სახლი გასახლებულა, სასახლეში ჩასახლებულა – ინტერვიუ თამარ ყიფიანთან
ავტორი: ნუცა მუსერიძე
ახალგაზრდა დიზაინერი – თამარ ყიფიანი 1998 წელს დაიბადა. მისი შემოქმედება მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ინტერიერის, პროდუქტის, ვიტრინების დიზაინს. მისი ნამუშევრები მრავალფეროვანია, თუმცა ჩემთვის ყველა მათგანს აქვს კავშირი, რაც განსხვავებულობას სძენს მის შემოქმედებას.
ჩემი და თამარის მეგობრობის და თანამშრომლობის ისტორია 2016 წლიდან იწყება, როდესაც ორივემ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სკოლაში – VA[A]DS-ში ჩავაბარეთ. დღეს მინდა გაგაცნოთ თამარი და მასთან ერთად მის რამდენიმე ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროექტებზე ვისაუბრო.
როდის მიხვდი, რომ ინტერიერის დიზაინი შენთვის საინტერესო სფერო გახდა? რატომ მოგინდა დაუფლებოდი ამ პროფესიას?
რაიმე კონკრეტული მომენტი არ მახსენდება, მაგრამ როცა 4-5 წლის ვიყავი, მაშინ დედა საკარნავალო კოსტიუმებს ქმნიდა. მახსოვს, როგორ მომწონდა ესკიზის რეალობად გარდაქმნის პროცესი.
იმ დროს კი, როცა ჩემი თანატოლები ბარბით თამაშობდნენ, მე ბარბისთვის შექმნილი ავეჯი მქონდა, რომელსაც ყოველდღე ადგილს ვუცვლიდი და ამით ბარბისთვის სხვადასხვა ინტერიერს ვქმნიდი. როცა მშობლებს სტუმრად დავყვებოდი, სულ ვაკვირდებოდი იქ ოთახებისა და ავეჯის განლაგებას. თითქოს გაუთვითცნობიერებლად და ძალიან ინსტინქტურად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. სკოლის პერიოდში კი უკვე დარწმუნებული ვიყავი, რისი სწავლა და კეთება მინდოდა მომავალში.
მინდა გაიხსენო შენი პირველი დიზაინ-პროექტი, Swatch-ის თბილისის ფილიალის რენოვაცია, რომელიც VA[A]DS-ში მეორე კურსზე შექმენი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არანაირი პრაქტიკული გამოცდილება არ გქონდა, პროექტის კონცეფცია, ვიზუალი და თითოეული ელემენტი შეკრული და საინტერესოა. მას შემდეგ არაერთ პროექტზე იმუშავე, მაგრამ ეს ინტერიერი დღემდე ჩემი საყვარელი პროექტია შენი ნამუშევრებიდან. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ გაიხსენებდი ამ პროექტზე მუშაობის პროცესს? მოგვიყევი ასევე მაღაზიის ვიტრინაში განთავსებულ საათზე.
მუშაობის პირველ ეტაპზე დავიწყე მაჯის საათის ფუნქციის გააზრება. ჩემს თავს დავუსვი კითხვა – რისთვის გვჭირდება მაჯის საათი. პარალელურად მივხვდი იმას, რომ ადამიანებისთვის ყველაზე სწრაფად მაშინ გადის დრო, როცა ისინი რაიმე სასიამოვნოს აკეთებენ. მაგალითად, ხატვა, წიგნის კითხვა, გართობა და თამაში. გამახსენდა კაზინოები, სადაც შენდაუნებურად დრო ალბათ ყველაზე შეუმჩნევლად გადის, შესაბამისად, მაჯის საათი ამ სივრცეში აუცილებელია.
ამის შემდეგ დავიწყე კომპანიის ისტორიის შესწავლა, ვნახე მათი პირველი საათების კოლექცია, რომელიც 1983 წელს გამოვიდა. გადავწყვიტე ამ მაღაზიის ინტერიერი 80-იანი წლების სათამაშო ოთახებისა და SWATCH-ის საათების პირველი კოლექციის ინსპირაციით შემექმნა.
მინდოდა მთლიანი ინტერიერი ისეთივე სახალისო და საინტერესო ყოფილიყო, როგორიც ამ კომპანიის საკულტო საათებია. ამისთვის 80-იანი წლების სხვადასხვა პატერნები და 1983 წლის კოლექციის ფერები გამოვიყენე. საათების მთავარ სტენდად ძველი სათამაშო მანქანები დგას, ხოლო ახალი კოლექციებისთვის გამოყოფილი სივრცის ცენტრში – რუბიკის კუბიკი.
