“იქ, სადაც ბრწყინვალება იღვრება” – ინტერვიუ სალომე დუმბაძესთან
ავტორი: ანა გაბილაია
სალომე დუმბაძე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ჩანს ქართულ სახელოვნებო სივრცეში. დამოუკიდებლად იმისაგან, თუ რა მედიუმში ასრულებს ნამუშევრებს, მისი ესთეტიკა უნიკალური და, შესაბამისად, ადვილად საცნობია.
სულ ცოტა ხნის წინ გალერეა 4710-ში გაიხსნა სალომეს პერსონალური გამოფენა – “იქ, სადაც ბრწყინვალება იღვრება”. გამოფენის ნახვა, გალერეასთან შეთანხმებით, ზაფხულის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. გთავაზობთ ინტერვიუს არტისტთან.
სალომე, შენი მიმდინარე გამოფენა გალერეა 4710-ში ჩვენს საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს ეხმიანება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ თემაზე მუშაობ. მოგვიყევი შენი გამოფენის კონცეფციაზე და, ზოგადად, შენს დამოკიდებულებაზე ამ თემის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ თავს კონცეპტუალურ ხელოვანად არ ვთვლი, საკუთარ შემოქმედებაზე დაკვირვებამ მიმახვედრა, რომ ჩემს ნამუშევრებში ხშირად წამყვანი სწორედ ის იდეებია, რაზეც იმ პერიოდში ვფიქრობ ხოლმე. როდესაც 4710-ში მოვედი სამუშაოდ, აქტიურად ვფიქრობდი გენდერული ნიშნით გაჩენილ სტერეოტიპებზე, რაზეც მანამდეც არაერთი კითხვა გამჩენია. ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ გენდერული იდენტობის აღქმა მხოლოდ ორნაირი შეიძლება იყოს და იმის მიხედვით, გოგო ხარ თუ ბიჭი, პატარაობიდან ზუსტად გვაქვს განსაზღვრული ინტერესის სფეროები და ისიც კი, თუ რა ფერის ტანსაცმელი უნდა გვეცვას. წლების მატებასთან ერთად ეს შეზღუდვები გაუგებარ აკრძალვებად იქცევა.
ეს თემა ძალიან ვრცელია და შესაბამის კომპლექსურ მიდგომასა და კვლევას საჭიროებს. ჩემი გამოფენა ამ შემთხვევაში პასიური შფოთვის გამოხატვითა და უბრალოდ კითხვის დასმით შემოიფარგლება: მართლა მომწონს ვარდისფერი ფერი თუ სოციუმის ნაკარნახებს ვიმეორებ?
ვიტყოდი, რომ ექსპოზიცია უფრო ილუსტრაცია/ვიზუალიზაციაა პერსონალური გამოცდილებებისა, რომლებიც უკვე შემდგომ განგებ არის ჩემ მიერ “გაზვიადებული” და ამ კონკრეტულ ესთეტიკაზე მორგებული. დაახლოებით ისევე, როგორც ანიმეში გვხვდება განზრახ დიდთვალებიანი პერსონაჟები, აქაც სპეციალურად არის ხაზგასმული მასალა, შინაარსი, ფორმა და ვარდისფერი ფერი. ეს არის იმ გამოცდილებების ესთეტურ ჭრილში დანახვის მცდელობა, რომელიც ფემინური იდენტობის ჩამოყალიბებასა და მის ტრანზიციასაც მოიცავს თავის თავში.
მიუხედავად იმისა, რომ ფერწერა შენს მთავარ მედიუმად ითვლება, შემოქმედების დიდი ნაწილი ექსპერიმენტებსაც მოიცავს ახალი მასალებით. მაგალითისთვის მახსენდება შენი სოლო შოუ პატარა გალერეაში, შენი და ლადო ლომიტაშვილის კოლაბორაცია Oxygen Tbilisi No Fair-ზე 2019 წელს. მოგვიყევი, როგორია შენი დამოკიდებულება მედიუმებისა და მასალების მიმართ?
ადრეული გამოცდილებისგან განსხვავებით, ბოლო წლებია დამაინტერესა სივრცეში მუშაობამ, მაინტერესებს ჩემთვის ახალ ფორმებსა და მასალებზე ექსპერიმენტიც. ალბათ ამიტომაც, ჩემს ბოლო ნამუშევრებში ფერწერა უფრო მთლიანის ნაწილად მოიაზრებოდა, ვიდრე წამყვან მედიუმად.
4710-ში მიმდინარე გამოფენაში სწორედ მასალა არის დომინანტი ფაქტორი, რაც პირდაპირ ეხმიანება თანამედროვეობას, მასპროდუქციას და ხელმისაწვდომობას. თავისი ფაქტურით და ფერით, თვითონ მასალამ მიკარნახა ფორმებიც.
