fbpx

დღეს: სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა


გააზიარე სტატია

მოამზადა: ანი ქისტაურმა

”კინოს ტაძარი სურათ-ხატებით, განათებითა და სინამდვილით იგება. სერგო ფარაჯანოვი ამ ტაძრის ქურუმი   იყო”.  – ჟან-ლუკ გოდარი

20 ივლისს სერგო ფარაჯანოვის გარდაცვალებიდან 30 წელი შესრულდა. კინორეჟისორი 1924 წელს თბილისში, სომხურ ოჯახში დაიბადა. ფარაჯანოვის პირველივე ნამუშევარმა „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 

ფარაჯანოვი ტრადიციულ მხატვრულ მიდგომებს დაუპირისპირდა და კინემატოგრაფიაში საკუთარი, გამორჩეული ხელწერა შექმნა. მისი სიურრეალისტური, სიმბოლიზმით გაჯერებული ნამუშევრები ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირის ცენზურას, რის გამოც რეჟისორის  შემოქმედებითი თავისუფლება წლების განმავლობაში იზღუდებოდა.

“მინდოდა შემექმნა შიდა დინამიკა, რომელიც სურათიდან, ფორმებიდან და ფერთა დრამატურგიიდან მოდის“. – სერგო ფარაჯანოვი

ფარაჯანოვის მორიგი შედევრი – „ბროწეულის ფერი“ 1969 წელს შეიქმნა. ფილმი თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას  მისივე პოეზიით აღწერს. აღსანიშნავია, რომ სოფიკო ჭიაურელი “ბროწეულის ფერში” ექვს როლს ასრულებს, ქალისას და მამაკაცისას. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი შედევრადაა აღიარებული, საბჭოთა ხელისუფლებამ  მისი ჩვენება აკრძალა.

„ფარაჯანოვმა რამდენიმე კინოკამერის და მსახიობების მეშვეობით დასრულებული ფერწერული ტილოები დახატა ფირზე. იგი მთლიანად ვიზუალურ აღქმაზეა მიმართული, რომელიც გრძნობათა ყველა ორგანოზე ზემოქმედებს და კანითაც კი განიცდი. თითქოს ნახატების დიდი ალბომია, აუდიოვიზუალური ხატი. სიმბოლური მინიატიურები კალეიდოსკოპურად ლაგდება ერთ მთლიანში, თითქოს ბროწეულის ნაყოფის გაბნეული კაკლებია, ერთი ცხოვრების ნამსხვრევები“. – მიქელანჯელო ანტონიონი

ფარაჯანოვი ხელოვნებისთვის დაიბადა. იგი იყო რეჟისორი, სცენარის ავტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, თვითონ არჩევდა მსახიობებს, ესკიზებს ხატავდა თავისი სცენარისთვის. რეჟისორი თავის გარშემო არსებულ ნივთებსა და  ყოველდღიური სამყაროს ელემენტებს ხელოვნებაში აცოცხლებდა. ქმნიდა თოჯინებს, სკულპტურებს, ნახატებს, კოლაჟებს, სიურრეალისტურ ნამუშევრებს.

1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლებამ ფარაჯანოვის დევნა დაიწყო. 1973 წელს რეჟისორს 5 წლით  პატიმრობა მიუსაჯეს და ციმბირში, შრომით ბანაკში გადაიყვანეს. მას ბრალი ჰომოსექსუალიზმსა და პორნოგრაფიის გავრცელებაში ედებოდა.

“მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში. ეს ჩემი საუკეთესო წლებია – ეს მეტია, ვიდრე ოქსფორდი და ასპირანტურა. ეს კონტაქტებია სისასტიკესთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან. და რა, თუკი საერთოდ ვეღარ ვიხილავ “თავისუფლებას”. – სერგო ფარაჯანოვი, “წერილები ზონიდან”

ამ პერიოდის განმავლობაში ფარაჯანოვმა 800-მდე ნამუშევარი შექმნა, რომელთა უმეტესობაც, სამწუხაროდ, იქვე გაანადგურეს, რადგან რეჟისორს შეშლილად მიიჩნევდნენ. 

“გამორიცხული არ არის, რომ ეს დასასრულია. რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი. მიყვარდა – ვლაყბობდი – ვიხიბლებოდი – რაღაც შევიმეცნე – ცოტა გავაკეთე – მაგრამ ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან. ნაცრისფერს ვერ ვეგუებოდი. ყველაზე მოდური ფერია. დროის მოთხოვნა!” – სერგო ფარაჯანოვი, “წერილები ზონიდან

გათავისუფლების შემდეგ ფარაჯანოვი თავისი საქმიანობის გაგრძელებას ცდილობდა, მაგრამ  საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვერ მოხერხდა. 80-იან წლებში რეჟისორს „ამბავი სურამის ციხისა“ და  „აშიკ ქერიბის“ გადაღების უფლება მისცეს. 


ამავე წლებში რეჟისორმა ძველ სცენარებზე – ავტობიოგრაფიულ სერიაზე – „აღიარებასა“ და “დემონზე”  განაახლა მუშაობა, თუმცა მისი ბოლო ნამუშევრები დაუსრულებელი დარჩა. რეჟისორი 66 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

ესკიზები ფილმისთვის” დემონი”

 
”მთელ მსოფლიოში ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც შეიძლება შეცვალოს ფარაჯანოვი…” – ანდრეი ტარკოვსკი

ნაწყვეტები ფარაჯანოვის წიგნიდან – “წერილები ზონიდან” თარგმნა შოთა ბუტკოვსკიმ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.