fbpx

შოთიკო აფციაურის „ტყის ჭრა, ტაძრის შენება“ – ამბროლაურის ხელოვნების მუზეუმში


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ფასური

 

„სჭირდება თუ არა ადამიანს ბუნებაზე ზემოქმედება და თუ ასეა, სად წყდება ზღვარი მის საკუთარ, ადამიანურ ბუნებასა და გარემოს შორის? ტყესა და ტაძარს შორის რომელია დაუცველი ადამიანის თავშესაფარი და რომელია სულიერი ბრძოლის ველი?“ – არტისტების – შოთიკო აფციაურისა და თეა ჯორჯაძის, ასევე ორგანიზაცია „პროპაგანდას“ იდეამ რაჭაში გამოფენის მოწყობის  შესახებ პოლიტიკურად დროული განაცხადის სახე მიიღო; „ტყის ჭრა, ტაძრის შენება“ 19 ივლისიდან ორი თვის განმავლობაში ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ.

აფციაური, თანამედროვე ხელოვნების ენით რომ ვთქვათ,  სოციალურ და პოლიტიკურ დილემებზე აკეთებს რეფლექსიას,  თუმცა ამავდროულად, მისი  ნამუშევრები ლოკალურ და ტრადიციულ ელემენტებს მოიცავს, ახალი უნივერსალური ფორმების ძიებაშია და ალბათ გამოფენაც  სწორედ ამითაა  განსაკუთრებული. აფციაურის შემოქმედება, უფრო მეტად  კი ინსტალაციები, ყოველთვის გამოირჩეოდა  ყველაზე პირადი, გულწრფელი თვითანალიზით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არტისტი ქაოსისა და წესრიგის, პირველქმნილისა და ხელოვნურის  საკითხებზე მსჯელობს და გვიჩვენებს, როგორ “ურთიერთობენ” ისინი  ცხოვრებაში. ამბროლაურის ხელოვნების მუზეუმის ერთი ოთახი სრულად დაიტვირთება მრავალფეროვანი ინსტალაციით, სადაც თიხის, საეკლესიო სანთლის, თაბაშირის ნაკეთობებთან ერთად ნარატივის ნაწილი ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმის უცნობი  ექსპონატებიც გახდება.  

გამოფენა 19 ივლისს, 19:00-ზე გაიხსნება და თანამედროვე ხელოვნების რეზიდენციის, „არტელი რაჭას“ მიერ დაარსებული ფესტივალის – „არტრას“ პროგრამის ნაწილი გახდება.

გამოფენის მხატვრული კონსულტანტი საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი არტისტი თეა ჯორჯაძეა. ბერლინში მოღვაწე  თეა ჯორჯაძე პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ნიუ-იორკის MOMA-სა და Documenta-ზე გამოიფინა. 

შოთიკო აფციაური ახალგაზრდა ხელოვანია თბილისიდან. მისი თვითგამოხატვის ძირითადი მეთოდები ფერწერა და ინსტალაციაა. თანამედროვე ხელოვნების ქართულ და საერთაშორისო სცენებზე აფციაურის მიმართ ინტერესი დროსთან ერთად იზრდება. მისი საკვანძო ნამუშევრებია: „თამაში ჰინომის ველზე“ – სოლო გამოფენა, რომელიც 2008 წლის ომს ეძღვნებოდა; „გარამანტესის უდაბნოები“ – რომელიც დამთვალიერებელმა ჯგუფურ გამოფენა  Crosscurrents-ზე იხილა, რომელიც  გალერეა  Window Project-ში მოეწყო;   ასევე „დედა, აგლაძის N52“ და  „I WAS SCROLLING DOWN WHEN I WENT INTO THE VOID“,  რომლებიც თბილისის ყოველწლიური მასშტაბური გამოფენის – Oxygen-ის ფარგლებში შეიქმნა.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.