რაც შეეხება ვიტრინაში არსებულ საათს, მასზე არარეალური დროა გამოსახული, რადგან ვთვლი, რომ ადამიანებისთვის არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მეტი საათი იქნება დღე-ღამეში, მათთვის ეს დრო არასდროს იქნება საკმარისი.
ყველა ნამუშევარში კარგად ჩანს შენი ხასიათი და გემოვნება, თუმცა განსაკუთრებით Coworking space-ში. მაინტერესებს, არის თუ არა ეს სივრცე შენთვის იდეალური გარემო სამუშაოდ? ასევე მოგვიყევი შენს სამუშაო გარემოზე?
ჩვენთან არსებული სამუშაო სივრცეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მინდოდა ეს სივრცე ბევრად ცოცხალი, ხალისიანი, ფერადი და განსხვავებული ყოფილიყო. მე მჯერა ფერთა თეორიის, რისი მიხედვითაც ფერებს დიდი დოზით შეუძლია ჩვენზე ზემოქმედება. ამიტომ ისეთი ფერები და ფორმები გამოვიყენე, რომელიც იქ სამუშაოდ მისულ ადამიანს არ მოადუნებს და ენერგიით აავსებს.
ამ სივრცეში მუშაობა ჩემთვის ნამდვილად იდეალური იქნებოდა, თუმცა ჩემი სამუშაო სივრცე მუდამ მოძრავია. ხშირად მიწევს სხვადასხვა მაღაზიებში, ელიავას ბაზრობაზე, ობიექტებსა და შეხვედრებზე სიარული, თუმცა სახლში კომპიუტერთან მუშაობაშიც დიდ დროს ვატარებ.
სტუდენტობისას დამოუკიდებლად დაიწყე ამ განხრით მუშაობა, რაც არც ისე მარტივია. მომიყევი, რა სირთულეებს გადაეყარე და დღესაც გხვდება თუ არა იგივე პრობლემები პროექტზე მუშაობისას.
თავდაპირველად ჩვენთვის მთავარ სირთულეს ხელოსნების დამოკიდებულება წარმოადგენდა, არასერიოზულად გვიყურებდნენ ჩვენი ასაკის და სქესის გამო. ხშირად უცდიათ ჩვენი “გადარწმუნება”, რადგან მათთვის ჩვენი იდეის განსახორციელებელი ახალი ტექნიკა, თუ ოდნავ მეტი სამუშაო დიდ სირთულეს წარმოადგენდა. მახსოვს, თავიდან რამდენჯერ დავეჭვებულვართ, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო თავდაჯერებულები ვხდებით. პარალელურად მოგვიწია ყველა სტანდარტის და არსებული ბაზრის შესწავლაც, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა.
დამოუკიდებელი პროექტებიდან მინდა გამოვარჩიო ჩვენი ერთად გაკეთებული ერთ-ერთი ბინის დიზაინი, რომელმაც განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა და მისი დასრულებული სახე აბსოლუტურად განსხვავდება რენდერებისგან. შენთვის რამდენად მისაღებია მსგავსი იმპროვიზაცია და ცვლილებები სამუშაო პროცესში?
სახლის ინტერიერი ადამიანს უნდა ასახავდეს. ამ თანხვედრის პოვნას კი ხანდახან მეტი დრო სჭირდება. საცხოვრებელი სახლი ხომ ცოცხალი ორგანიზმივითაა და პროცესიც ხშირად მოულოდნელი, ცოცხალი და არაპროგნოზირებადია.
ეს პროექტი ჯერ კიდევ ცვლილებების პროცესშია და დაუმთავრებელია. ვცდილობთ ბევრი ახალი, საინტერესო და განსხვავებული დეტალი გამოვიყენოთ და ეს ყველაფერი აქ მცხოვრებ ადამიანებს მოვარგოთ.
იმპროვიზაციას და ცვლილებებს კი საერთოდ არ ვეწინააღმდეგები. ხანდახან არაა აუცილებელი იმით დავკმაყოფილდეთ, რაც თავში გვაქვს, ამიტომ სულ ძიებაა საჭირო.
რა პრინციპით ხელმძღვანელობ, როდესაც დამკვეთთან იწყებთ მუშაობას? რა არის ის საკითხები/კითხვები, რომელსაც კლიენტთან პირველი შეხვედრისას აუცილებლად სვამ/არკვევ?
