fbpx

სტალინის მოდის სახლი: რკინის ფარდის მიღმა არსებული სტილი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Francky Knapp

ბევრისთვის „საბჭოთა მოდა“ ოქსიმორონს ჰგავს. უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია, რომ მოდის ატელიეების დაფინანსებას იოსებ სტალინის საქმეების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონოდა, თუმცა არც უამისობა ყოფილა. ”ეკლექტიკური მანეკენები ნელა მოძრაობდნენ, რადგან საკმაოდ მოუხერხებელი ტანსაცმელი ეცვათ”,  – წერდა ელზა შიპარელი საბჭოთა მოდაზე. “საოცარი იყო – ფუშფუშები, პლისეები და “შიფონის ორგია” (მისი სიტყვებია).

ახალ დიქტატორს, სტალინს სურდა საბჭოთა ქალის მკაფიო სახე წარმოეჩინა, რომელიც მსოფლიო მოდის რუკაზე თანამედროვე და იმაზე უკეთესი უნდა გამოჩენილიყო, ვიდრე სინამდვილეში იყო. სწორედ ამიტომ სტალინმა 1935 წელს საკუთარი მოდის სახლი შექმნა.

ჩვენ ყველამ ვიცით უარესის შესახებ, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 1930-იანი წლებისთვის სტალინურ რუსეთში ინდუსტრია ვითარდებოდა, ახალმა პოლიტიკამ ქალებისთვის ხმის მიცემისა და ასევე რეპროდუქციული უფლებები განაპირობა, გაფართოვდა ქალთა სამუშაო ადგილები. ჯერ კიდევ 1917 წელს “მშრომელ ქალთა დღე” ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა, რომელსაც გაერო 1975 წლამდე არც კი ცნობდა. ეს სტალინური სიკეთეების საკმაოდ მოკლე ჩამონათვალია. დღეს მისი სახელი უსამართლობას, გენოციდსა და ტანჯვას უკავშირდება. სწორედ ამიტომ 1980-იან წლებში სიტყვებზე ”საბჭოთა მოდა” მსგავსი ასოციაციები ჩნდებოდა:

 

სინამდვილეში, საბჭოთა მოდას დიდწილად საბჭოთა კავშირის პირველი ოფიციალური ქალთა ჟურნალი, “რაბოტნიცა” შთააგონებდა. ლენინის იდეებით ნასაზრდოები ჟურნალი გაჰყვიროდა: ‘‘იცით რა? ქალს ტრაქტორის მართვა ისევე მარტივად შეუძლია, როგორც კარტოფილის მოხარშვა.”

თუ “რაბოტნიცა” წარმოადგენდა რაიმე სახის მოდას, ეს იყო პრაქტიკული მოდა. მათ დღის წესრიგს ჩექმები, გრძელი კალთები და კაბები შეადგენდა და ასევე შარფები (კომუნისტური წითელი ფერის),  რომელთაც თმა უკან უნდა დაემაგრებინა.

ესენი იყვნენ ქალები, რომელთაც ჰქონდათ მისია,  ქვეყანა არ დაბრუნულიყო უკან, წარსულში, სადაც ბურჟუაზია ფლობდა ყველაფერს, მშრომელთა კლასს კი არაფერი გააჩნდა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფოლადის ნებისყოფის მქონე სტალინმა ვერ უარყო სტილის ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეფექტური პროპაგანდის განხორციელება მბზინვარე პატინითაც არის შესაძლებელი. 

ეს ნამდვილად არ იყო გამოწვევა ისეთი ქალებისთვის, როგორებიც იყვნენ ვარვარა სტეპანოვა და ლიუბოვ პოპოვა, რომელთა საქმიანობა სხვადასხვა მედიუმში – და ამ შემთხვევაშიც – მოდაში მჟღერ სიგნალებს იძლეოდა.

განსაკუთრებით ახალი ხედვა ტანსაცმლისადმი სტეპანოვას ჰქონდა. მხატვარმა და დიზაინერმა გადაწყვიტა ფოკუსირებულიყო თეატრის დიზაინზე, რადგან ფიქრობდა, რომ აქ მის ფილოსოფიას უფრო ფართო შესაძლებლობები ექნებოდა: “ის, რაც ჩვენ გვეცმევა, იქნება არა სიმდიდრის, არამედ თანასწორობის გამომხატველი”.

სტეპანოვას კოლექციაში წარმოდგენილი იყო ფუნქციონალურობა, გენდერული ხაზების უგულებელყოფა და კლასობრივი განსხვავებები,  რომლებსაც ხშირად ამჯობინებდნენ კომფორტულ და გრაფიკულ კომბინეზონებს, ასევე ხელმისაწვდომი ქსოვილებით შეკერილ კაბებს.

გაჩნდა რაღაც განსხვავებულის – რაიმე ნათელისა და თამამის მოთხოვნილება, რის წინააღმდეგიც სტალინი არ ყოფილა.

ამის შემდეგ შეიქმნა “დომ მოდელეი” კუზნეცკის ხიდის ქუჩაზე, მოსკოვში. მოდის სახლის დიზაინი შთაგონებული იყო ტრადიციული რუსული ელემენტებით (ყვავილების ნაქარგები, ფოჩები). ნამუშევრების მიმოქცევა 1920-იან წლებში დაიწყო.

