fbpx

ესპანეთში ყოველდღიური ფეხბურთი გაჩაღდა!


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

დღესდღეობით ევროპის არაერთ ქვეყანაში ჩემპიონატის განახლების მიუხედავად, აშკარაა, რომ კორონავირუსით გამოწვეული ვნებათაღელვა კიდევ კარგა ხანს მოახდენს გავლენას  ფეხბურთზე.

სხვადასხვა ტურნირების განსაზღვრული თუ განუსაზღვრელი ვადით გადაწევასთან ერთად, ფეხბურთელებით ვაჭრობამ თუ სეზონის განახლებისწინა დავიდარაბამ კი მაყურებლების გარეშე დარჩენილი ფეხბურთი ლამის მეორეხარისხოვან სანახაობად აქცია. 

დღემდე გაურკვეველია, შეიძენს თუ არა კატალონიური კლუბი ლაუტარო მარტინესს, რომლის გასაყიდ ფასადაც მილანის „ინტერმა“ 111 მილიონი ევრო დაასახელა, „ბარსელონა“ კი თანხის დაზოგვის მიზნით, მის სანაცვლოდ ტრანსფერში ძველებურად რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას აპირებს.

ესპანეთის ჩემპიონი პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასების დაცემის იმედზეცაა, მაგრამ ამასობაში დრო გადის, 7 ივლისამდე კი „ბარსელონას“ ნებისმიერ კონკურენტ კლუბს შეეძლება არგენტინელი თავდამსხმელის შეძენა, რაც კატალონიელთა გეგმებში ნამდვილად არ შედის. 

ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ტურინის „იუვენტუსის“ საეჭვო დუმილიც ამძაფრებს, რომელიც საუკეთესოდაა დახელოვნებული „ინტერთან“ ბრძოლაში როგორც მინდორზე, ისე სატრანსფერო სივრცეში. 

თანაც, სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუ საკმაო ალბათობით „ბებერ ქალბატონს“ დატოვებს. საინტერესოა, ვინ უნდა ჩაანაცვლოს ის იტალიის სერია A-ს უკანასკნელი რვა „სკუდეტოს“ მფლობელ კლუბში?

„ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესის ნაცვლად „ნაპოლიდან“ ბელგიელ დრის მერტენსის გადაბირებასაც არ გამორიცხავს, თუმცა დამაჯერებლად ეს ვერსიაც არ გამოიყურება.

ეტყობა, სწორედ ასეთმა გაურკვეველმა ვითარებამ გამოიწვია „ბარსელონას“ ფეხბურთელთა განსაკუთრებული მობილიზაცია სატურნირო ცხრილის გასავარდნ ზონაში მყოფი „მალიორკას“ წინააღმდეგ მატჩში, რომელსაც მიმდინარე სეზონში შინ თვით მადრიდის „რეალი“ ჰყავს დამარცხებული. 

კატალონიელები გუნდიდან გაშვების ერთ-ერთი პრეტენდენტის, არტურო ვიდალის გოლით მატჩის მეორე წუთზევე დაწინაურდნენ, ტაიმის მიწურულს კი „ლეგანესიდან“ თებერვალში გადმოყვანილმა ბრეითუეითმა სადებიუტო გოლით სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 

მორიგი მატჩი ჩააგდო ანტუან გრიზმანმა, რომელიც მეორე ტაიმში ლუის სუარესმა შეცვალა. 

ურუგვაელმა თავი მესის მიმართ გაკეთებული საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ხოლო თვით მესიმ კი ხორდი ალბას გაატანინა ბურთი. საბოლოო ანგარიში 4:0 იმის მანიშნებელია, რომ „ბარსელონას“ უქმად არ გაუტარებია შესვენების პერიოდი, საუკეთესო ფორმაშია და მზადაა იბრძოლოს როგორც ლა ლიგის, ისე ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მოსაგებად. 

„ბარსელონას“ წარმატების შემდეგ მაყურებლისთვის საინტერესო იყო სამთვიანი პაუზის შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში.

დიეგო სიმეონეს გუნდმა ბილბაოს „ატლეტიკთან“ გასვლით შეხვედრაში ტრადიციულად ყურადღება საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაამახვილა, რამაც შედეგი ვერ მოიტანა, რადგან არც მასპინძლებს მოუკლავთ მაინცდამაინც თავი შეტევით. 

ორივე მხრიდან დაშვებული თითო-ოროლა შეცდომის ლოგიკურ შედეგად კი ანგარიში 1:1 იქცა, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელი „ატლეტიკოსთვის“ დამაკმაყოფილებელი არ უნდა იყოს, რადგან მესამე ადგილზე მყოფ „სევილიამდე“ ჩამორჩენამ ოთხ ქულას მიაღწია. 

„რეალმა“ შეხვედრის პირველ ტაიმშივე სამი ბურთი გაუტანა „ეიბარს“ და სამი ქულა პრაქტიკულად საწყის 45 წუთში მიითვალა. განსაკუთრებით ეფექტური მარსელოს მესამე გოლი იყო სტუმართა კარში. 

მეორე ნახევარში მასპინძლები მოეშვნენ და „ეიბარმა“ მეტოქის მცველების შეცდომა პრესტიჟის გოლად აქცია. ანგარიშით 3:1 იოლი სადებიუტო გამარჯვების მიუხედავად, აშკარაა, რომ მთავარი მატჩები „სამეფო კლუბს“ წინ აქვს და მათგან უმნიშვნელოვანესი დღევანდელი გადასახედით „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი გასვლითი შეხვედრაა. 