პირველ შეხვედრაზე აუცილებლად ვარკვევ რა მოთხოვნები აქვს კლიენტს. აუცილებელია ვიცოდე, რა შედეგი უნდა რომ მიიღოს.
თუ ობიექტი საცხოვრებელი სახლია, ვსვამ ისეთ კითხვებს, რომ რაც შეიძლება უკეთ გავიცნო ადამიანი ემოციების დონეზე. რა უყვარს, რა აღიზიანებს, როგორი ხასიათი აქვს, სად მოგზაურობს, როგორ რესტორანში ვახშმობს, რა არის მისი ჰობი, რა აქტივობებს მიმართავს სახლში და ასე შემდეგ.
თუ ობიექტი საჯარო სივრცეა, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო უშუალოდ მათ სერვისზე, თანამშრომლებზე და მათ ფუნქციებზე. მნიშვნელოვანია გავიგო, რა ხდის მათ მუშაობას პროდუქტიულს, კონცეტრაცია სჭირდებათ, სოციალიზაციის/იდეების გაცვლის ხელშეწყობა, სისწრაფე თუ დეტალებზე აქცენტი. ინტერიერს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის მუშაობაზე.
გაიხსენე სილამაზის სალონის პროექტი, რომელიც საჯარო სივრცის ინტერიერის დიზაინის შექმნის შენი პირველი გამოცდილება იყო. რით ის განსხვავდება საცხოვრებელი პროექტებისგან?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საჯარო სივრცის კეთებისას უნდა გაითვალისწინო არა ერთის და ორის, არამედ ბევრი ადამიანის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში
ობიექტის განახლება იყო მიზანი და არა სრულად შეცვლა. დამკვეთმა სრული თავისუფლება მომცა. ობიექტს უკვე ჰყავდა ერთგული მომხმარებელი, მაგრამ რეკონსტრუქციის შედეგად დამკვეთს სურდა უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესებულიყო ამ დაწესებულებით.
ინტერიერში შემოვიტანე ხის მასალა, თბილი ფერადი ტონებით კი უფრო გავაცოცხლე იქაურობა. მინდოდა, იქ შესულ მომხმარებელს თავი უფრო კარგად და სასიამოვნოდ ეგრძნო. მთავარი აქცენტი ერთ კედელზე გაკეთდა, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად ხელით მოვხატე. დამკვეთმა და ობიექტმა ასევე საშუალება მომცა გამეკეთებინა ვიტრინა და მასზე მემუშავა. მოვიფიქრე მარტივი მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ვიტრინაში განთავსებული დიზაინი ყოველ სეზონზე შეიცვალოს.
ეს ბინა შენი ბოლო პროექტია, რომელიც კეთების პროცესშია. როგორია დამკვეთის სურვილები? გაქვს თუ არა უკვე წარმოდგენილი, როგორი იქნება მთლიანი სახლის დიზაინი?
პროექტი ოთხსულიანი ოჯახისთვის მზადდება. დამკვეთს სურს, სახლი რაც შეიძლება ნათელი, თბილი და მყუდრო გამოვიდეს. ჩემი ყურადღებაც ისეთ დეტალებზეა გამახვილებული, რომლებიც შესაბამის შედეგს მომცემს.
მოლოდინი საკმაოდ კარგი მაქვს, რადგან დამკვეთი სრულ თავისუფლებას მაძლევს. ვფიქრობ, პროექტი მაშინ გამოდის კარგი, როცა დიზაინერსა და დამკვეთს შორის სრული ურთიერთნდობაა. მთლიანი სახლის დიზაინიც უკვე კარგად მაქვს წარმოდგენილი და ერთი სული მაქვს, დასრულებული პროექტი რაც შეიძლება მალე ვიხილო.
შენი შემოქმედება მრავალ განხრას მოიცავს, რომელი გამოცდილება იყო ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო შენთვის?
ინტერიერის დიზაინის გარდა პროდუქტის, ვიტრინებისა და ინსტალაციების დიზაინს ვაკეთებ. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც თბილისის პანტომიმის თეატრმა თავისუფალი კონკურსი გამოაცხადა ვიტრინების დიზაინისთვის. მათი სურვილი იყო თანამედროვე ინსტალაცია გაკეთებულიყო, რომელსაც თეატრის იდენტობაც ექნებოდა. კონკურსში გავიმარჯვე და ვიტრინებზე მუშაობა დავიწყე. გავაკეთე თაბაშირის ფერადი ხელების ინსტალაცია, რომელმაც ბევრი გამვლელის ყურადღება მიიპყრო. მასზე მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება იყო.
