პირბადეები აკვარიუმებითა და მცენარეული საფარით – კიტ ლეიფილდის სიურრეალისტური ილუსტრაციები
ავტორი: გრეის ებერტი
ფილადელფიელი ილუსტრატორი კიტ ლეიფილდი ლურჯი, ერთჯერადი ნიღბების სრულიად სხვა სამყაროს წარმოგვიდგენს. ილუსტრატორი ცხვირისა და პირის ღრუს ტრადიციულ საფარს დიდ საყელოებს უკავშირებს, რომლებიც ხშირი ბუჩქებით, მინიატიურული ეკოსისტემებითა და თევზის პატარა აკვარიუმებით არის დაფარული. განსხვავებულ გარემოში მოთავსებული ინდივიდუალური სუბიექტები მიკროსისტემების სიჯანსაღისთვის საჭირო სტრუქტურას ქმნის.
ლეიფილდი ამბობს, რომ ეს სიურრეალისტური ილუსტრაციები მის გატაცებას ასახავს, რომელსაც ხელოვანი ციფრული კლიმატის ცვლილებას უწოდებს. ”მსურს, ბუნებრივ ეკოსისტემებთან ერთად ინფორმაციული ეკოსისტემების შესახებაც ვიფიქრო. ფაქტი არ შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, ანალოგიურად არც ყვავილი არსებობს მარტო. ის ფესვგადგმული უნდა იყოს”, – აღნიშნავს ილუსტრატორი”.
ციფრული კლიმატის ცვლილების შესანიშნავი მაგალითია ინფორმაციული ეკოსისტემა, რომელიც თან სდევს ფაქტობრივი კლიმატის ცვლილებას. ყოველწლიურად კლიმატის ცვლილების მხარდამჭერი ინფორმაცია სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება, მაგრამ ამავდროულად, ამერიკელთა რწმენა კლიმატის ცვლილების შესახებ იკლებს. “ვფიქრობ, რომ ონლაინინფორმაცია, რომელიც კლიმატის მეცნიერული კვლევის ჭეშმარიტებას ცხადყოფს, ნამდვილად არსებობს. უბრალოდ, ეკოსისტემას, რომელმაც ამ ინფორმაციის გადარჩენა და გავრცელება უნდა უზრუნველყოს, საფრთხე ემუქრება”.
მიუხედავად იმისა, რომ ლეიფილდის ილუსტრაციები ფანტასტიკური ელემენტებითაა გაჯერებული, ავტორი იმედოვნებს, რომ ისინი ადამიანებს იმის გააზრებაში დაეხმარება, თუ რამდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან სხვადასხვა ეკოსისტემა.
დაათვალიერეთ ინსტაგრამზე ლეიფილდის სხვა უცნაური პროექტები, რომლებიც სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებს მოიცავს.
ორიგინალი: https://www.thisiscolossal.com/