, რომ თავიდანვე შეისწავლოთ მექანიკური კამერა, რადგან შუქის კონტროლი და იმის შექმნა, რაც გინდა, საკმაოდ საინტერესოა.  
  2. ეძებეთ და იპოვეთ თქვენი სტილი, ის, რაშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს, გამოხატეთ საკუთარი ხედვა.
  3. არასდროს “დააკოპიროთ”, ეცადეთ სხვისი ნამუშევრებისგან მხოლოდ შთაგონება მიიღოთ.
  4. არ შეზღუდოთ შთაგონების წყარო, რადგან ის შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს,
  5. იმუშავეთ ძალიან ბევრი, პრაქტიკისას  სწავლა საინტერესოა და ბევრ რამესაც აღმოგაჩენინებთ.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.