მინდა ჩემი DODO DESIGNS-ში მუშაობის გამოცდილებაც ვახსენო. აქ ნამდვილად ძალიან ბევრ, სხვადასხვა განხრის პროექტში ვიყავი ჩართული, ყოველი მათგანი კი ერთმანეთზე საინტერესო იყო. ძალიან სასიამოვნოა პროცესი, როცა უკვე კარგად ჩამოყალიბებულ და განვითარებულ დიზაინერს უყურებ და აკვირდები რას, რატომ და როგორ აკეთებს.
ბევრი ადამიანი ინტერიერის დიზაინის კეთებას ამ კუთხით განათლების მიღების გარეშე იწყებს, რადგან თვლის, რომ კარგი გემოვნება აქვს. როგორ ფიქრობ, გარკვეული განათლების მიღების გარეშე ამ საქმის კეთება რამდენად მართებული ან ხარისხიანი შეიძლება იყოს?
ვიზუალური ესთეტიკის თანდაყოლილ აღქმას განათლებით გამოკვება სჭირდება. მხოლოდ ასე პოულობ შენს უნიკალურ ხასიათს და მისი კარგად გამოხატვის ხერხებს. არის სტანდარტები, ხედვა, ზოგადი ინფორმაცია, ისტორია და სხვა მრავალი რამ, რომლის შესწავლაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გემოვნების ქონა.
უნივერსიტეტში, ჩვენი ლექტორის, ნია მგალობლიშვილის ინტერიერის დიზაინის სტუდიაში, უნდა შეგვექმნა სათამაშო სივრცე, რომელიც შენ ქართულ მოტივებზე მოარგე და ვირტუალური ქართული სუფრა შექმენი, სადაც მონაწილეებს ქართული ბანქოს თამაში შეეძლოთ. საიდან მოგივიდა ამ სივრცის იდეა? მოგვიყევი ასევე სამუშაო პროცესზე.
ამ გამოფენისთვის უნდა შემექმნა ინტერიერი, რომელიც რაიმე თამაშზე იქნებოდა დაფუძნებული. ჩემი მთლიანი ნამუშევარი და გამოფენის ინსტალაცია გვანცა გელოვანის მიერ შექმნილი ქართული ბანქოს, “ულალას” ინსპირაციით შეიქმნა. “ულალა” არის ქართულ მოტივებზე შექმნილი ბანქო. მასზე გამოსახულია ტრადიციული დეტალები, რომლებიც ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია და ქართველთა ხასიათს სრულად გამოხატავს. ეს პროექტი ემსახურება თანამედროვეობის და ტრადიციულის შერწყმას, მის პრაქტიკულ გამოყენებაში გადმოტანას და სუფრის ტრადიციების თანამედროვე სახით აღდგენას.
მე შევქმენი ინტერიერი, რომელშიც მრავლად იყო გამოყენებული ქართული და ევროპული დეტალები. ინტერიერში მთავარ როლს გაშლილი სუფრა წარმოადგენდა, სადაც თქვენ ფერად მწვადს, ხინკალს და ყანწებს შეხვდებოდით. დამთვალიერებელს შეეძლო რეალურად არსებულ სუფრასთან დაჯდომით და VR-სათვალის გაკეთებით, ვირტუალურ “ულალა” სუფრაზე მოხვედრილიყო.
დაბოლოს, რას აკეთებ დღეს? რა სამომავლო გეგმები და მიზნები გაქვს?
ამჟამად ერთდროულად რამდენიმე პროექტზე და სადიპლომო ნამუშევარზე ვმუშაობ. ასევე ვთანამშრომლობ სარეკლამო სააგენტო “მოზაიკასთან” და ბევრ საინტერესო პროექტს ვამზადებ მათთან ერთად. უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებ, რის შემდეგაც მეტ პროექტზე შევძლებ მუშაობას. მინდა მეტი პრაქტიკული გამოცდილება მივიღო როგორც ინტერიერის, ისე პროდუქტის, ვიტრინებისა და ინსტალაციების დიზაინის განხრით.
ინტერვიუს ბოლოს კი მინდა თამარის ის ნამუშევრები გაჩვენოთ, რომლებიც VA[A]DS-ის ხატვის სტუდიაში მუშაობისას შეიქმნა. მის ნამუშევრებში ყოველთვის ფიგურირებს სარემონტო მასალები, იქნება ეს თაბაშირ-მუყაო, კაფელი თუ პიგმენტიანი ცემენტი.