რელიგია პოსტაპოკალიფსურ ანიმეში, ანუ „ახალი საუკუნის სახარება“
ავტორი: თამუნა გეფერიძე
მეთექვსმეტე საუკუნის შუა პერიოდში ამომავალი მზის ქვეყანაში პირველად ჩნდება ქრისტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რელიგია შინტოიზმისა და ბუდიზმის მიმდევრებში მალე ვრცელდება და ყურადღებას იქცევს, ინტერესი მის მიმართ ასევე ძალიან სწრაფად ქრება, მცირდება, რაღაც პერიოდი საერთოდ იკრძალება და თანამედროვეობაში სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს კულტურაში, ქრისტიანების რიცხვი კი ქვეყნის მოსახლეობის ერთ პროცენტსაც არ აღწევს.
შინტოისტური ტაძრის მომლოცველები ბუდისტურ ფილოსოფიასაც იცნობენ და ქრისტიანულ დღესასწაულებსაც აღნიშნავენ. მათთვის ალბათ ხშირ შემთხვევაში მიუღებელი და გაუგებარია, რატომ უნდა ექცეოდეს რწმენა ჩარჩოებში და იზღუდებოდეს მხოლოდ ერთი რელიგიით. ასეთივე დამოკიდებულება იგრძნობა ხელოვნებაშიც.
ანიმეების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სიუჟეტი პოსტაპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, რაც ბუდიზმისათვის ნაკლებად დამახასიათებელი თემაა, ისევე როგორც საკუთარ ბედისწერასთან ბრძოლა. ანიმეში კი პერსონაჟები, ასევე წესები და კანონებიც ქრისტიანულ სიმბოლიზმს ემორჩილებიან.
„მედჰაუსის“ ანიმაციებში ხშირად შეამჩნევთ ეკლესიებს, ჯვრებს, ბიბლიას, სანთლებს, ისინი უმეტესად დადებითი გმირების თანმხლები ატრიბუტებია, ხოლო ანტაგონისტებთან ახლოს სამი ექვსიანიც კი შეიძლება შეამჩნიოთ, რაც სიმბოლურად მათ ბუნებასა და ზრახვებს გამოხატავს. მაგრამ 1995 წელს გამოსულ ჰიდეაკი ანოს ანიმეში – Neon Genesis Evangelion პერსონაჟების ამოსაცნობად არა მხოლოდ მარტივი სიმბოლიკაა გამოყენებული, სიუჟეტი მთლიანად ძველი და ახალი აღთქმის მოტივებზეა დაფუძნებული.
ევანგელიონი პოსტაპოკალიფსური, მექა ჟანრის ანიმეა, რთული, ღრმა ფსიქოლოგიური ნარატივით. აქ რთულია კეთილისა და ბოროტის, შავისა და თეთრის გარჩევა, ყველაფერი ბიბლიური აპოკალიფსისაკენ მიემართება და გიჭირს გარჩევა ვინაა მართალი – კაცურაგი მისატო, რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში გულზე დაკიდებულ ჯვარს ებღაუჭება და ბოლოს ცდილობს სამყაროს აღსასრულის შეჩერებას, თუ იკარი გენდო, რომელიც ამ დიადი საქმის აღსასრულებლად ერთადერთ და საყვარელ ვაჟს სწირავს, რაც ასევე ერთგვარი ბიბლიური პარალელია ბიბლიასთან.
ერთი შეხედვით წარმოუდგენელია მომავლის ქალაქში, ტოკიო-3-ში, გიგანტური რობოტების ბრძოლის ყურებისას რელიგიური სიმბოლოების ამოკითხვა, მაგრამ ამ უზარმაზარ მექანიზმებს „ევას“ უწოდებენ და ისინი პირველი ანგელოზის, ადამის მიხედვით არიან შექმნილნი. ანიმეში ასევე ნახავთ „ლონგინოზის მახვილს“, „ლილიტს“, „ჯვარცმას“ და ყველაფერს – ცნობილსა და უცნობს – ჩვენთვის კარგად ნაცნობი რელიგიური მრწამსიდან. ევანგელიონის საბოლოო არსისა და ფინალის გაგებაში მხოლოდ ამ საკითხში ღრმა ცოდნა თუ დაგეხმარებათ, რადგან მის გარეშე მხოლოდ რობოტების ბრძოლა და პერსონაჟების მძიმე ფსიქოლოგიური ყოფა რჩება სანახაობად.
„და მოვა ანგელოზი, ბნელეთის ქორი, ცოდვილი, შავი ცხვრების მბრძანებელი, თეთრი, ბრმა ცხვრების მეფე, რომელიც სათავეს დაუდებს წყვდიადის ხანას“ – ანიმე “ბერსერკში”, რომელიც ბნელი ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება და არა მხოლოდ ბიბლიური, არამედ სხვა მრავალი რელიგიური სიმბოლიკითაა გაჟღენთილი, იგივე წინააღმდეგობას ვეჩეხებით (სადაც რთულია გაარჩიო მართალი და მცდარი. ბოროტი და კეთილი, თეთრი და შავი), მაგრამ ვითარება არა ჩვენს მომავალ სამყაროში, არამედ სულ სხვა, კენტარო მიურას გამოგონილ მიწაზე, მიდლენდში ხდება.
“ბერსერკში” ყველანაირი რწმენა თავდაყირა დგება, მიუხედავად იმისა, რომ აქაც მარტივი, კეთილისა და ბოროტის ბრძოლის კონცეფცია მოქმედებს. უბრალოდ ღმერთი, რომელიც ამ სამყაროს მართავს, „ბოროტების იდეად“ არის წარმოდგენილი და უკვე ვეღარ ხვდები ვინ არის მხსნელი – მუდამ თეთრებში გამოწყობილი, გაიდეალიზებული, „უკეთესი“ სამყაროსათვის ყველაფერზე წამსვლელი გრიფიტი თუ შავი, დაწყევლილი აბჯრის მატარებელი, მხეცად წოდებული გათსი? ვის უნდა მიჰყვნენ უბრალო ცხვრები?
შეიძლება ეს იაპონიის მხრიდან უბრალოდ მარკეტინგული ხერხი იყოს დასავლეთის მაყურებლის მოსაზიდად, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ ბევრად მეტი იციან დასავლურ რელიგიაზე, ვიდრე ჩვენ, ვინც ამ რწმენას მივდევთ და შესანიშნავად იყენებენ ცოდნას სამანიპულაციოდ და ახალ სიცოცხლეს სძენენ მას ანიმესა და მანგაში.