fbpx

ახალი კვლევის მიხედვით, პირბადის ტარებაზე უარს ნარცისები და ფსიქოპათები ამბობენ


გააზიარე სტატია


ავტორი: ენდრიუ ვალენი

რა კავშირია პიროვნულ თვისებებსა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს შორის? მკვლევრებმა დაადგინეს, რომ “ბნელი ტრიადის” თვისებების მქონე ადამიანები – ნარცისები, ფსიქოპათები და მაკიაველური ინდივიდები – ნაკლებად ითვალისწინებენ პანდემიის შეზღუდვებს, მაგალითად, როგორიცაა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

 

ამ თემაზე ჩატარებული ორი კვლევა, რომლის ფარგლებშიც პოლონეთში ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, აკადემიურ ჟურნალ Personality and Individual Differences-ში გამოქვეყნდა.  მკვლევრებმა მარტის მეორე ნახევარში 18-დან 78 წლამდე ასაკის მოსახლეობა გამოკითხეს და დადგინდა, რომ “ბნელი ტრიადის” თვისებების მქონე ადამიანები უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ საკვების მომარაგებას, თუმცა ნაკლებად მიმართავდნენ პრევენციულ ზომებს. 

ისინი თვლიდნენ, რომ ვირუსის მიმართ ძალიან მგრძნობიარე იყვნენ, შესაბამისად,  საკუთარი მოქმედებების ეფექტურობის დიდად არ სჯეროდათ – მათ არ ჰქონდათ სურვილი, რომ ხელები ხშირად დაებანათ ან სახლიდან გასვლის ლიმიტი დაეწესებინათ. “ეს ადამიანები პრევენციის უარყოფით ასპექტებს აქცევდნენ ყურადღებას და არ განიხილავდნენ სარგებელს”, – განაცხადეს მკვლევრებმა. “ბნელი ტრიადის” ადამიანები იმპულსურები, წინდაუხედავები  და რისკიანები არიან – მათი თვისებები ცუდ ჯანმრთელობასა და  ხანმოკლე  სიცოცხლის განაპირობებს. 

იმავე აკადემიურ ჟურნალში მსგავსი თემატიკის მეორე კვლევა ივნისში გამოქვეყნდა, რომელსაც ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენელი მარკინ ზაჯენკოვსკი სამ კოლეგასთან ერთად ხელმძღვანელობდა. კვლევა აპრილის ბოლო ორ კვირაში ჩატარდა და სულ 18-დან 80 წლამდე 263 ადამიანი გამოიკითხა. შედეგები ზუსტად იგივე იყო – პრევენციული ზომების დაცვა ნაკლებად შეინიშნებოდა “ბნელი ტრიადის” ადამიანებში, ვიდრე “დიდი ხუთეულის” პიროვნული მახასიათებლების (ექსტრავერსია, კეთილსინდისიერება, ნევროტიზმი, ღიაობა, თანხმობისთვის მზაობა) მქონე ადამიანებში. ამასთან, სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით დადგინდა, რომ შესაბამისი ზომების მიღებაში  სიტუაციის ინდივიდუალური აღქმა უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ზოგადი პიროვნული მახასიათებლები. 

“შესაძლებელია სხვა ინდივიდუალური განსხვავებები უფრო საყურადღებო იყოს. მაგალითად, ადამიანები განათლებითა და ზოგადი სამედიცინო ცოდნით განსხვავდებიან, სხვადასხვანაირად აღიქვამენ რისკებს, ან უბრალოდ უნდობლობას უცხადებენ მთავრობას – ეს ყველაფერი გავლენას ახდენს პანდემიის შეზღუდვების დაცვის სურვილზე. გარდა ამისა, სოციალური ფასეულობები, ფუნდამენტური მოტივები და მორალური საფუძვლებიც განსხვავდება”,  – განაცხადეს მკვლევრებმა.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ “ბნელი ტრიადის” პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები სავარაუდოდ ნაკლებად იცავენ წესებს, ეს არ გვაძლევს ზუსტი დასკვნის გაკეთების საშუალებას და მხოლოდ მათ ვერ დავადანაშაულებთ ამ საკითხში.

 

ორიგინალი: https://www.newsweek.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.