საქართველო კანის ვირტუალურ კინობაზრობასა და ტრენტოს კინოფესტივალის ფოკუსში
22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით ეროვნული კინოცენტრი კანის კინობაზრობაზე მეცამეტედ წარადგენს საქართველოს პავილიონს.
თუმცა, ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო კინობაზრობა წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება. ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, როგორიც არის კინოინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან შეხვედრა ან პროექტების პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება ქართველ კინემატოგრაფისტებს ერთობლივი წარმოების ფილმების შექმნასა და დამატებითი ინვესტიციის მოპოვებაში.
აღსანიშნავია, რომ ინდუსტრიულ პროგრამაში Cannes Docs მონაწილეობს შორენა თევზაძე დოკუმენტური ფილმის პროექტით – “მცხუნვარე მზეზე”. 24 ივნისს პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ პროექტ Circle Women-ის ფარგლებში და მას პროდიუსერები, დისტრიბუტორები, ფესტივალების, ფონდებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოს ვირტუალურ პავილიონში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა დეა კულუმბეგაშვილის ახალ ფილმს – “დასაწყისი”, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი – “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.
საქართველოს ვირტუალური პავილიონის სტუმრები ასევე გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე ქართული კინოინდუსტრიის, ქართული კინომემკვიდრეობისა და პროგრამის – “გადაიღე საქართველოში” შესახებ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა.
ფესტივალის საკონკურსო სექციაშია ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის ფილმი – “გვირაბი”. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წელს გაიმართა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. ასევე, წელს ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა საქართველოა. ამასთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს შესთავაზებენ ქართული ფილმების რეტროსპექტივას, სახელწოდებით DESTINATION… GEORGIA.
ტრენტოში წარმოდგენილი იქნება 13 ქართული ფილმი:
- “სანამ მამა დაბრუნდება” – რეჟისორი მარი გულბიანი;
- “მზის ქალაქი” – რეჟისორი რატი ონელი;
- “დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
- „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ – რეჟისორი თომა ჩაგელიშვილი;
- “მგლების ქვეყანაში” – რეჟისორი გრეის მაკენზი;
- “ლეთა” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;
- “დაკარგული სოფელი” – რეჟისორი გიორგი თოდრია;
- “მეკვლე” – რეჟისორი გოდერძი ჩოხელი;
- “ოგასავარა” – რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი;
- “ჩვენი სისხლი ღვინოა” – რეჟისორი ემილი რეილსბექი;
- “მოსავალი” – რეჟისორი მიშო ანთაძე;
- “კოშკი” – რეჟისორი სალომე ჯაში;
- “თეთრი ქარავანი” – რეჟისორები: ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ტრენტოს 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი აპრილის ნაცვლად 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.