ზოგადად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამთვალიერებლებისა და ნამუშევრების ინტერაქცია. მომწონს, როცა ჩემს ნამუშევრებს ხელით ეხებიან, აინტერესებთ მასალის ფაქტურა, სიმძიმე, და ა.შ. რატომღაც, ისინი მაყურებელში ხშირად იწვევს ჩაკბეჩის სურვილსაც.
ძალიან მიხარია, რომ დამთვალიერებლებთან ურთიერთობაში გაჩნდა ექსპოზიციის სრულიად ახალი შრეები, ახალი ინტერპრეტაციები. განსაკუთრებით მომეწონა ერთი დამთვალიერებლის ხედვა, რომელმაც მთლიანობა დაინახა, როგორც მეტამორფოზა, ძველი ტელეფონის ფორმა დაკარგულ სიხშირედ აღიქვა, ხოლო პეპლები, რომელიც ხაზად დაჰყვება სივრცეს, ერთგვარ ჩარჩოდ, რაც ხაზს უსვამს დავიწყების შიშს.
გამოფენაზე წარმოდგენილია ათამდე ნამუშევარი, რომელთაგან თითოეულს თავისი, თანაბარი ადგილი აქვს ექსპოზიციაში და რომელთა მთლიანობაც თითქოს ერთ დიდ ნამუშევარს ქმნის. ეს არაერთმა დამთვალიერებელმაც აღნიშნა. როგორი იყო სივრცეში ექსპოზიციაზე მუშაობის პროცესი?
სივრცეში მუშაობა, თავისთავად, ძალიან საინტერესო პროცესია: დაკვირვება, თუ როგორ იცვლება ობიექტების აღქმა გარემოსთან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებით, მასშტაბებითა და ფორმებით თამაში, გარემოს დინამიკისა თუ სტატიკისთვის ფეხის აწყობა და სივრცის ბოლომდე ათვისება მისივე პროპორციულობიდან, ხასიათიდან და ფორმებიდან გამომდინარე.
თავიდანვე სივრცის რენდერი გავაკეთე, რომელიც ვიდეოშია გამოყენებული და ვეცადე განმესაზღვრა თითოეული დეტალი, რომელიც, საბოლოოდ, ერთიანად უნდა წაკითხულიყო. ეს არის სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრების დინამიკა, რომელსაც დამთვალიერებელი უნდა გაჰყვეს.
ამ დინამიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუსიკა, რომელზეც ლუკა ჩხაიძემ იმუშავა. სივრცეში ხმა ისეა განთავსებული, რომ სამ სხვადასხვა კუთხეში, ყურის სიმაღლეზე დაკიდებული დინამიკებიდან გამოსული ხმები ერთმანეთს ხვდება და რაღაც მომენტში მთლიანდება.
გამოფენა პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე უნდა გახსნილიყო, მაგრამ გადაიდო, როგორც ყველაფერი. კარანტინის დამთავრების შემდეგ მუშაობის აღდგენა ცოტა გამიჭირდა, რადგან ამდენი დროის მერე თითქმის ყველაფრის შეცვლა მინდოდა. საბოლოოდ, მცირეოდენი ცვლილების მერე, დავტოვე, რაც მანამდე იყო.
ბოლო კითხვა ტრადიციულია ყველა რესპოდენტისთვის. რას ფიქრობ ქართულ თანამედროვე სახელოვნებო სივრცეზე, რა მოგწონს და შენი აზრით, რა აკლია მას?
მგონია, რომ პროცესები ინტუიციურად ვითარდება, იმიტომ რომ მარტო ინდივიდების თვითგანვითარებაზე დგას. ნაკლებობაა ჯანსაღი კრიტიკის და გაბედული ნაბიჯების, რაც თავისთავში გულისხმობს გარემოს და არსებული რესურსების მეტად ათვისებას. არანაირი წყარო არ არსებობს, რაც თეორიულ ცოდნას გასცემს. დასავლურ ინსტიტუციურ მოდელზე მორგებას არ ვისურვებდი, პირიქით, მგონია, რომ ცოდნის გაღრმავებაზე, ჩვენივე ლოკალურ სივრცეში თანხვედრაზე უნდა ვიფიქროთ, მთავარი აქცენტები ცოდნისა და გამოცდილებების ურთიერთგაცვლაზე უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს ლოკალური სივრცის წინსვლას, თუნდაც ბოლო პერიოდში.
ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პორტალების არსებობა, როგორც CCA (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი) იყო.
ბოლო დროს გაჩნდა გალერეები და რეზიდენციები, რომლებიც არალოკალური ხელოვანების და თეორეტიკოსების ჩამოყვანას ახერხებენ. ზოგადად, არა მხოლოდ სახელოვნებო სივრცეში, იმედია, რომ სამომავლოდ ბევრი ემიგრანტი ჩამოვა. შეიძლება ახალგაზრდული ნაივურობაა იმედიანად ყოფნა, მაგრამ მგონია, რომ მთლად უშანსოდ არ არის ლოკალური სახელოვნებო სცენა.