fbpx

დროის პორტალები – ალექსანდრე შიმკევიჩის ისლამური სახლი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დათო კოროშინაძე

მხატვარი: სალომე დუმბაძე

 

ალექსანდრე შიმკევიჩი თბილისში 1885 წელს ჩამოვიდა. მანამდე მისი ოჯახი პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე ცხოვრობდა. მათი სახლი ახლოს მდებარეობდა კარლ მაის სახელობის სკოლასთან. ოჯახის გერმანული წარმოშობის გამო, შიმკევიჩი და მისი ორი ძმა სწორედ ამ სკოლაში სწავლობდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა სანქტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სპეციალობაზე. უნივერსიტეტში ის დაუახლოვდა ფიოდორ ბერენშტამს, რომელსაც მოგვიანებით დიდი გავლენა ჰქონდა თბილისში. სწორედ ბერენშტამის რეკომენდაციით შეძლო შიმკევიჩმა თბილისის არქიტექტორად მოწყობა.

თბილისში შიმკევიჩის მოღვაწეობა არაერთ ცენტრალურ შენობას უკავშირდება, მათ შორის: საქართველოს უზაენაეს სასამართლოს (1894 წ.), რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს (ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორიას (1904 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლს (1892 წ.), ფუნიკულიორის შენობას (ბლუშემთან ერთად; 1905 წ.) და სხვ. გარდა არქიტექტურისა, შიმკევიჩი მუშაობდა ქალაქის გამგებლობაშიც. ალბათ, სწორედ მისმა სამუშაო სპექტრმა განსაზღვრა მისივე ხვედრითი წილი თბილისის ურბანიზაციაში.

უზნაძის 19-ში მდებარე ისლამური სახლი ნოი ტიფლისის ძიებების გვირგვინია. სახლის მიმდებარე შენობები სრულადაა  მისადაგებული მის ესთეტიკასთან. შიმკევიჩის სხვა სახლებისგან განსხვავებით, რომლებიც რენესანსის და ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი, ისლამური სახლი სრულ ექსპერიმენტს წარმოადგენს, სადაც ქართული ორნამენტები  მავრულ არქიტექტურას და კლასიკურ არქიტექტონიკას ერწყმის. ნალისებური ღიობები შენობას გასდევს, როგორც მსუბუქი მოტივები, რომლებიც  მრავალდეტალიანი თაღებით გვირგვინდება. ეს თაღები გამყარებულია პილასტრებით, რომლებიც ჰორიზონტალურად დასერილი ერთგვაროვანი ბლოკებითაა აღმართული. პირველი სართული ნეიტრალურია, სავარაუდოდ,  საცავად გამოიყენებოდა. მეორე და მესამე სართულებზე შესამჩნევია რკინის დელიკატური აივნები, რომლებზეც  განმეორებულია თაღებზე გამოყვანილი ორნამენტები. ფორმების პლასტიკით, მდიდრული ორნამენტით, ოსტატურად გამოყვანილი თაღებით და რიტმული დინამიკით შენობა მოდერნულ იშთარის კარიბჭეს მოგაგონებთ, რომელიც ნოი ტიფლისის მყუდრო ქუჩებისკენ გიხსნით გზას.

როგორც ჩანს, შიმკევიჩი ცდილობს დაძლიოს ამ პერიოდის არქიტექტურის უტილიტარული მისწრაფებები და ამას არქიტექტურულ ფორმაში კულტურული საზრისების გაცოცხლებით ახერხებს. თბილისი დიალოგის და თანაყოფნის ადგილია, სადაც მნიშვნელოვანია პერსონათაშორისი  ურთიერთობანი, სწორედ ამიტომ, ქალაქისთვის არსებით და გადამწყვეტ როლს თამაშობს დიალოგის რეჟიმი და ყველაფერი, რაც ფორმების ურთიერთობაში იღებს საფუძველს. ასეა ისლამური სახლიც, რომელიც დიდი სიფრთხილით არის ჩადგმული სანაპიროს გადასახვევთან, კრავს და ამავდროულად, ხსნის ეპოქის იდეას – დროის და სივრცის გარღვევის, შეხვედრის და წაწყდომის შესახებ. ქართული ორნამენტი, როგორც დრო-სივრცული ნიშანი, კოდი და ორიენტირი, ბეჭდავს არქიტექტურის სულისკვეთებას –  განაცხადოს ეპოქათა მრავალწლიანი მონაპოვრის პოლიტიკური და კულტურული განზომილება: შეხვედრა და დიალოგი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.