პარიზელი ფოტოგრაფის, აკილა ბერჯოის ნოსტალგიური პლაჟები
ავტორი: როლიენდ ზონეველდი
წარმოგიდგენთ პარიზში მცხოვრები ფოტოგრაფის, აკილა ბერჯოის პლაჟის სურათებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდა. მისი ნამუშევრები ფირითაა გადაღებული, და შესაძლოა 60-იანი ან 80-იანი წლებიც კი გაგახსენოთ.
ფოტოგრაფმა აღიარა, რომ პლაჟების მიმართ დამოკიდებულება აქვს, მან იმოგზაურა ავსტრალიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ბრაზილიაში, რათა გადაეღო ყველაზე გამორჩეული კადრები.
ყველაფერი დაიწყო ადრეულ ბავშვობაში, როდესაც ის ავსტრალიის პატარა ზღვისპირა ქალაქიდან ბეირუთში გადავიდა, საიდანაც მამამისი იყო წარმოშობით. “ეს ქალაქი ადრე ცნობილი იყო, როგორც “Paris of the Middle East/შუა აღმოსავლეთის პარიზი”, რადგან ძალიან კოსმოპოლიტური გახლდათ. სანაპირო კი მომაჯადოებლად გამოიყურებოდა.” – ამბობს აკილა. “ჩვენ ვცხოვრობდით იმ ადგილას, რომელსაც “ლიბანის რივიერას” უწოდებენ და ვფიქრობ, რომ ხმელთაშუა ზღვისპირა ცხოვრების სტილმა ჩემი ესთეტიკის ფორმირებას შეუწყო ხელი ადრეული ასაკიდან”.
ამ დროიდან სანაპიროები გახდა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. “ბავშვობაში ძალიან ბევრი ზაფხული გავატარე ჩემი ბებიის სახლში, ჩრდილოეთ ავსტრალიაში, და დამერწმუნეთ, ქვინსლენდი ველური, ეგზოტიკური და შესანიშნავი იყო. დედები და დეიდები ბლუზების გარეშე იყვნენ პლაჟზე და მათ უსაზღვრო თავისუფლების შეგრძნება ჰქონდათ. სოციალური მედიის გამოჩენამდე, ძალიან თავისუფალი ცხოვრებით ვცხოვრობდით, ცოტა გიჟურადაც.
აქ თითქმის ყოველდღიურად ტარდებოდა შეჯიბრებები სერფინგში და სხვადასხვა საბავშვო აქტივობები. ვგიჟდებოდი მათზე! გოგონები 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სტილის საცურაო კოსტიუმებით პოდიუმზე გამოდიოდნენ და ეს იყო სცენა პირდაპირ რენი ელისის ფოტოდან, რომელიც ავსტრალიის 1980-იანი წლების პლაჟის კულტურას ასახავდა”.
ამ ადრეულმა წლებმა სანაპიროს მოგონებების დიდი ნაწილი შექმნა. “დედაჩემი დამოუკიდებლობას გვაძლევდა, მზის ჩასვლამდე წყალში ძალიან ღრმად შევდიოდით და ჩვენი თითები ნაოჭდებოდა, სხეული კი გვეწვებოდა ოკეანეში დიდხანს ყოფნისა და ავსტრალიის მცხუნვარე მზის გამო, იმის მიუხედავად, რა რაოდენობის მზისგან დამცავ კრემს წავისვამდით. დედა კი ყოველთვის იძულებული ხდებოდა, რომ წყლიდან ძალით ამოვეყვანეთ.”
ამ ყველაფერმა უეჭველად დიდი გავლენა იქონია აკილას ფოტოგრაფიულ სტილზე. მშვენიერი დაისები, გარუჯული კანი, კამკამა წყალი – ეს ყველაფერი მის ნამუშევრებს ქმნის. ეს ფოტოები მოიცავს პეიზაჟებს, საგნების შორეულ კადრებსა და კლასიკურ პორტრეტებს. აღიარებული ფოტოგრაფების, სლიმ აარონისა და კლაუდი ნორის მსგავსად, აკილას ლინზა ფოკუსირებულია ლამაზ ადგილებში მყოფ გლამურულ ადამიანებზე. “ბუნება და ქალური სილამაზე, რომელიც შიგნიდან მოდის, ჩემი ინსპირაციის წყაროა”, – ამბობს ის. “ანარეკლი წყალზე და ჩრდილები სხეულზე – მე უბრალოდ მიყვარს ეს”.
მიუხედავად იმისა, რომ აკილა ამჟამად პარიზში ცხოვრობს, პანდემიის პერიოდის უმეტესი ნაწილი ავსტრალიაში გაატარა. “მე ჩემს ოჯახს ვსტუმრობდი და სახლში უნდა გავფრენილიყავი მაშინ, როდესაც საფრანგეთში კარანტინი გამოაცხადეს”, – ამბობს ის. “მესიჯებს ვიღებდი პარიზელი მეგობრებისგან, რომ დავრჩენილიყავი, ასეც მოვიქეცი და იდეალური იყო. საკმაოდ დიდი თავისუფლება გვქონდა და ბუნებით გარშემორტყმულები ვიყავით. ყოველდღე სხვადასხვა უკაცრიელ სანაპიროს ვლაშქრავდი. უამრავი სურათი გადავიღე, მაგრამ ფირი ჯერ კიდევ არ მინახავს. ამისთვის დრო არ მქონია, მაგრამ ძალიან აღტაცებული ვარ, რადგან სანაპიროებზე ადამიანები არ იყვნენ, განათება კი დიდებული იყო”.
ორიგინალი: https://i-d.vice.com/