fbpx

რა დაგიჯდებათ გურიაში დასვენება?


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ კერესელიძე

დასავლეთ საქართველოში მდებარე ულამაზესი მხარე გურია უძველესი ისტორიითა და მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. ეს ის ადგილია, რომელიც თითქმის ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვისაა მიმზიდველი – აქ შეხვდებით მინერალურ წყლებს, ალპურ მთებს, კულტურულ ძეგლებს, ტყეებსა და ქვიშიან სანაპიროებს.

გურიაში ერთ დღეს შეიძლება შეკვეთილის ულამაზეს სანაპიროზე მცხუნვარე მზითა და ზღვით დატკბეთ, მეორე დღეს კი სუსხიან და მაღალმთიან გომისმთაზე მოხვდეთ, საიდანაც საუცხოო ხედი იშლება. 

თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ, სად გინდათ დასვენება, მაშინ AT.ge წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც არდადეგების დაგეგმვაში აუცილებლად დაგეხმარებათ – რა დაგიჯდებათ გურიაში დასვენება?


შეკვეთილი

  • მანძილი თბილისიდან შეკვეთილამდე: 341 კმ
  • სავალი დრო: 5 საათი და 30 წუთი (მანქანით)

შეკვეთილი ზღვისპირა კლიმატური კურორტია, რომელიც მაგნეტიტური ქვიშის პლაჟით, კრისტალურად სუფთა წყლითა და ფიჭვნარიანი სანაპიროთი გამოირჩევა. ზღვის სიღრმე საკმაოდ დაბალია, ამიტომ კურორტი ბავშვებისთვისაც კომფორტულია. სეზონი მაისში იხსნება და ოქტომბრამდე გრძელდება. 

გურიის სანაპიროზე დამსვენებლებს სხვადასხვა ტიპისა და ღირებულების მომსახურება ელოდებათ. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა შეკვეთილი“ მაღალი სტანდარტების მომსახურებასა და კომფორტს გვთავაზობს. სტანდარტული ორკაციანი ნომრის ფასი 270 $-დან იწყება, ღირებულებაში კი საუზმე შედის. სამჯერადი კვება არ აქვთ, თუმცა საღამოს შეგიძლიათ გემრიელად ივახშმოთ, ეს მომსახურება კი ერთი ადამიანისთვის 77 ლარი ღირს. სასტუმრო გთავაზობთ როგორც  მშვიდ, საოჯახო ტიპის დასვენებას, ასევე შესაბამის სივრცეებს საქმიანი თუ გასართობი შეხვედრებისა და  ღონისძიებებისთვის. 

თუ შედარებით ხელმისაწვდომ ვარიანტს ეძებთ, მაშინ შეგიძლიათ ან საოჯახო სასტუმროში დაისვენოთ, ან კოტეჯები იქირაოთ. უძრავი ქონების ვებგვერდების მიხედვით, საოჯახო სასტუმროში დასვენება ერთი ადამიანისთვის ერთ ღამეზე 50-200 ლარის ფარგლებში მერყეობს, მთლიანი კოტეჯის დაქირავება კი ერთი ღამით 100-300 ლარი დაგიჯდებათ, თუმცა ის დაახლოებით 5-8 ადამიანზეა გათვლილი და შედარებით შეღავათიანია, რადგან ფასი მოცემულია მთლიან კოტეჯზე და არა ადამიანზე.

 

გომისმთა

  • მანძილი თბილისიდან გომისმთამდე: 353 კმ 
  • სავალი დრო: 6 საათი და 30 წუთი (მანქანით)

თუ გარესამყაროსგან მოწყვეტა გსურთ, მაშინ ღრუბლებისა და ნისლების სამეფოში – გომისმთაში უნდა წახვიდეთ. მაღალმთიანი კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრამდე მერყეობს. როგორც კი შემაღლებულ გორაზე მოხვდებით, თქვენ წინ დაუვიწყარი ხედი გადაიშლება – მთების უსასრულო განლაგება და ღრუბლები,  ჩამავალი მზის ყურება კი იმდენად საოცარია, რომ ამ მომენტში მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროთ, რომ წამი დაიჭიროთ და სამუდამოდ დაიმახსოვროთ.

