Queer რეალობა ფრანგი ხელოვანის – ედუარდ ტაუფენბახის ზაფხულის კოლაჟებში
წელს პრაიდი ჩვეულებრივისაგან განსხვავებული ფორმით აღინიშნა, ყველას შეეძლო ენახა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც სხვა დროს ყოველთვის დახურულ კარს მიღმა რჩებოდა. ფრანგი ხელოვანის, ედუარდ ტაუფენბახის უახლესი შოუ ნიუ-იორკის ელიზაბეტ ჰიუსტონის გალერეაში 31 ივლისამდე გაგრძელდება.
ტაუფენბახის კოლაჟური გამოსახულებები ლგბტ + “დასვენება და სიამოვნება” (LGBT+ “leisure and pleasure”) კინორეჟისორ სებასტიან ლიფშიცის კოლექციას ეფუძნება.
ლიფშიცის კოლექცია, რომელიც სამი ათეული წლის განმავლობაში გროვდებოდა, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ერთსქესიანი წყვილების 10,000-ზე მეტ ფოტოს აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს კოლექცია ქვიარის ისტორიის ნამდვილ არქივს წარმოადგენს. ლიფშიცის სურათებში არსებული სინაზე და ინტიმურობა პარიზელმა ფოტოგრაფმა მაღალგანვითარებული რედაქტირებით უმაღლეს ხარისხამდე აიყვანა.
ლიფშიცის კოლექციის ფორმების შეცვლით და “დამახინჯებით”, ხელოვანმა პირადი მომენტები გააძლიერა და წინა პლანზე გადმოიტანა. ის ჩვენს ყურადღებას დეტალებისკენ მიმართავს – წელზე შემოხვეული ხელი, ერთმანეთზე მჭიდროდ მიდებული მუხლები, გადახლართული ტორსი. ტაუფენბახი გამოსახულებებზე მოძრაობის ეფექტის შექმნით ძველი ფილმების ილუზიას აჩენს, თითქოს ბებიის მისაღებ ოთახში ზიხარ და ფილმებს უყურებ.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანები ანონიმურობას ინარჩუნებენ, მათ მიერ გამოვლენილი უკიდურესი სიყვარული და სინაზე უდავოდ უნივერსალურია, რაც მნახველს საშუალებას აძლევს ამ მღელვარე ზაფხულის რომანებში სრულად ჩაეფლოს. ზაფხულის ხვატში ჩაფლული ქვიშის დიუნები და ანკარა წყაროები მომაჯადოებელ ფონს ქმნის ფოტოებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსახულებები წლების წინ შეიქმნა, ტაუფენბახის შემოქმედებითი რედაქტირებით მათ თანამედროვეობაში ახალი სიცოცხლე შეიძინეს.
ხელოვანი წინა პლანზე წამოსწევს იმ “ქვიარ რეალობას”, რომელიც წლების განმავლობაში მიჩქმალული და აუღიარებელი იყო. დღეს საშუალება გვეძლევა, დავაფასოთ იმ პროტაგონისტთა თავისუფლება და ბედნიერება, რომელთაც უნდოდათ ყოფილიყვნენ ისინი, ვინც სინამდვილეში იყვნენ.
ორიგინალი: https://elephant.art/