დღეს: კინორეჟისორ გიორგი დანელიას დაბადებიდან 90 წელი შესრულდა
2020 წლის 25 აგვისტოს კინორეჟისორ გიორგი დანელიას დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. დანელია თბილისში, ინჟინერ ნიკოლოზ დანელიას და კინორეჟისორ მერი ანჯაფარიძის ოჯახში დაიბადა. ძალიან მალე დანელიები საცხოვრებლად რუსეთში გადავიდნენ. მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გიორგი დანელია არქიტექტორადაც მუშაობდა. სწორედ არქიტექტურული განათლება და გამოცდილება დაეხმარა მას რეჟისორულ საქმიანობაში.
“მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რიტმით იწყება, პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და როგორც ჩანს, ამ კვალის წაშლა შეუძლებელია”. – გიორგი დანელია
რამდენიმე წლის შემდეგ დანელიამ “მოსფილმის” უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა, მიხეილ კალატოზოვის კლასში. 1959 წელს კი “მოსფილმის” სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა.
დანელიას პირველი წარმატებული ფილმი “სერიოჟა” (1960) იყო, რომელიც “ბროლის გლობუსით” დაჯილდოვდა.
“სერიოჟა” (1960)
შემდეგი ფილმი იყო “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (1963), რომელშიც ნიკიტა მიხალკოვი მონაწილეობდა.
“დავდივარ მოსკოვის ქუჩებში” (1963)
გიორგი დანელიას კომედია “33” (1965) კაგებე-ს (სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) მეთაურმა ვლადიმერ სემიჩასტნიმ ანტისაბჭოურად მიიჩნია. “33” არის მცდელობა დააკნინოს ყველაფერი, კოსმონავტის ფრენის ჩათვლით…” – ამის შემდეგ გიორგი დანელიას რამდენიმე წლის განმავლობაში არაფერი გადაუღია. 4 წლის შემდეგ კი მუშაობა დაიწყო ფილმზე – “არ დაიდარდო” (1969).
„არ დაიდარდო“ – კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმია, რომელიც კლოდ ტილიეს რომანის, „ჩემი ბიძია ბენჟამენის“ ტექსტს ეფუძნება.
„როცა „მოსფილმის“ სამხატვრო საბჭოს ვაბარებდი „არ დაიდარდოს“, დამავალეს დამეწერა, რომ მოქმედება ხდება გასულ საუკუნეში. რატომ? ეს ხომ ისედაც აშკარაა, შევეპასუხე მე. საზღვარგარეთისთვის, იქ ვერ გაიგებენო, მიპასუხეს.
ასეთი ტიტრის დაწერა არ მინდოდა. ამიტომ დავიყოლიე მიხეილ რომი, რომლის ხმა ძალიან მომწონდა, ეს ფრაზა კადრს მიღმა ეთქვა.
„ეს იყო გასული საუკუნის მიწურულს კრამიტით დახურულ პატარა ქალაქში. შესაძლოა, არც იყო… არა, ალბათ, უფრო იყო… დიახ, ნამდვილად იყო“, – ისმის კადრს მიღმა ჩემი მასწავლებლის ხმა ფილმის დასაწყისში. ვისარგებლებ ამ ფრაზით: „რაც დაწერილია ამ წიგნში, თავს გადამხდა გასულ საუკუნეში. იქნება და არც არაფერი ყოფილა…“- იხსენებდა დანელია ავტობიოგრაფიულ წიგნში “უბილეთო მგზავრი”.
“არ დაიდარდო” (1969)
„მიმინო“ რეჟისორმა გიორგი დანელიამ კინოსტუდია „მოსფილმში“ 1977 წელს გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი ასრულებენ. საბჭოთა პერიოდის ამ კომედიამ 1977 წელს ოქროს პრემია მიიღო მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
„მიმინო“ (1977)
წარმატებული აღმოჩნდა დანელიას სხვა კომედიებიც: “იღბლიანი ჯენტლმენები” (1972), “აფონია” (1975).
“იღბლიანი ჯენტლმენები” (1972)
“აფონია” (1975)
“ჯერ ერთი, ის არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, იმათთვისაც კი, ვინც კარგად იცნობს და მეორე – ის უბრალოდ კეთილი ადამიანია: მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს”. – ევგენი ლეონოვი
გიორგი დანელიას განსაკუთრებით “არ დაიდარდო” და “შემოდგომის მარათონი” მოსწონდა. “ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც, ჩემი აზრით, “გამომივიდა”: “არ დაიდარდო” და “შემოდგომის მარათონი”. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ მათში მეტი აღმოჩენაა.
საუკეთესო სცენარი კი ალბათ “იღბლიანი ჯენტლმენები” იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე, მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ ყველა რეკორდი “აფონიამ” მოხსნა, ხოლო წარმატების მარათონი “მიმინომ” აჩვენა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ოთხი ტირაჟი და უამრავი ჩვენება ტელევიზიით”.
“შემოდგომის მარათონი” (1979)
გიორგი დანელიას 1990 წელს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
რეჟისორი 2019 წლის 4 აპრილს, 88 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.
ავტორი: ანი ქისტაური