სამწუხაროდ, კურორტზე ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, ჯერ კიდევ არსებობს ელექტრომომარაგებისა და წყალგაყვანილობის პრობლემა. გომისმთის კოტეჯებში ხშირად სველი წერტილებიც არ აქვთ, აქ ვერ შეხვდებით ვერც აფთიაქს, ვერც მაღაზიებს და ვერც გასართობ სივრცეებს. გირჩევთ, რომ თუ კურორტზე დასვენებას გადაწყვეტთ, წინასწარ ყველაფერი მოიმარაგოთ, ცივილიზაციას მოწყდეთ და უბრალოდ დატკბეთ საოცარი ბუნებით. 

რაც შეეხება ტრანსპორტს – გომისმთისკენ თბილისიდან პირდაპირი მიმართულებით არცერთი სამარშრუტო ტაქსი არ გადის, თუმცა შეგიძლიათ ჯერ ოზურგეთში ჩახვიდეთ და იქიდან ჩვეულებრივი ტაქსი დაიქირაოთ, ან ავტოსტოპით ისარგებლოთ (ოზურგეთიდან გომისმთამდე მანძილი 33 კმ-ია). გზა მოწესრიგებული არ არის, თუმცა პირადი მანქანით ასვლას შეძლებთ. 

კოტეჯები დღიურად ერთ ადამიანზე 15-30 ლარი დაგიჯდებათ. ჩვენ ერთ-ერთ მფლობელს დავუკავშირდით, რომლის ინფორმაციითაც კოტეჯი აღჭურვილია შემდეგი ინვენტარით: ცივი წყალი, სამზარეულო, 8 საწოლი, გაზქურა. დღიური ფასი 20 ლარია, დამატებითი ინფორმაციისთვის კი გადადით ლინკზე.

 

ბახმარო  

  • მანძილი თბილისიდან ბახმარომდე: 349 კმ
  • სავალი დრო:  5 საათი და 45 წთ. (მანქანით)

გურიის კიდევ ერთი მთის კურორტი ბახმაროა, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის  საოცარ გარემოში. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულშია,  ფასები კი საკმაოდ მაღალია: კოტეჯების ქირაობა 20-30 დღით 400 ლარიდან იწყება და ათასობით ლარამდე ადის. კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას და ძირითად შემთხვევებში წყალგაყვანილობა არ არის, ამიტომ წყლის მოტანა წყაროდან მოგიწევთ. დამატებითი ინფორმაციისთვის გაწევრიანდით ფეისბუქის ჯგუფში.

 

კოლხეთის ეროვნული პარკი  

კოლხეთის ეროვნულ პარკის მონახულება წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდი ადრეული გაზაფხული და შემოდგომაა. პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სანაოსნო ტურებს, სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და საგანმანათლებლო ეკოტურებს სთავაზობს.  

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ: 

  • კარავი – 10 ლარი;  
  • საკარვე ადგილი – 5 ლარი;
  • საკემპინგე ადგილი ავტომობილებისთვის – 15 ლარი; ყოველ დამატებით ადამიანზე – 5 ლარი
  • საპიკნიკე (პატარა) – 1 დღე – 30 ლარი;
  • საპიკნიკე (ბუნგალოს ტიპის) – 1 დღე – 50 ლარი;
  • საპიკნიკე (დიდი) – 1 დღე – 60;
  • ტური კატერით მდ. ჭურიაზე – 100 ლარი;
  • ღამისთევა მდ. ფიჩორის ხეობაში არსებულ კოტეჯში – 1 დღე – 120 ლარი; 
  • კაიაკით გასეირნება ოქროს ტბაზე – ერთადგილიანი – 10 ლარი; ორადგილიანი – 15 ლარი. 
  • ნიჩბიანი ნავით გასეირნება ანაკლიაზე (ჭურიის უბანი): 1-3 ადამიანზე – 20 ლარი.        

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.