fbpx

“ხელოვნებამ უნდა გვაჩვენოს ის, რის დანახვაც არ გვსურს” – ინტერვიუ დავით კუხალაშვილთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაბელაია


დავით კუხალაშვილი (1984) ქართველი მხატვარია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 2005-2009 წლებში ის სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გიორგი კევლიშვილის ვიზუალური ხელოვნების სახელოსნოში, თუმცა მას უარი უთხრეს დიპლომის აღებაზე. 

ამჟამად არტისტი თანამშრომლობს “დედიკას გალერეასთან” (Dédicace Gallery) და მუშაობს ამავე გალერეის სარეზიდენციო სივრცეში. მისი ნამუშევრები ადვილად გამოირჩევა როგორც  უნიკალური ხელწერით, ასევე წინ წამოწეული სოციალური და პოლიტიკური თემატიკით, რომელიც ფეხდაფეხ მიჰყვება საქართველოს უახლეს ისტორიას. 

 

დავით, შენს ნამუშევრებში ხშირად ხაზს უსვამ კაპიტალიზმის მანკიერებებს და მის შედეგად არსებულ სოციალურ უთანასწორობას, ზომიერი ცინიზმით “აშარჟებ” პოლიტიკურ მოვლენებს. შეიძლება ითქვას, ეს თემები წამყვანია შენს შემოქმედებაში. შეგიძლია ამაზე გვესაუბრო?

სოციალურ თემა თავისთავად შემოვიდა ჩემს ნამუშევრებში. ეს არის ბუნებრივი რეაქცია იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩემს ირგვლივ ხდება. სოციალური უთანასწორობა არსებობდა ყოველთვის. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მაღალგანვითარებულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სოციალური უთანასწორობის მხრივ მაინც არაფერი შეცვლილა. ალბათ, პრიმიტიული აზროვნების კვალი ჯერ კიდევ შემორჩენილია ადამიანში. ვფიქრობ, დღევანდელი მოქმედი სისტემა უფრო და უფრო აღრმავებს უთანასწორობას საზოგადოებაში, მათ განსხვავებულ კლასებად დაყოფაში. სისტემა ან მთლიანად საზოგადოება, მუდმივად ცდილობს მიგითითოს შენს არასრულფასოვნებაზე და ხოლო იმისთვის, რომ გახდე საზოგადოების მიღებული წევრი, მათივე შექმნილ ხატებს უნდა დაემსგავსო.

 

სწორედ თემატიკის გამო შენი ნამუშევრები ყოველთვის აქტუალურია და დროს შეესაბამება. საინტერესოა, როგორია შენი მუშაობის პროცესი კონკრეტულ მოვლენაზე პროტესტის შეგრძნებიდან ნამუშევრის დასრულებამდე? 

მუშაობას ვიწყებ წერით. ერთ კონკრეტულ ნამუშევარზე ვწერ დეტალურად – დაწყებული იდეიდან, დამთავრებული მასალით. წერის პროცესში ბევრი რამ იცვლება, აკლდება და ემატება ახალი დეტალები. ერთ თემაზე ვაკეთებ რამდენიმე ჩანაწერს, შემდეგ ვირჩევ ერთს და ვიწყებ მის ვიზუალურ რეალიზაციას. ხატვის პროცესშიც, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცვლება. თავიდან, როცა ხატვა დავიწყე, ყველაზე ხელმისაწვდომი საპრეზეტანციო სივრცე ინტერნეტი იყო და მეც ვეცადე ამ სივრცისთვის მომერგო ჩემი ნამუშევრები. უმეტესწილად, სწორედ  ამან განსაზღვრა მათი ვიზუალური მხარე. 

 

როგორ ფიქრობ, როგორია ხელოვანის და, ზოგადად, ხელოვნების როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და ახლავს თუ არა ამ პროფესიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ?

ალბათ კონკრეტული დანიშნულება – რა და ვისთვის უნდა აკეთოს – არც ხელოვნებას აქვს და, შესაბამისად, არც ხელოვანს. სწორედ ამ თავისუფალი სივრცის გამო  უფრო მეტი ადამიანი მისდევს ხელოვნებას. თუმცა, მე ვემხრობი იმ აზრს, რომ  ხელოვნებამ უნდა აჩვენოს საზოგადოებას ის, რის დანახვაც მას არ სურს. ზოგადად, ხელოვნება,  რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ვიტყოდი, რომ ალბათ ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა კინემატოგრაფიას შეუძლია, იმიტომ რომ მასში ხელოვნების  ყველა მიმართულება იყრის თავს.

 

შენ ხარ ჯგუფ , ON/OFF-ის  წევრი, რომელიც ამჟამად “დედიკას გალერეასთან” თანამშრომლობს. მოგვიყევი ამ ჯგუფის შესახებ, როგორ აღმოჩნდით ერთად და რა არის  ჯგუფის საერთო ხაზი? 

ექვსი წლის განმავლობაში ათამდე მხატვარი ვმუშაობდით კინოსტუდიის სახელოსნოებში. შენობის რეაბილიტაციის გამო მოგვიწია სახელოსნოების დატოვება  და ამ დროს “დედიკას გალერეამ” რამდენიმე მხატვარს შემოგვთავაზა სამუშაო სივრცე. ამასთან, ჩამოვყალიბდით როგორც ჯგუფი on/off. ჯგუფის ხუთივე წევრს გვაერთიანებს სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე რეაქცია და ეს აისახება კიდეც ჩვენს ნამუშევრებში.

 

ცნობილია, რომ აქტიურად იღებდი მონაწილეობას გერმანიაში გამართულ საერთაშორისო არტ პროექტებსა თუ ჯგუფურ გამოფენებში, მათ შორის აღსანიშნავია ლაიფციგის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამა, ჯგუფური გამოფენები შტუტგარდსა და ბერლინში, საინტერესოა რა გამოცდილება შეიძინე საზვარგარეთ და რაზე მუშაობ ახლა?

გერმანიაში ყოფნისას ტექნიკურად საკმაოდ განვვითარდი, რადგან მიხდებოდა მუშაობა სხვადასხვა მასალაში, ვკონტაქტობდი კურატორებთან და კოლექციონერებთან რომლებმაც ჩემი ნამუშევრები შეიძინეს, ისინი დღემდე იფინება სხვადასხვა გამოფენებზე. ჩემი ნამუშევრები ასევე დაცულია კერძო კოლექციებში. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე ძველი ნამუშევრის აღდგენაზე, რომლებიც გამოფენილი იყო ტომას მენზენის გალერეაში, ქალაქ ფრანკფურტში, გერმანიაში. სამწუხაროდ, გალერეაში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა ჩემი ორმოცი ნამუშევარი. ამასთან ერთად, ვმუშაობ პროექტზე, რომელიც შედგება ათი დიდი ზომის ნამუშევრისგან, რომელთა გამოფენა დაგეგმილია დედიკას გალერეაში 2021 წლის მარტში.

 


რას ფიქრობ თანამედროვე ქართულ არტ სცენაზე? რა მოგწონს და შენი აზრით, რა აკლია მას?

ქართული სახელოვნებო სივრცე, ვფიქრობ, განვითარების პროცესშია. ძალიან კარგია, რომ იხსნება ახალი გალერეები, რომლებიც ინტერესდებიან ახალგაზრდა ხელოვანებით. თუმცა, ზოგადად, ხარისხი მაინც დაბალია – განათლება ამ სფეროში ძალიან სუსტია. ჩემი აზრით, საქართველოში სახელოვნებო სივრცეს რადიკალური ცვლილებების გარეშე განვითარება გაუჭირდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.