დიზაინერების გუნდს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რეალობისთვის უნდა შეექმნა ტანსაცმელი: ანტიარისტოკრატული და და ექსტრავაგანტური, რომელსაც უფრო პრივილეგირებული ხალხი მოელოდა; კერძოდ, ბიზნესმენთა ოჯახები, რომლებიც ლენინი თავისუფლად ვაჭრობის საშუალებას აძლევდა. ისინი ცნობილი იყვნენ როგორც ”ნეპმენები”, უკანასკნელი კაპიტალისტები ახალგაზრდა საბჭოთა კავშირში. ისინი სარგებლობდნენ კერძო ვაჭრობის შესაძლებლობებით, ხოლო კომუნისტური მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავდა. რაც დრო გადიოდა, სწორედ ამ ხალხმა გააჩინა პირველი ბზარები კომუნიზმში; მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ “ნეპმენები” ეკონომიკურ სარგებელს უზრუნველყოფდნენ, საბჭოთა რუსეთისთვის მათი არსებობა მისაღები იყო.

სტალინმა მოდის სახლისთვის იტალიელი დიზაინერი,  ელზა შიპარელი მიიწვია. შიპარელი თანამედროვე მოდის შექმნაში არ ჩამორჩებოდა კოკო შანელს. დიზაინერმა სახელი გაითქვა თავისი “შთამბეჭდავი ვარდისფერითა” და თამამი სილუეტებით. მისი ესთეტიკა იყო კაშკაშა, ძვირადღირებული და აღმაფრთოვანებელი – სტალინის ხედვის საპირისპიროდ.

მიუხედავად ამისა, 1935 წელს იგი მოსკოვში მიწვევით გაფრინდა. ”მე ვფიქრობდი, რომ მშრომელთა ხალხის ტანსაცმელი მარტივი და პრაქტიკული უნდა იყოს”, – წერდა იგი თავის ავტობიოგრაფიაში. ამის ნაცვლად მან შექმნა კოლექცია, რომელიც კოქტეილის წვეულებას უფრო შეეფერებოდა.

ელზა შიპარელი კომუნისტურმა სახელმწიფომ მიიწვია, რათა სტალინს სურდა საბჭოთა რუსეთის შრომისმოყვარე ქალებისთვის შესაფერისი ტანსაცმელი შეექმნა. ჩვენ ვიმეორებთ: შიპარელი, ქალი, რომელმაც “დალის ლობსტერი” უინძორების ჰერცოგინიას კაბაზე ამოქარგა, საბჭოთა ქალის შემოსვას აპირებდა.

შიპარელის დიზაინი უფრო თამამი იყო და ბევრი მისი მოდელი წარმოებამდეც ვერ აღწევდა. “დომ მოდელეის” მიერ მომზადებული დიზაინის უმეტესი ნაწილი იშვიათად აკმაყოფილებდა ბიუროკრატიული თანამდებობის პირთა მაღალ სტანდარტებს – ნომენკლატურას.

შიპარელის მიერ შემუშავებული კაფსულის კოლექცია (წითელი ქურთუკი, შავი კაბა და პატარა ბერეტის მსგავსი ქუდი) მთავრობამ დაიწუნა. მათი თქმით, დიდი ჯიბეები ჯიბის ქურდობას წაახალისებდა.

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპასა და სსრკ-ში ნიჭიერი დიზაინერების რიცხვი გაიზარდა.  Žuži Jelinek-ის საქმიანობა საკმაოდ გავლენიანი იყო, სლავა ზაიცევი კი, რომელსაც “წითელ დიორს” უწოდებდნენ, “დომ მოდელეის” შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა.

იმ დროს კანონი მას ტანსაცმლის გაყიდვას სსრკ-ისა და ჩეხოსლოვაკიის გარეთ უკრძალავდა, მაგრამ დღეს იგი რუსეთის ყველაზე გავლენიან დიზაინერად ითვლება.

უცნაურია, რომ სწორედ კოკო შანელი გახდა პოპულარული საბჭოთა კავშირში, რადგან მისი მოდელები, რომელთა მიხედვითაც ტანსაცმელს ქმნიდა, შესაფერისი იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ქალებისთვის დასავლური ხელწერა სამოსზე სწორედ კოკო შანელის ნამუშევრებში აისახებოდა. ეს ყველაფერი საბჭოთა მოდის ჟურნალებშიც ჩანდა.

1959 წელს დიორიც კი შეუშვეს რუსეთში, რომელმაც იქ,  პირველად  ისტორიაში,  თავისი კოლექციები აჩვენა. მოდების ჩვენება კულტურის სახლში  კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა ელიტის მნიშვნელოვანი წევრებისთვის გაიმართა (ოჰ, რა ირონიაა).

ამის შემდეგ ზოგიერთი ფრანგი მოდელიც მოიწვიეს მოსკოვში, რათა “ხალხისთვის” ტანსაცმელი ეჩვენებინათ. იმ დროს რუსი ქალების უმეტესობას ნანახი ჰქონდა მხოლოდ ყოველდღიური ტანსაცმელი, რომელიც სახელმწიფო მოდის სახლებში იყო წარმოებული. 

როდესაც ყველაფერი ნათქვამი და დასრულებულია, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდის ინდუსტრია, რაც უნდა ზედაპირულად გვეჩვენებოდეს იგი, მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებს – რკინის ფარდების მიღმაც  კი.


ორიგინალი: https://www.messynessychic.com/


 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.