კარგი საკემპინგე ადგილები საქართველოში
ზაფხულში მოგზაურობისას თუკი იმდენი კომფორტი არ გჭირდებათ, რასაც მხოლოდ სასტუმროში დარჩენა გულისხმობს და არც იმისთვის ხართ მზად, რომ დამოუკიდებლად დაგეგმოთ ყველაფერი, რაც კარვით მოგზაურობისთვის არის საჭირო, იდეალური გამოსავალია, იპოვოთ საკემპინგე ადგილი, სადაც გარკვეული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ, ბუნებასთანაც ახლოს იქნებით და ფინანსურადაც უფრო ხელსაყრელი არჩევანი გამოგივათ.
მაშ ასე –
საქართველოში არსებული საკემპინგე სივრცეები:
ბანაკი ყუროზე
მოიცავს როგორც ჰოსტელს, ასევე საკემპინგე სივრცეს კარვებით. შესაძლებელია თქვენი კარვით მისვლა და მხოლოდ სივრცის გამოყენება. ბანაკის ტერიტორიაზე კარვების გარდა განთავსებულია ფრენბურთის მოედანი და კაფე-ბარი.
ყუროს ბანაკი სტეფანწმინდაში მდებარეობს და თუკი მას ესტუმრებით, შეძლებთ დატკბეთ დარიალის ხეობის, მდინარე ჩხერის ხეობის, გერგეტის სამებისა და მყინვარწვერის ხედებით.
კემპინგი ჩირდილი
პირაქეთა ხევსურეთში, ჩირდილის ხეობაში მდებარე კემპინგი ერთდროულად ღამის გათევის და კვების საშუალებას იძლევა. ჯგუფების შემთხვევაში შესაძლოა ისარგებლოთ ფასდაკლებითაც.
კემპინგი აღვი
ლეჩხუმში მდებარეობს და საკმაოდ დიდ სივრცეზეა განთავსებული. აქ შესაძლებელია როგორც საკუთარი კარვით მოსვლა, ასევე დაქირავება. კემპინგის ტერიტორიაზე განთავსებულია სველი წერტილები, საშხაპეები და საკვები ობიექტები. ბანაკი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზეა განთავსებული, რაც თევზაობის მოყვარულებისთვის დამატებითი სარგებელია.
zeta Camp
ჯუთაში მდებარე კემპინგი ერთდროულად სასტუმროს, გასაქირავებელ კარვებს და საკემპინგე სივრცეს მოიცავს, სადაც შესაძლებელია საკუთარი კარვით დაბანაკებაც.
GeoCamp Black Sea
ქობულეთის სანაპიროზე არსებული საკემპინგე სივრცეა, სადაც ღია ინტერნეტი, საუზმე, პარკინგის ადგილი და საბავშვო გასართობები გელოდებათ. აქვეა საოჯახო ნომრები და ნებადართულია ცხოველებით სტუმრობა.
პანკისის კემპინგი
ხადორის ხეობაში, ხადორის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს და აქ სტუმრობის შემთხვევაში შეძლებთ როგორც კარვებით და კვებით სარგებლობას, ასევე საცხენოსნო ტურის მოწყობასაც.
ფარავნის ბანაკი
ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან სტუმრებს ბანაკი აგვისტოდან ელოდება. აქ დაბანაკებისას შესაძლებელია თევზაობა, ჩიტებზე დაკვირვება და მეზობელი სოფლების დათვალიერება.
კემპინგ სივრცეები შესაძლოა დაცულ ტერიტორიებზეც აღმოაჩინოთ; მთავარი უპირატესობა, რაც საკემპინგე ადგილებში გაჩერებას აქვს, კვების პერსპექტივა და მეტი უსაფრთხოებაა. თუმცა გახსოვდეთ, რომ გამგზავრებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ის ადგილი, სადაც წასვლას გადაწყვეტთ და დასვით კითხვები ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები ან უსიამოვნო მოულოდნელობები მოგზაურობისას.