fbpx

ფოტოპროექტი და ინტერვიუ აკა ფროდიაშვილთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ყიასაშვილი

 

აკა ფროდიაშვილი ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომლის თეატრალიზებული ჩვენებებიც  ყოველთვის მძაფრ შთაბეჭდილებებს ახდენს მაყურებელზე. ყოველი მათგანი საპროტესტო ხასიათს ატარებს და ერთგვარი რეაქციაა გარემოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ. ამჯერად აკამ ახალი ფოტოპროექტი წარადგინა, რომლის შესახებაც თავად ისაუბრებს. 

2020 წლის პირველი ნახევარი სრულად მოიცვა პანდემიამ, რაც მოდის ინდუსტრიაზეც აისახა. გაუქმდა ან გადაიდო ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის MBFW. როგორ მიიღეთ ეს გამოწვევა?

საკმაოდ რთული პერიოდი იყო მთელი მსოფლიოსთვის, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს ჭრილობები მალე მოშუშდება. მიუხედავად პანდემიის ნეგატიური გავლენებისა, მოდა არ ჩერდება. MBFW-ის გუნდი აგრძელებს მუშაობას, იღებენ კოლექციებს და  ყველა მხრიდან  მაქსიმუმს აკეთებენ ელექტრონულად. ახლა მნიშვნელოვანია მოტივაცია და ძალების აღდგენა. კარანტინის პერიოდში  სახლიდან ვმუშაობდი რამდენიმე პროექტზე, რადგან პარალიზების დრო არ იყო. 

საიდან გაჩნდა ფოტოპროექტის შექმნის იდეა და რას ემსახურება ეს კამპანია?

პროექტი მიეძღვნა Pride Month-ს ჩემი, როგორც ბრენდის ხელმძღვანელის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და ამავე კამპანიით მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოძრაობა Black Lives Matter-ს. გადაღებაში მონაწილეობა მიიღეს ჩემმა მეგობრებმა, თუმცა არამხოლოდ როგორც მოდელებმა, არამედ ინდივიდებმა, რომლებიც მხარს უჭერენ და თანადგომას უცხადებენ ორივე ზემოაღნიშნულ კამპანიას. 

რა როლს ასრულებს მოდის ინდუსტრია ჰომოფობიასთან ბრძოლაში?

ჰომოფობიასთან ბრძოლაში მოდა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და გარკვეულწილად, ურთიერთგადაჯაჭვულიც კია უკვე ეს ორი სფერო. ერთგვარ პოლიტიკად იქცა ჰომოფობიასთან ბრძოლა. მახსოვს, ერთ-ერთი ჩვენება გეი ქორწინების თემას მივუძღვენით და ეს აქტივობაც ჩემი გუნდის მხრიდან საზოგადოებაში ცნობიერებისა და მიმღებლობის ხარისხის ამაღლებას ემსახურებოდა. 

როდის დაუბრუნდება მოდის ინდუსტრია ჩვეულ დინებას და რა გეგმები გაქვს მომავალში?

მუშაობა, მუშაობა და კიდევ მუშაობა. ვამზადებთ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებს, რომლის ჩვენებაც, იმედი მაქვს, ოქტომბერ-ნოემბრის გარდამავალ პერიოდში გაიმართება. სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია რეგულაციებთან დაკავშირებით და, აქედან გამომდინარე,  წინასწარ ვერ ვიტყვი, რა იქნება, თუმცა იმედი მაქვს, სულ მალე ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და აქტიურად განვახორციელებთ ყველა დაგეგმილ პროექტს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.