ეს ბანქო ქართულ ნაციონალურ მოტივებზეა შექმნილი
კარანტინში ცხოვრება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, არიან ადამიანები, რომლებსაც სამსახურისგან „თავისუფლება“ და ს რამდენიმე თვე სახლში ყოფნა კრეატიული იდეების განხორციელებაში დაეხმარა.
მათ შორის არიან დიზაინერები მარინა სარქისიანი და გიორგი ბიბილეიშვილი, რომლებმაც ერთმანეთი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლის დროს გაიცნეს და ერთობლივად საკმაოდ საინტერესო პროექტზეც იმუშავეს.
დიზაინერებმა ქართულ ნაციონალურ მოტივებზე არც მეტი, არც ნაკლები ბანქო შექმნეს.
“ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში სწავლისას მარინა სარქისიანი გავიცანი, რომელიც გრაფიკულ დიზაინზე სწავლობდა.
პანდემიის დროს მოგვივიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ბანქო ქართულ ნაციონალურ მოტივებზე, რომელიც არა მხოლოდ სათამაშოდ გამოდგებოდა, არამედ ინფორმაციულიც იქნებოდა.
ყველასათვის ცნობილი და გამოჩენილი ქართველები ავარჩიეთ, რამდენადაც პროექტის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზებაა“, – ამბობს გიორგი AT.ge-სთან საუბრისას.
ის დასტის სისტემის შესახებაც გვიყვება და ამბობს, რომ ილუსტრაციებზე ცნობილი ქართველი მწერლებისა და მეფეების სახეებია წარმოდგენილი, ჯოკერის ბანქოზე კი პეტრე ოცხელის ნახატია გამოსახული.
ქართულ მოტივებზე შექმნილი ბანქო ჯერ არ იყიდება, თუმცა დიზაინერები მის გამოშვებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.
პროექტის სრულად ნახვა შეგიძლიათ ლინკზე https://www.behance.net/gallery/102202751/Georgian-National-Cards