fbpx

ფუნქციური ხელოვნება: გიო თურქაძისა და გიო სუმბაძის ფოტო-დღიური (Photo Diary)


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

AT.ge-ის ონლაინ პლატფორმა ოპტიმალური სივრცეა ისეთი ექსპერიმენტული პროექტისთვის, როგორიც გიო თურქაძისა და გიო სუმბაძის ფოტო-დღიურია (Photo Diary).  

თუ გიო სუმბაძე 90-იანებიდან დღემდე შემდგარი, პრეზენტირებული არტისტია, რომლის სახელსაც უკავშირდება 90-იანების ცნობილი კოლექტივის, Goslab-ის თანადაფუძნება და მისი წევრობა, 30-მდე სოლო და ჯგუფური გამოფენა ისეთ სახელოვნობო მეგაპოლისებში, როგორებიცაა: ნიუ-იორკი, ვენა, ამსტერდამი, დიუსელდორფი, ბერლინი… რომ აღარაფერი ვთქვათ მის გახმაურებულ ნამუშევარზე – „კამიკაძე ლოჯია“, რომლითაც ვენეციის 55-ე ბიენალეზე ქართული პავილიონი წარდგა, გიორგი თურქაძემ ხელოვნებაში  თვითგამოხატვა ფოტოგრაფიით სცადა. 

2009 წელს მისი პირველი და ერთადერთი პერსონალური გამოფენა – Rooftop images  შედგა Gallery X-ში (ბრატისლავა. სლოვაკეთი). 2014 წელს ფოტოგრაფიის კურსები გაიარა ბანგკოკის ფოტოგრაფიის სკოლაში და 2015 წლიდან  ბანგკოკის ფოტოგრაფთა ჯგუფის წევრი იყო. 

2016 წლის ზაფხულში თბილისში, ბანგკოკში გამგზავრებამდე, ჯგუფ „სეკატორის“ სტუდიაში მეგობრები ერთმანეთს ხვდებიან და მათ მომავალი ერთობლივი პროექტების კონცეფციებზე თანხმდებიან. მათგან ერთ-ერთი  „ფოტო-დღიურია“, რომლის შექმნასაც ისინი ერთად გეგმავენ.

„ფოტო-დღიური“   ჩვეულებრივი დღიური უნდა ყოფილიყო პატარა, ყოველდღიური ჩანაწერებისთვის, რომლის სივრცეშიც ორი ფოტოგრაფის – გიო სუმბაძისა და გიო თურქაძის ფოტონამუშევრები  განთავსდებოდა.

 ეს იქნებოდა დიალოგი ორ ფოტოხელოვანს შორის და  ფუნქციური არტ-ობიექტის შექმნის მცდელობა.  

პროექტში ადვილად შეამჩნევთ ორ განსხვავებულ ხელწერას: გიო თურქაძის ნამუშევრები ყოველდღიურობის მინიმალისტური და ფრაგმენტული გამოსახულებაა,  გიო სუმბაძის ნამუშევრები კი მიკროსამყაროს უსასრულობაში გვძირავს. 

პროექტისთვის გადარჩეული ფოტოები და კონცეფცია პირველად გამოიფინება AT.ge-ს სივრცეში. ფოტო-დღიური კი შეზღუდული რაოდენობით, როგორც არტ-ობიექტი, მომავალში გამოიცემა.

კონცეფცია:

ორ ფოტოგრაფს შორის ვიზუალური დიალოგი იკვლევს მათი ფოტო-იმიჯების პრეზენტაციისთვის  ახალ კონტექსტს – დღიურს.

იმისათვის,  რომ  ჩვეულებრივი დღიური არტ-ობიექტად იქცეს, პროექტი გვთავაზობს მის  დაშლას ფოტო-იმიჯებით, რათა გაძლიერდეს მათი ფუნქციურობა.  

შერჩეული ფოტო-იმიჯები შეაღწევს ფუნქციური ობიექტის, ანუ  დღიურის ფიზიკურ განზომილებაში, ვიზუალიზდება მის ლინგვისტურ კონტენტში და შეცვლის მის მნიშვნელობასა და ფუნქციურ მახასიათებლებს. 

დღიური ინტიმური სივრცეა, რომელშიც თავსდება ჩვენი პირადული ჩანაწერები, მოგონებები და ყოველდღიური რუტინული ქრონიკები. ორი ფოტოგრაფი თავ-თავის ფოტო-იმიჯს ათავსებს სარკისებურად, როგორც ამ პრივატული და ინტიმური სივრცის ანარეკლს.

ყოველდღიური ნივთებისა თუ გარე ინტერიერების ფრაგმენტების ფოტოები ჩვენი ყოველდღიურობის ბანალურობას ასახავს. პერსონალურ მონაცემთა ვიზუალური ჩვენება განზოგადების პროცესად და ყოველდღიური ცხოვრების ემოციურ აბსტრაქციად გარდაიქმნება. 

პროექტი გვთავაზობს ბლოკნოტის ფორმატის დიზაინს, რომელშიც თითო გვერდზე წარმოდგენილი იქნება 20 ფოტო-იმიჯი (თითოეული მხატვრის 10-10 ფოტო), დანაჩენი ცარიელი ფურცლები განკუთვნილი იქნება პირადი ჩანაწერებისთვის. 

დღიური შეივსება ჩანაწერებით, სქემებით, ჩანახატებით, რომელთაც არანაირი აზრობრივი შეხება არ ექნება ფოტო-იმიჯთან, თუმცა  მათი ინტერაქციის შედეგად ახალი ვარიაციები გაჩნდება. 

ეს მიდგომა მიუთითებს კონტექსტისა და ნამუშევრის ვერბალურსა და ვიზუალს შორის ინტერპრეტაციის ინტუიციურ ბუნებაზე, აგრეთვე ობიექტსა და არტ-ობიქტს შორის დიქოტომიაზე და რაც მთავარია, მღელვარე და მოკრძალებულ მცდელობაზე  ხელოვნება ასევე გახდეს ფუნქციური.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.