„სამეფო კლუბის“ „ბარსელონასთან“ სულ რაღაც ორქულიანი ჩამორჩენა ესპანეთის ჩემპიონატს განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოაჩენს. თანაც, სამთვიანი პაუზის გამო, აწი მატჩები 27 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება!

ლა ლიგა კი სევილიური დერბით განახლდა. „სანჩეს პისხუანის“ ცარიელი ტრიბუნები იმდენად უჩვეულო იყო, რამდენადაც ფანების ჩაწერილი ხმების ფონზე მიმდინარე დაპირისპირება. 

მასპინძლებმა აშკარა უპირატესობა გოლებში მეორე ტაიმში გარდასახეს და მეტად პრინციპულ მატჩში სამი ქულა შეძლებისდაგვარად მარტივად მოიპოვეს. 

მატჩის გმირად ლუკას ოკამპოსი იქცა, რომელმაც „სევილია“ თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა და ცოტა ხანში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ოკამპოსისგან განსხვავებით, კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში „იუვენტუსსა“ და „მილანს“ შორის პენალტი ვერ გამოიყენა.

მე-17 წუთზე, რებიჩის გაძევების შემდეგ, შეხვედრის დაწყებიდანვე საკუთარს კარს მიჯაჭვული სტუმრები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ და თითქოს „იუვენტუსს“ თასის ფინალის საგზურის მოპოვება აღარ უნდა გასჭირვებოდა. 

თუმცა, ასეთი ვარაუდის საწინააღმდეგოდ, მეტოქე გამოცოცხლდა, ცალკეულ მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბურთის შენარჩუნება დაიწყო და ტაიმის ბოლო წუთებზე ერთიორჯერ შეუტია კიდეც ბუფონის კარს.

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა და „მილანმა“ გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას დამაჯერებელი თამაშის წყალობით, საბოლოოდ მოახერხა საკუთარი კარის მშრალად შენარჩუნება.

თუმცა, ეს „როსონერისთვის“ გავარდნის ტოლფასი იყო, რადგან ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი ბურთის მეშვეობით, ფინალში „იუვენტუსი“ გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ნაპოლი“ იქნება. 

მეორე ნახევარფინალური მატჩის დებიუტშივე „ინტერმა“ „ნაპოლისგან“ დიდებული საჩუქარი მიიღო, როდესაც კუთხურის ნიშნულიდან ბურთი კრისტიან ერიქსენმა პირდაპირ მეტოქის კარში ჩაახვია. საპასუხო გოლი კი მასპინძლებს საოცრად ეფექტური გამოუვიდათ. 

გოლკიპერმა ოსპინამ საკუთარი კარიდან ძლიერი დარტყმით ლორენსო ინსინიე გარღვევაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა ერიქსენი ჩამოტოვა და მერტენსს  გადასცა, რომლის ჩაჭრაც თავის მხრივ ეშლი იანგმა ვერ მოახერხა. საბოლოოდ, სამსვლიანი კომბინაცია „ნაპოლიმ“ თვალის დახამხამებაში გოლად აქცია. 

შინ 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ „ინტერს“ ფინალში გასასვლელად აუცილებლად სჭირდებოდა დაწინაურება, მაგრამ გაირკვა, რომ სეზონის განახლების შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდში არაფერი შეცვლილა, გადამწყვეტ მატჩში მას ტრადიციულად არაფერი გამოსდის და მოედანს დამარცხებული ტოვებს. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია „ნაპოლისთან“ შეხვედრაში ლაუტარო მარტინესის განსაკუთრებულად სუსტი თამაში. არგენტინელი ფორვარდი მატჩის მეორე ნახევარში ალექსის სანჩესმა შეცვალა, მაგრამ „ინტერს“ ამ ცვლილებამაც ვერაფერი შესძინა.

გერმანიის თასის ფინალში კი ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდებიან. „აინტრახტთან“ ნახევარფინალში ლევანდოვსკიმ სეზონში 45-ე გოლი გაიტანა, სამაგიეროდ მისი არყოფნა „რეკორდმაისტერს“ საგრძნობლად დაეტყო ბუნდესლიგის მატჩში „მიონხენგლადბახის“ წინააღმდეგ.

შესანიშნავი იყო ლეონ გორეცკას გადამწყვეტი გოლი სტუმართა კარში, რადგან ელვისებრი შეტევა „ბაიერნის“ ფეხბურთელთა შეთანხმებული თამაშის მასტერკლასად იქცა მატჩში, რომელიც ახლოს იყო ფრედ დასრულებასთან. 

შეხვედრის 88-ე წუთზე, „მიონხენგლადბახის“ მცველთათვის მოულოდნელად, გორეცკამ შეტევაში ოდნავ მარჯვნივ წანაცვლებით, ცენტრალური პოზიცია დაიკავა, თავდაპირველად მისი გადაცემა ბენჯამინ პავარის მიმართულებით გაატარა, ხოლო მარჯვენა ფლანგიდან ამ უკანასკნელის მხრიდან მიღებული გამჭოლი გადაცემის გოლად ქცევა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს არ გასჭირვებია. 

ერლინგ ჰოლანდმა კი თავის მხრივ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოახერხა „დორტმუნდის“ დაწინაურება „დიუსელდორფთან“ მატჩში და ამ ერთადერთი გოლით კიდევ ერთი ტურით შეუნარჩუნა ბუნდესლიგის საჩემპიონო რბოლის თეორიული ინტრიგა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.